სარეკლამო მონიტორი საავარიო სიტუაციის მიზეზი ხდება
ქუთაისი მეგაპოლისი არაა და შესაბამისად, მძღოლები არც ფერად განათებებზე ავტომობილის მართვას არიან მიჩვეულნი. მით უმეტეს, თუ ეს განათება თვალთან ახლოსაა. სწორედ სარეკლამო მონიტორი გახდა მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი ქუთაისში. ცენტრალურ ბულვართან, გზაჯვარედინის სიახლოვეს ვიდეო რეკლამის ერთ–ერთი საშუალება შენობის პირველ სართულზეა დამონტაჟებული. როგორც მძღოლები აცხადებენ, ფერადი განათებები, რომლებიც მოულოდნელად იცვლება თვალს ჭრის და გზაჯვარედინზე საავარიო სიტუაციებს ქმნის.
ქალაქში მდებარე მონიტორებზე ტენდერი კომპანია "ბლექ ენდ ვაითმა" ერთი წლის წინ მოიგო. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ქათამაძე კომენტარზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ არსებულ ხარვეზებზე მერიასთან უკვე გაიარა კონსულტაცია. არასათანადოდ დამონტაჟებული მონიტორი მძღოლებს პრობლემას რომ უქმნის, ადასტურებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ბექა ჭეიშვილის განცხადებით, მძღოლების შენიშვნის საფუძველზე კომპანია აღნიშნული მონიტორის მუშაობაში ცვლილებებს შეიტანს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი