მაღაზიებს და კორპუსებს შეწირული სკვერები
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფრომაციით, 2012–2014 წლებში ქალაქში არსებული 32 სკვერია (ნაწილი) გაიჯარებული. მოიჯარეები მერიას ადგილმდებარეობისა და ფართის მიხედით, სხვადასხვა საიჯარო ქირას უხდიან, რაც ჯამში წლიურად 81 250 ლარ შეადგენს. ერთი მეტრი მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა 3 - 12 ლარამდე მერყეობს.
გასხვისებული სკვერების უმეტესობა აღნაგობის უფლებით არის გაცემული, რაც მოიჯარეს სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას აძლევს. მას შეუძლია სკვერს იერსახე სასურველი ობიექტით შეუცვალოს, აღნიშნული ობიექტები, ძირითადად, სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენენ.
ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი „ჯაჭვის ხიდის“ მიმდებარედ, ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სკვერია, რომელიც 2013 წელს 20 წლით შპს „გეგი “–ზე გასხვისდა. როგორც მაშინ საუბრობდნენ, კომპანიის უკან ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე იდგა. ბრადებას თევდორაძე უსაფუძვლოს უწოდებდა. ტერიტორია კი აღნაგობის უფლებით და სკვერის დარჩენილი ნაწილის მოვლა–პატრონობის პირობით გასხვისდა. ადგილზე მინის შენობა უნდა აშენებულიყო. როგორც გასულ წელს კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, კომპანია უჩვეულოდ ლამაზი შენობის აშენებას და ამ შენობით, არა თუ ქუთაისელების, არამედ, ტურისტების გაოცებასაც კი მოახერხებდნენ. ამ დროისთვის სკვერში აგებული ორივე ობიექტი, თურქული წარმოებისა და მეორადი ტანისამოსის მაღაზიას წარმოადგენს. ვიტრინებში გამოფენილი ტანისამოსი კი, არათუ უცხოელი სტუმრების ადგილობრივების გასაოცებლადაც არ კმარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტების მშენებლობის დაწყებამდე, რამდენიმე ძირი ნაძვის ხე საეჭვო ვითარებაში გახმა. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების პირობას, მეპატრონისგან აშკარად უგულებელყოფილია.
მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის დავით გოგრიჭიანის განცხადებით, 2015 წელს შპს „გეგი“ საპროექტო ნაწილში შესული უნებართვო ცვლილების გამო სასამართლომ დააჯარიმა და მერიის სასარგებლოდ თვეში დამატებით 500 ლარის გადახდა დააკისრა.
ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სკვერების გასხვისების წინააღმდეგია საკრებულოს „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ნატო ქათამაძე და აღნიშნავს, რომ წინა მთავრობის დროს გასხვისებულ ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვა არ უნდა იცემოდეს.
„სკვერებში მიმდინარეობს მშენებლობები და ამ მშენებლობების უკან ისევ და ისევ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულო წევრები, თუ მერიის ჩინოვნიკები დგანან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერი მოვახერხეთ იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მომხდარიყო და სკვერები არ დაემახინჯებინათ. აღარ ვსაუბრობ ილია ჭავჭავაძის სკვერზე, სადაც ძეგლის უკან რვასართული შენობა აშენდა. ჩემი ინფორმაციით, ეს შენობა პარლამენტარ გია თევდორაძეს ეკუთვნის. ეს არაა იშვიათი შემთხვევა, მსგავსი ფაქტი არაერთია. ამიტომ აღარ უნდა გასხვისდეს აღარც სკვერი და აღარც ტროტუარი. უნდა შევინარჩუნოთ ქალაქის იერსახე. მანკიერ ქმედებებს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ჩვენც თუ გავაგრძელებთ, ჩათვალეთ, რომ მოსახლეობა არ გვაპატიებს. რა თქმა უნდა, არსებობს მექანიზმი, რომლითაც გასხვისებულ სკვერში მშენებლობის შეჩერება შეიძლება. იყო შემთხვევა, რუსთაველის # 108-ში, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა ტერიტორია, სადაც ორსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმებოდა, რის შედეგადაც მოსახლოებას სადარბაზოში შესასვლელი აღარ რჩბოდა. ეს ტერიტორიაც გია თევდორაძესთან დაახლოებულ პირს, ვინმე კეკუტიას ჰქონდა შეძენილი, რომელმაც ხელისუფლების ცვლილების დროს მიწის ნაკვეთი სასწრაფოდ გაყიდა. ახალი მყიდველის „ალმა პლიუსის“ მფლობელი კი აცხადებდა, რომ მას როგორც მესაკუთრეს, მშენებლობის ნებართვა ჰქონდა. საკრებულომ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა და ისევ რუსთაველის გამზირზე სკვერის ნაწილი მიასხვისა. მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც იგივე პოზიციაზე ვრჩები. სკვერების გასხვისება უნდა შეწყდეს, რადგან ეს ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და აზიანებს რეკრეაციულ ზონებს,“–აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ რეკრეაციული ზონების გასხვისება აღარ ხდება. აღნიშნავენ, ქალაქის მერმა სკვერების გასხვისების შეჩერება მოითხოვა.
„ახალი გაზეთისათვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მერის მოთხოვნის შესაბამისად, 2014 წელს მხოლოდ სკვერის 6 მეტრი გასხვისდა, რაც მოიჯარეს კიბის დასამონტაჟებლად სჭირდებოდა. გასხვისება არა, მაგრამ გასხვისებულ სკვერებში სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა კი გრძელდება.
გასხვისებული 32 სკვერიდან 4 საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური, მართლმადიდებლური ეკლესიის, ქუთათელ –გაენათელ მიტროტოლიტს, მეუფე კალისტრატეს 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით უსასყიდლოდ გადაეცა. სკვერებში ეკლესიების მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, სამუშოები ფინანსების არარსებობის გამო შეჩერებულია.
გარდა გასხვისებული სკვერებისა,ქალაქში კიდევ 37 სკვერია, რომელთა მოვლა-პატრონობას თვითმმართველობა უზრუნველყოფს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ამ სკვერების მოვლისათვის ბიუჯეტიდან 265000 ლარია გამოყოფილი. მოვლა–პატრონობაში ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება, აპრილ–მაისში გათიბვა, ყვავილების დარგვა, მორწყვა და დარგული ხეების შეღებვა შედის. ბასილაძის განცხადებით, სკვერების ნაწილს, რაც მცირე ზომისაა და კორპუსების სიახლოვეს არის, მოსახლეობა უვლის. თუმცა რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოსახლეობა საკუთარ ვალდებულებას, ამაზე ქალაქის მასშტაბით არსებული მცირე ზომის სკვერები მეტყველებს.
არადა ქალაქის რეკრეაციულ ზონას, ძირითადად, ბაღები და სკვერები წარმოადგენენ. საერთაშორისო სტანდარტებით, ქუთაისში ერთ სულ მოსახლეზე 25 კვ. მეტრი გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისში არსებული მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. გაანგარიშებით დადგინდა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 11 კვ.მეტრი ფართობი მწვანე საფარი მოდის. რასაც არცთუ მცირე რაოდენობის ავტომობილთა გამონაბოლქვი ემატება, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. ქუთაისში არსებული გამწვანება, დაახლოებით, 60-70 წლის არის, მას შემდეგ კი ქალაქის მწვანე ზოლი არ გაზრდილა, რაც მძიმედ აისახება როგორც ჰაერზე, ასევე – კლიმატზე. არახალია, რომ გამწვანებას, ესთეტიურობასთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის გამწვანების დაგეგმვა დიზაინერ-არქიტექტორის მითითებებით მოხდეს, მაგრამ ქუთაისში არ არსებობს გამწვანების შესაბამისი სამსახური. ქალაქის გამწვანების ღონისძიება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გაზონების გათიბვითა და მცენარეების დარგვით შემოიფარგლება, რასაც, ხშირ შემთხვევაში, არც თუ ხეირიანად ართმევს თავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი