|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 ფრაზა, რომელიც ბავშვს აკომპლექსებს

 ფსიქოლოგები გვთავაზობენ იმ ფრაზათა ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე და მასში არასრულფასოვნების შეგრძენებას აღვივებენ.


1. "შენს ასაკში ფრიადოსანი ვიყავი“ 


დაბადებიდან 6 წლამდე, დედა და მამა ბავშვისთვის პრაქტიკულად ღმერთები არიან, რომლებმაც მის შესახებ ყველაფერი იციან და რომელთაც განადიდებენ. ისინი აყალიბებენ ბავშვის ურთიერთობებს სამყაროსთან და ერთმანეთთან. კონკრეტულად ამ ფრაზაში შეიძლება დავინახოთ მშობლის კონკურენცია ბავშვთან, იგი თითქოს ეუბნება მას: “შენ ჩემამდე ვერასდროს ვერ მოხვალ! როგორც არ უნდა ეცადო, ჩემზე უკეთესი ვერ გახდები“. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ასეთი მოწოდებით, მთელი ცხოვრება უმტკიცებენ მშობლებს, რომ კარგები არიან. რა თქმა უნდა, მსგავსი შეგონებებით ბავშვს უღვივებენ ნარციზის თვისებებს, რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ადამიანს მიზნის მიღწევაში. უბედურება ისაა, რომ ის მიზნისკენ მიემართება არა თავისი სურვილებისთვის, არამედ მშობლებისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს დაინახონ, რომ ის ღირსეული შვილია.


2. "ჩემი

 წიწილა, 

მაიმუნი, გოჭი...“


მშობლები რას აღარ ეძახიან მოფერებით თავის პატარებს. ამას მივყავართ პიროვნების გაუფასურებასთან, თითქოს ის არა პიროვნება, არამედ სათამაშოა, რომელსაც როგორც გვინდა ისე მოვექცევით. ადამიანის სახელი არის პრეზენტაცია სამყაროსათვის, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს პირველ ადგილზე. ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს სამყაროში და რამდენად დაფასებული იქნება ის. თუ ხშირად დაუძახებთ ბავშვს გამოგონილ სახელს, თქვენ დაუკარგავთ მას პიროვნების ნაწილს.


3. "ნახე, ქეთიმ ათიანი მიიღო, შენ კი - ცხრიანი...“


მშობლების უმრავლესობა ამას აკეთებს გამიზნულად, ოღონდ ბავშვში საპირისპიროს მიღწევის იმედით. ასეთ მშობლებს თავად ჰქონდათ მსგავსი არაერთხელ მოსმენილი თავიანთი მშობლებისაგან და ისინი ამბობენ: "არაფერია, მეც ასე მეუბნებოდნენ ჩემი მშობლები, მაგრამ ხომ გავიზარდე, ნახე როგორი შესანიშნავი ვარ..." მათ შეძლეს „დავიწყება“ იმისა, თუ როგორი მტკივნეული იყო მათთვის ამ ფრაზის არაერთხელ მოსმენა. ეს ძალიან მტკივნეული გამოცდილებაა, რაც მშობელმა არ უნდა გაიმეოროს თავისი შვილის შემთხვევაში. ის ქეთი მას აუცილებლად შესძულდება. ბავშვს არასდროს არ სიამოვნებს, როდესაც ადარებენ სხვას - თანაკლასელს, მეგობარს ან თუნდაც საკუთარ და- ძმას. ასეთ ფრაზებს არასდროს მოაქვს კარგი შედეგი.


4. "რადგან ასე იქცევი, აღარ მეყვარები“


ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ბავშვი ცდილობს მთელი მონდომებით მოიქცეს ისე, რომ მშობლის შექება დაიმსახუროს. იგი გვერდზე გადადებს თავის მოთხოვნილებებს და ასრულებს თქვენსას. მომართულია გამოიცნოს მშობლის სურვილები და მუდმივად არის მოლოდინის რეჟიმში, რათა დაიმსახუროს მათი კეთილგანწყობა. მას არ ექნება საკუთარი სურვილები და სწრაფვა მათ გასახორციელებლად.


5. "არ შემარცხვინო!“


ამ სიტყვებში დევს შემდეგი აზრი: "შენ ჩემი სირცხვილი ხარ“. ბავშვები, რომლებიც ხშირად ისმენენ ამ ფრაზას, ცდილობენ ისე მოიქცნენ, რომ ყველამ დაინახოს თუ როგორები არიან სინამდვილეში. თუ ვინმეს ყურადღება დაიმსახურეს, არ იციან როგორ მოიქცნენ: იმალებიან და იბნევიან. გახსოვდეთ: როდესაც მსგავს ფრაზას წარმოთქვამთ, ტრავმას აყენებთ თქვენს შვილს.


6. "მამაშენის (დედაშენის) განსახიერება ხარ“

რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ილუსტრირებას უკეთებს მშობლების კონფლიქტურ ურთიერთობას. ისინი გაუცნობიერებლად იყენებენ ბავშვს. ბავშვის მეშვეობით ერთმანეთს ეუბნებიან ყოველგვარ სისაძაგლეს და ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება რჩება მის მეხსიერებაში.


7."თუ არ შეჭამ ფაფას, - იქნები სუსტი და უტვინო“


ერთი ახლობელი გოგო მყავდა, რომელსაც ბავშვობაში ეუბნებოდნენ: “თუ არ შეჭამ პურს, მთელი ღამე დაგესიზმრება“. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, გოგონას მთელი ბავშვობა ეშინოდა პურის. მშობლებმა მიიღეს საპირისპირო შედეგი. მსგავს ფრაზებს იყენებენ ხშირად ბებია-ბაბუები, რაც შემდეგ გადაეცემა თაობიდან თაობას. ასეთმა გამონათქვამებმა შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს კვებასთან დაკავშირებით: შიში, ზედმეტი წონა და ა. შ.


8. "თუ ცუდად მოიქცევი, გუდიან კაცს გაგაყოლებთ“


მშობელი აგრძნობინებს ბავშვს: “თუ არ იქნები ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, –  მოგექცევით ისე, როგორც ჩვენ გვინდა“. ასეთი ბავშვები როდესაც იზრდებიან, იქცევიან სხვისი სურვილის შესაბამისად და არასდროს არ იციან თუ რა უნდათ, არ გააჩნიათ საკუთარი მიზანი, ცდილობან ნებისმიერი ადამიანის სურვილი შეასრულონ.


9. "სახლში 

მიიღებ!“


ამ ფრაზას წარმოთქვამს მშობელი, რომელიც როგორც სურს, ისე მოექცევა თავის შვილს. ერთ წუთში დედა ან მამა გარდაიქცევა მკაცრ ზედამხედველად, რომელიც ხასიათის მიხედვით ან გაუბრაზდება, ან აპატიებს ამა თუ იმ საქციელს ბავშვს. პატარა, რომელიც ასეთ ფრაზას ხშირად ისმენს, როცა გაიზრდება თავის უფროსთან უყალიბდება ისეთი ურთიერთობა, რომ ყველაფერში სურს დაეთანხმოს, რათა მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროს და არ იქნეს დასჯილი.


10. "წადი, არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა“.


ამ ფრაზის თარგმანი შემდეგნაირია: “შენ გამიმწარე ცხოვრება, წადი, მომშორდი, დაიკარგე აქედან!“. ასეთი ბავშვი ცხოვრობს დანაშაულის გრძნობით მშობლების წინაშე, რადგან იგი არის მიზეზი მათი უბედურებისა. ფსიქოლოგები მშობლებს მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ შვილებთან ურთიერთობისას, რათა მათი თანაცხოვრება იყოს მშვიდი და ჰარმონიული.


წყარო:presa.ge


ავტორი: ნიუპრესი