|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვახტანგ ბალავაძე: „ჩემი პირადი ამოცანაა, ვიბრძოლო ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნებისათვის“

იმერეთის ახალი გუბერნატორი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე რეგიონში გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს. ენერგეტიკის მინისტრობიდან გუბერნატორის პოსტზე გადმონაცვლებული ვახტაგ ბალავაძე რეგიონში ცვლილებებს როგორც სტრუქტურული, ასევე, საკადრო კუთხით აანონსებს.

საკადრო კუთხით პირველი ცვლილება სამხარეო ადმინისტრაციაში უკვე სახეზეა, ვიცე–გუბერნატორების სახით.

ბალავაძე, რომელიც  გუბერნატორის რანგში საქმიანობას 17 ოქტომბრიდან შეუდგა,  მე–6 და მე–7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004–2008/2008–2012 წწ)  დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით იქნა არჩეული. ვახტან ბალვაძეს მარტო 2011 წელს, პარლამენტის წევრობით, მიღებული აქვს 70 000  ლარამდე შემოსავალი.

ირჩევს თუ არა კომფორტს იმერეთის ახალი გუბერნატორი? ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია საკუთარ გუნდში სამუშაოდ და კიდევ რა ცვლილებს უნდა ველოდოთ რეგიონის ახალი ხელმძღვანელი პირისგან? რა გეგმებით და დაპირებით მოვიდა ახალი გუბერნატორი, როგორია მისი შეფასებები, გათვლები და მოლოდინები თვითმმართველობისა და მმართველობის კუთხით? – newpress.ge-ის ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებს იმერეთის რეგიონის ახალი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე პასუხობს.

        რა არის პირველი დავალება, რაც პრეზიდენტისგან მიიღეთ?

პირველი, მნიშვნელოვანი დავალება, არის ყველა იმ პროექტის ბოლომდე მიყვანა, რაც აქამდე ხორციელდებოდა და რც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა მუნიციპალიტეტებისა და  ქალაქის მართვის პროცესში. ვგეგმავთ, რომ გავაძლიეროთ ტერიტორიული ორგანოები; შეიქმნას გუბერნატროთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

        თქვენ, როგორც გუბერნატორი, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ–ერთ შტოს წარმოადგენთ. ასევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რჩებით ოპოზიციურ გუნდში. არსებულ პოლიტიკურ გარემოში,  როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის ფუნქცია გადავიდა მეორე პოლიტიკურ ჯგუფზე, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თანამშრომლობა  ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან,  სამინისტროებთან,  უწყებრივი დაქვემდებარების თვალსაზრისით?  როგორ გესახებათ მათთან ურთიერთობების „დალაგება“?

დიახ, პირველ რიგში, მე ვრჩები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ წევრად და ჩემი პოლიტიკური კუთვნილება არის ის, რომ მე მივეკუთვნები „ნაციონალურ მოძრაობას“.  რაც შეეხება დაქვემდებარებას, გუბერნატორი ამ შემთხვევაში არის პრეზიდენტის რწმუნებული. მაგრამ, თავის მხრივ თანამშრომლობა სამინისტროებთან აუცილებელია. პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. უბრალოდ, ცოტა მოგვიწევს ამის სწავლა და შეჩვევა.

        ეს ნიშნავს იმას, რომ იქნებით ოპონირების რეჟიმში?

ჩვენ ვიქნებით საქმის კეთების რეჟიმში. ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტისა და ხალხის წინაშე. მე არ ვუდგები საკითხს ისე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ  ჩასაფრებულის და წინააღმდეგობის რეჟიმში. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი.

        თუმცა, თუკი თქვენი ხედვა, თუნდაც ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას არ დაემთხვევა მმართველი გუნდის ხედვებს, ამ შემთხვევაში როგორ მოხდება თანამშრომლობა?

აქ უფრო მარტივად იქნება საქმე, რადგან დამთხვევაზე არ არის საუბარი.  ჩემი მთავარი იარაღი არის დარწმუნება და არგუმენტაცია ჩემი პოზიციის. პოლიტიკა არის ასეთი.

        დღევანდელი, არსებული სიტუაციით, ყველა საკრებულოში უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ელით თუ არა ტენდენციას, რომ პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, შეიქმნას ახალი ფრაქციები და ძალთა ბალანსი შეიცვალოს ისე, რომ უმრავლესობაში აღარ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“?

სამართლებრივად, ვერც ერთი მხრიდან ეჭვქვეშ ვერ დადგება ლეგიტიმაცია არსებული თვითმმართველობების. ისინი არიან არჩეული 4 წლით და შესაბამისად, მათ უნდა ამოწურონ განსაზღვრული ვადა. ამიტომ, ამ მხრივ, არაფერს არ ველოდები.

მაგრამ, არის მეორე გზა – ერთის მხრივ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა და  მეორეს მხრივ, მათზე განხორციელდეს გარკვეული ზეწოლა გადაბირების მიზნით.

თუმცა, ვერ ვხედავ იმ ტენდენციას, რომ ამან მიიღოს სერიოზული სახე. არ ველოდები, რომ ადგილობრივ დონეზე უმრავლესობა აღმოჩნდება უმცირესობაში.  ჩვენს გუნდში არ არის ბევრი ადამიანი, ვინც თავის პრინციპებს უღალატებს.

        ეს თქვენი პირადი მოსაზრებაა, თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული პირებისგან?

მე უკვე შევხვდი საკრებულოებსაც და გამგეობებსაც. ჩემი შეხვედრის მიზანი არ არის დავრწმუნდე იმაში, ვინმე აპირებს თუ არა გადასვლას სხვა პოლიტიკურ გუნდში. რასაც ვხედავ,  არის ის, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, რაც მოხდა ქვეყანაში და არ აღიქვამენ, რომ  რაიმე საგანგაშო ხდება. თვლიან, რომ არიან იმ პოლიტიკური გუნდის სრულფასოვანი წევრები, რომელშიც აქამდე იყვნენ.

        მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები?  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის, ხარაგაულის გამგებელთან მიმართებაში არსებობს ბრალდებები საბიუჯეტო თანხების გამოყენებისა და ფინანსური დოკუნეტაციების გატაცების თაობაზე?

მე უკვე მქონდა საუბარი როგორც მოქმედ გამგებლებთან, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებთან. ვიცი მათი შეხედულებები და ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები იქნება.

რაც შეეხება ხარაგაულის გამგებელს, მასთანაც მქონდა შეხვედრა. თუ ვინმე თვლის, რომ მის ქმედებაში რაიმე იყო არაკანონიერი, ამისთვის არსებობს სასამართლო.

        რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს  ადგილზე, ადმინისტრაციაში, უკვე ცნობილია, რომ შეიცვალა ვიცე–გუბერნატორები.  თანამდებობა დატოვა გიგა შუშანიამ და გიორგი აბესალაშვილმა.  ასევე, უკვე ცნობილია, რომ ერთ–ერთი ახალი ვიცე–გუბერნატორი  იქნება პარლამენტარი გოჩა თევდორაძე. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ახალი კადრები და რა გახდა ცვლილებების მიზეზი?

სამი მოადგილე მყავს. ორმა მათგანმა პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება, რაც დავაკმაყოფილე.

რაც შეეხება გოჩა თევდორაძეს, გიდასტურებთ. ოფიციალურად, ჯერ არ დანიშნულა, მაგრამ დინიშნება. მეორე კანდიდატურა არის ზაზა კიკნაველიძე. რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა  რეგიონებში ვიცე–გუბერნატორად  და რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება გუბერნიაში საქმიანობის. მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო რამდენად შეწევთ უნარი ამ ადამიანებს გააკეთონ  საქმე კარგად და ემსახურონ ხალხს. მეტი კრიტერიუმი ჩემთვის არ არსებობს და ამაში დარწმუნდებით, მინიმუმ ერთი წელი მოგვიწევს ურთიერთობა.

ასევე, ვფიქრობთ სტრუქტურულ რეფორმებზე, როგორც გუბერნიაში, ასევე ქუთაისის მერიაში. თუმცა, ამ ცვლილებებს ადგილზე არ მოჰყვება საკადრო ცვლილებები.

გუბერნიას რაც შეეხება,  მე ველოდები ახალი მთავრობის  პოლიტიკას როგორი იქნება, რადგან ადმინისტრაციაში არის ბევრი სამსახური, რომელიც შესაძლოა საერთოდ აღარ იყოს საჭირო.

        ქუთაისმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შვიდი მერი გამოიცვალა. ერთ–ერთი მერის, ბაკურ ბალანჩივაძის მცირე ხნით  თანადებობაზე ყოფნა მის მიერ ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას უკავშირდება. თავად, თქვენ, რა მანქანით მოძრაობთ?

ახალი მანქანების ყიდვას არ ვაპირებთ.

        თუმცა თქვენი სამსახურებრივი ავტომანქანაც ძვირადღირებულია. ის მერიამ 65 000 ლარად შეიძინა და შემდეგ გადასცა გუბერნატორს.

მე რა მანქანითაც დავდივარ, არ ეტყობა რომ 65 000 ლარიანია. მე როგორც ვიცი, გუბერნიას სხვა მანქანებიც გადმოეცა. სიმართლე რომ გითხრათ, არც მომიკითხია  ჯერ.  საერთოდ, მირჩევნია ფეხით სიარული, უფრო მეტის ნახვაა შესაძლებელი.

        რა არის მთავარი პრობლემა, რაც რეგიონში და ქუთაისში დაგხვდათ?

ქუთაისისთვის მთავარი პრობლემა არის წყალი, სანიაღვრე სისტემები, საბავშვო ბაღები, დასუფთავების საკითხი. აღმოჩნდა, რომ პრობლემურია მაწანწალა ძაღლების თემაც.

რაც შეეხება რეგიონს, ყველა სოფელს უნდა რომ ჰქონდეს საკუთარი სკოლა, ბაღი, ამბულატორია, გაზი, წყლის სისტემა იყოს მოწესრიგებული და ა.შ.

        ყველა ეს საკითხი არის მიმდინარე პროექტი, რომლებზეც გამოცხადებული იყო საპრეზიდენტო პროგრამა. რამდენად არის რისკის ქვეშ ეს პროგრამები? თუ პრეზიდენტის ფონდი შეძლებს ამ პროგრამების დაფინანსებას?

ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ბიუჯეტის ფორმირებაში საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვიტავს პარლამენტი. მათ უნდა აირჩიონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პრიორიტეტების გადახედვა მოხდება. თუმცა, რაც არის დაწყებული, ის უნდა დამთავრდეს.

        მათ შორის, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქუთაისის საპარლამენტო სტატუსი. როგორია თქვენი პროგნოზი?

მე დარწმუნებული  ვარ, რომ ამ საკითხს  ისინი ვერ მოერევიან და ვერ შეცვლიან. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არ იყო ჩვენი ახირება. ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა –  ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას. ეს არამარტო ქუთაისისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი რეგიონისთვის. აქედან გამომიდინარე, ჩემი პირადი ამოცანაა, ძალიან აქტიურად ვიბრძოლო იმისთვის, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს.

თუ ვინმე თვლის, რომ მისთვის არაკომფორტულია ერთი კვირა აქ იყოს და  150 კაციდან 88 თუ თვლის, რომ მათ კომფორტს უნდა გადავაყოლოთ მთელი რეგიონი, მე ასე არ ვთვლი  და კომფორტი როგორც ვიცი, აქ ბევრად უკეთესია.

– თქვენ იყავით ენერგეტიკის მინისტრი.  როგორ შეაფასებთ თქვენს მემკვიდრეს, კახა კალაძეს?

ამას დრო გვაჩვენებს. ერთი არის ადამიანის ფაქტორი, მეორე–  რა მიზნებისთვის მიდის ამ თანამდებობაზე.  ის ამოცანები, რაც მათ გააჟღერეს, საუბარია ტარიფების საგრძნობ შემცირებაზე, ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე, ამ გზით თუ ვივლით,  მერწმუნეთ, ნამდვილად ვერ იქნება წარმატებული მინისტრი. მე მოხარული ვიქნები, თუ ეს ყველაფერი გაკეთდა. მაგრამ, არსებობს შესაძლებლობების ზღვარი – ერთია სურვილი, მეორეა ამ ყველაფრის გაკეთება.

 

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ „ახალი გაზეთის“ მომდევნო ნომერში (ორშაბათი, 2012 წლის 29 ოქტომბერი). 

ავტორი: ია ბობოხიძე, თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა