კონკურსი "ტორპედოს" ლოგოსა და სათამაშო ფორმის შექმნაზე
„ტორპედოს“ ლოგოსა და სათამაშო ფორმის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ტარდება. „საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისი“-ს იმიჯის სრულყოფისათვის, ასევე მისი სიმბოლიკის უნივერსალურობისა და ქალაქ ქუთაისის სიმბოლიკებთან იდენტურობის მიზნით ცხადდება კონკურსი ორ ნომინაციაში - საფეხბურთო კლუბის ახალი ლოგოტიპისა(ლოგოს) და გუნდის ძირითადი სათამაშო ფორმის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით. კონკურსის უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ესკიზები შეიქმნას ქალაქ ქუთაისის გერბისა და დროშის ფერების(ლურჯი, მწვანე და ოქროსფერი) შესაბამისად(ნიმუშისთვის იხილეთ ფოტო). ამასთან, კონკურსანტს შეუძლია, გამოიყენოს, როგორც კლუბის ამჟამინდელი, ასევე მანამდე შექმნილი ლოგოებიც, მხოლოდ ზემოხსენებული მოთხოვნის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცადებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით მიიღებს - 150 ლარს. საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა წარადგინონს, ან გააგზავნონ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის კანცელარიაში, მისამართი: აკ. ხორავას #1. ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - kutaisitorpedo1946@gmail.com. შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, კონკურსში მონაწილების მსურველებმა უნდა მიუთითონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
კონკურსის პირველი ეტაპი, ნამუშევრების მიღება, 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სპეციალურად შექმნილი კომისია თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს შეარჩევს, ხოლო მეორე ეტაპზე გამარჯვებულის გამოვლენა ღია გამოკითხვის გზით, კლუბის ოფიციალური საიტის ან “Facebook”-ის მეშვეობით მოხდება. მეორე ეტაპი 17-დან 23 ივლისამდე ჩატარდება.
ავტორი: ანა ჯიქია