|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში არასოდეს მიგრძვნია თავი დევნილად "

    ქუთაისში "აისორებს"  ბევრი ადამიანი იცნობს,  თუმცა მათი წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ  ცოტამ იცის. "ნიუპრესის"  სტუმარია მარინა იონანიძე, რომელიც თავისი ხალხის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.   

   ქუთაისში ყველასთვის ცნობილია ექიმები მარინა და ნინო იონანიძეები,  რომელსაც ქუთაისში "აისორებად" მოიხსენიებენ. "აისორები" ძირითადად დამწვრობის სამკურნალო მალამოებს ამზადებენ, რასაც უნიკალური შედეგი მოაქვს.  როგორც ცნობილია, რეცეპტი  დიდმა  ბებიამ მის შვილს ასწავლა, შვილმა შვილს და ასე  შთამომავლობას  გადმოეცა ეს განძი. რა თქმა უნდა, რეცეპტის შემადგენლობას საიდუმლოდ ინახავენ.

 მარინა ქუთაისში მცხოვრები ასირიელია, საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მისი წინაპრები სიირიიდან დევნილები  არიან, რომლებმაც თურქეთს შეაფარეს თავი, სარწმუნოების გამო მისი წინაპრები დიდ ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ბოლოს მისმა დიდმა ბებია-ბაბუამ  დაიხსნეს თავი და თურქეთიდან გამოქცეულები საქართველოს შეეფარნენ.

" ტყვეობიდან რომ იხსნიდნენ თავს, მამაჩემის მამიდამ 90-მდე თურქი ხანჯლით  აკუწა. წარმოიდგინეთ, ქალმა რამდენი მოახერხა.  ბოლოს როგორც იქნა საქართველოში ვიპოვეთ სიმშვიდე. ქედს ვიხდი საქართველოს წინაშე,  აქ არასდროს მიგვრძვნია თავი დევნილად, განდეგილად,  არც სკოლაში, არც სტუდენტობაში,  არც სამსახურში. არ არსებობს სხვა ქვეყანა უფრო საყვარელი, ვიდრე საქართველო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა აქ ვცხოვრობ. ყველგან სადაც  უნდა წავიდე, ვიტყვი, რომ საქართველო ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ძალიან თბილი და ერთგული ხალხის სამშოლოა.  დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში,  ჩემი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ.  ფაქტიურად, ჩვენი ფესვები    საქართველოშია. სარწმუნოება ერთი გვაქვს და რამ გაგვყო?!.

სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი წმინდა მიწაზე, სადაც არაბებთში მცხოვრები ასურელები ვნახე,  წამებში ახლობლები გავხდით  სრულიად უცხო ხალხი, მითუმეტეს,  არაბეთში გაზრდილებს, მაინც ის "არაბული მათრახი" რომ აქვთ მოხვედრილი, შიშში და დაძაბულობაში არიან. რომ ვუთხარი სირიელი, ასურელი  ვარ საქართველოდან, ორმაგად გაუხარდათ. მთელი დღე "ჯორჯიას" იძახდნენ", - გვიამბობს მარინა.

ის თავისი ერის ტკივილებზე  საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა ხალხმა სითბო და სიყვარული მხოლოდ საქართველოში იპოვა.  "როგორც ჩვენს ხალხს მოექცნენ, იგივეა, რომ   ადამიანს თითები  დააჭრა და  სხვადასხვა ძაღლს მისცე საჯიჯგნად... რთულია, ყოველთვის იმის მოლოდინში იყო,  იქნებ დედა გამოგიჩნდეს, იქნებ ვიღაცამ გულში ჩაგიკრას და მოგეფეროს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მხოლოდ   საქართველომ გააკეთა",-მადლიერებით აღნიშნავს  მარინა იონანიძე.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი