|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„20 წელია, მიტოვებულ შენობაში ვცხოვრობ“

აფხაზეთიდან დევნილი მარინა კვასალია თავისი  ცხოვრების  ტრაგიკული მოვლენების შესახებ „ნიუპრესს“ უამბობს.   მისი  ქონების მიტაცებაში ის  ბრალს კვიციანების ოჯახს სდებს.

მარინა  კვასალიას ამ  დრომდე  არ მიუღია ბინა, რასაც უსამართლობად მიიჩნევს. სოციალურად დაუცველს გაუსაძლის პირობებში უწევს  ორი ობოლის გაზრდა.                                                                                                     

მარინა კვასალია დაიბადა და გაიზარდა  აფხაზეთში.   თვითონაც შეძლებულ ოჯახში ცხოვრობდა,  ცოლად  მეურნეობის დირექტორს  გაჰყვა. მათი ცხოვრება ომმა ძირ-ფესვიანად შეცვალა.  ქონება მათი უბედურების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. დღეს სრულიად  უქონელს, მთავრობის დახმარების იმედად უწევს ცხოვრება.

  როგორც თავად ყვება,  მანაც, სხვების მსგავსად, აფხაზეთი  1993 წლის 27 სექტემბერს დატოვა.  პირადი ნივთები, ძვირფასეულობა, ერთ მანქანაში მოათავსეს და  სვანეთის გზას გაუყვნენ. ამ დროს 3 თვის ფეხმძიმედ იყო.  გზად უამრავ გარდაცვლილ  და განადგურებულ ადამიანს ხვდებოდნენ.  იყო ტირილი, ყვირილი, ისმოდა  ტყვიათმფრქვევების ხმა,  რამაც  დიდი სტრესი მიაყენა. 

"მე,  ჩემმა მეუღლემ  და ნათესავებმა, როდესაც სვანეთში დარჩენა გადავწყვიტეთ, მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი საცხოვრებლიდან ძვირფასეულობა და საოჯახო ნივთები ერთ მანქანაში მოგვეთავსებინა. დავიქირავეთ მანქანა და სამი ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ძვირფასეულობით  დავტვირთეთ.  1000 დოლარი გადაგვახდევინეს,  ეს მანქანა  სვანეთში  რომ შემოგვეყვანა.  შეძლებული ოჯახიდან ვიყავი  და  ემზარ კვიციანმა ეს ძალიან კარგად იცოდა, რა ქონებასაც ვფლობდით. როდესაც მანქანა საჭირო ინვენტარით დავტვირთეთ,  ჩვენგან მოშორებით დავაყენეთ. მას ჩვენი ნათესავი იცავდა. მოგვიანებით დავინახე, ჩვენი ახლობელი გიჟივით მორბოდა, შეშინებული და არეული. სახეზე, სულ თეთრი იყო. რომ ვკითხე,  რა მოხდა,  დაბნეულმა მიპასუხა,  არაფერი, უბრალოდ მომშივდა და მოვედიო.  სახეზე იმდენად ფერმკრთალი იყო, დავეჭვდი და მანქანისკენ წავედი. მანქანა სახლიდან მოშორებით იდგა. დანიშნულ ადგილს, რომ მივუახლოვდი, დავინახე, როგორ ცლიდნენ მანქანას და გაჰქონდათ ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი ნივთები და  ძვირფასეულობა.  როდესაც ვკითხე: „რატომ აკეთებთ ამას?  ეს ჩემი ოჯახის ნივთებია და მის გადმოტანაში ფული გადავიხადეთ“...  ეს სიტყვა დავასრულე და უკნიდან ვიღაცამ  მძიმე საგანი ჩამარტყა თავში,  მაშინვე ძირს უგონოდ დავენარცხე.  

ამ დროს  ფეხმძიმედ ვიყავი. სანამ თავში  ჩამარტყამდნენ,  დავინახე,  მანქანას  როგორ ცლიდნენ  ნორა კვიციანის შვილი და კიდევ ოთხი პირი, რომლების სახელებს და გვარებს ვერ ვიხსენებ, თუმცა სახეზე ყველას ვიცნობ. 

დიდხანს ვეგდე  ძირს, საკუთარი სისხლის გუბეში, ბოლოს  თვითმფრინავიდან შემნიშნეს და  გადამიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, შვილი დავკარგე.  ჩემი მეუღლე სვანეთში დარჩა.  როდესაც უკეთ გავხდი, საავადმყოფოდან გამოქცევა მოვახერხე და იმ თვითმფრინავში დავიმალე,  საიდანაც დაჭრილები გადმოყავდათ. ბევრი წვალების შემდეგ,  როგორც იქნა, მოვახერხე სვანეთში დაბრუნება ჩემი მეუღლის მოსაძებნად. ვის არ ვთხოვე დახმარება, სად არ ვეძებდი. ბოლოს, როგორც იქნა, მივაკვლიე. დავინახე, როგორ ჰყავდათ ხეზე მიმბული ამხელა კაცი.  ერთ ქილა ოქროს ითხოვდა ბაჩუკი არღვლიანი (ნორა კვიციანის შვილი) გათავისუფლების სანაცვლოდ.  რა თქმა უნდა,  მოვიტანეთ ოქრო და ჩავაბარეთ, რათა გაეთავისუფლებინა ჩემი ქმარი.  ყველაზე ბოლოს დავტოვე სვანეთი. როდესაც ქუთაისში გადმომიყვანეს, ფეხშიშველი ვიდექი მერიასთან და ველოდებოდი თავშესაფარს.  მეუღლე სვანეთში დარჩა, არ წამომყვა, რადგან მისი მეგობრები ვერ მიატოვა.  თავშესაფრის მოლოდინში ჩემი ნათესავი გამოჩნდა და თავისთან წამიყვანა.  ამის შემდეგ,  რამდენიმე თვეში ჩამოვიდა მეუღლე, შეგვეძინა ორი შვილი. ერთ მიტოვებულ შენობაში შევსახლდით და დღემდე აქ ვცხოვრობ.  მეუღლეს , ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დაემართა და მალევე დაიღუპა.

ამ მძიმე ტრაგედიის  შემდეგ დამემართა ფსიქოლოგიური აშლილობა. დღემდე ვიღებ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.  ახლა მარტო ობლად ვზრდი  ორ ბიჭს, მიტოვებულ შენობაში- უმძიმეს პირობებში, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე და ვარ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში " , -  გვიყვება მარინა კვასალია.

 კვასალია ქუთაისში  მიტოვებულ შენობაშია შესახლებული და დღემდე ბინის მიღების მოლოდინშია. ბინა წინა წელს უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო განცხადების შევსება დააგვიანდა. როგორც თვითონ გვიყვება,    წელს განცხადება დროულად შეიტანა, თუმცა სიაში  ახლაც არ ეწერა. მარინა კვასალია  სასამართლოში  ჩივილს აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ბინები უსამართლოდ ნაწილდება.

"ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც უამრავი სახლი უკანონოდ აქვს მიღებული. შესაბამისი კომისია არაადეკვატურად ანაწილებს სახლებს. ამდენი ხანია,  ბინის მოლოდინში ვარ და ისევ უშედეგოდ",-აღნიშნა კვასალიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით "ახალი გაზეთი"   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტილვილთა სამინისროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს გიორგი სანთელაძეს   დაუკავშირდა.  სანთელაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს , რომ ლტოლვილთა სამინისტრო  ბინებს ქულების მიხედვით ანაწილებს. უპირატესობა ენიჭებათ, იმ ოჯახებს, ვინც არის შეჭირვებულნი და მათი  სოციალური მდგომარეობა ზღვარს ქვემოთა, ასევე თუ არის ოჯახში  შშმ მქონე პირი, ან მცირეწლოვანი ბაშვები.  პირველ რიგში, ასეთი ადამიანების დაკმაყოფილება ხდება. რა თქმა უნდა  გადაწყვეტილებას კომისია იღებს.

"იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს აქვს აღნიშნული პრობლემები, კომისიის შეფასების შემდეგ ის აუცილებლად მიიღებს ბინას. ამ მომენტში ყველა ერთდროულად ვერ დაკმაყოფილდება. შენდება სხვადასხვა ობიექტებზე ბინები და ნელ-ნელა მოხდება ყველა ოჯახის დაბინავება",-განაცხადა სანთელაძემ.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა