|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ორწლიანი მმართველობა - მედიაგარემო

 „ნიუპრესი“ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ არასამთვრობო სექტორის მიერ შემუშავებულ კვლევას, რომელიც „ქართული ოცნების“ ორწლიან მმართველობას ეხება. კვლევაში მოხვდა მედიაგარემოს შეფასება. მასზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იმუშავა.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიაში პოლიტიზირების დონემ იკლო და მოსახლეობას უფრო მრავალფეროვან და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მედიისათვის საქმიანობის განხორციელებისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელისშეშლის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იკლო“, - აღნიშნულია კვლევის დასაწყისში.

კვლევაში მოხვდა მედიასაშუალებების მფლობელების ცვლილება - ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს უკან დაუბრუნდა ტელეკომპანია „იმედი”. კვლევაში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც  შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რაც მიზნად ისახავდა საბჭოს არჩევის  პლურალისტური წესების შემოღებას. არასამთვრობო ორგანიზაციამ  დადებითად შეფასა  ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდა მაუწყებელთა სავალდებული ტრანზიტის საკითხი და ავტორიზებული პირის უფლება, შესაბამისი პირობების დაცვით, მაუწყებელთა  ტრანსლირება განახორციელოს (Must Carry/Must Offer).  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იმ გამოწვევებზეც აკეთებს აქცენტს, რომლის წინაშეც, მათი აზრით, მედია დგას. აქვე საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევებზეც.

„ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა

ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად საჯაროდ აკრიტიკებენ ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო, რაც, შესაძლოა, მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობად შეფასდეს (თვალსაჩინო მაგალითია 2014 წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის კრიტიკა ჟურნალისტების მისამართით „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმის არგაშუქების გამო).

 ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა

„სამხრეთ კარიბჭისა” და „გურია ნიუსის” ჟურნალისტების მიმართაც. 2014 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „მაესტრო” წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს, რისი მიზეზიც მფლობელების მხრიდან ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევა გახდა“, - ნათქვამია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ახალი წესებით დაკომპლექტების პროცესში  მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ საუბრობს. მათ შორის იმაზეც, რომ  პარლამენტმა რამდენჯერმე არ მისცა ხმა უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, შედეგად, საბჭო 9 წევრის ნაცვლად 7 წევრით დაკომპლექტდა.“საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას ხელყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც(ე.წ. „ოდეერი”), რომელიც მაუწყებელში მუდმივად იმყოფება. ე.წ. „ოდეერი” კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაშიცაა წარმოდგენილი“, - აღნიშანავს  არასამთავრობო ორგანიზაცია. 

კვლევაში ნათქვამია, რომ  2014 წლის მაისში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ში ფარული ჩანაწერები აღმოაჩინეს. პროკურატურამ მალევე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა, საზოგადოებისთვის მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ ხელისუფლებას აღარ უცნობებია. „რამდენიმე დღის შემდეგ, „რუსთავი 2”-მა ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები გადასცა ეთერში. ამ შემთხვევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოსმენების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაცია რეიტინგების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ  2014 წლის გაზაფხულზე შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში”, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის. ინვენტარიზაციის

ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა კომპანიისგან კონფიდენციალური

ინფორმაციის გამჟღავნება მოითხოვა, რამაც კომპანიის საქმიანობას და მისდამი

ნდობას საფრთხე შეუქმნა. შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგა სარეკლამო ბაზრის

სტაბილურობა.  2014 წელს შეიცვალა სოციალური რეკლამის რეგულაცია და ამ მხრივ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი გაიზარდა. მაუწყებლებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები არა ერთხელ გამოთქვეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა ისინი გათვალისწიებული არ ყოფილა.  „მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროების უმრავლესობა ჩვენთვის უცნობი კრიტერიუმების საფუძველზე, საინფორმაციო სააგენტოებს აფინანსებს, მათ შორის „ინტერპრესსნიუსს“. ხშირია შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო სააგენტოები არ მიუთითებენ, კონკრეტული ინფორმაცია რეკლამა არის თუ არა.“, - ნათქვამია  კვლევაში.

არასამთავრობო სექტორი  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აფასებს. ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უკვე დაწყებულია. საქართველო ვალდებულია, 2015 წლის  1 აგვისტომზე გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს იძლევა. 

რეკომენდაციები

1. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ჟურნალისტებისა და მედიის კრიტიკისაგან, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ ამა თუ იმ ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა. მთავრობის კრიტიკული ტონი მედიის წარმომადგენლების მიმართ მიუღებელია და, შესაძლოა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეფასდეს.

2. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს მედიის საქმიანოაბაში ჩარევის

შემთხვევები, რომელთაც ადგილი ჰქონდა, როგორც ძველი ხელისუფლების, ასევე

„ქართული ოცნების“ პერიოდში.

3. ხელისუფლების ყველა შტომ უნდა უზრუნველყოს მედიის მაქსიმალური ჩართულობა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომლებიც უშუალოდ ეხება მედიას და მათ საქმიანობაზე აისახება.

4. ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროულ ვადებში დასასრულებლად. მან უნდა მოახდინოს საკუთარი საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია და პროაქტიურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ.

5. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაიწვიოს ე.წ. „ოდეერები” კომუნიკაციების

ეროვნული კომისიიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. შინაგან საქმეთა

სამინისტროს წარმომადგენლები ხელყოფენ ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, რაცსაქართველოს კანონმდებლობითაა გარანტირებული.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა