უხარისხო რეაბილიტაციიდან შეჩერებულ პროექტამდე
„გაცნობებთ, რომ ამჟამად ქუთაისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები არ ხორციელდება და არც იგეგმება უახლოეს მომავალში" - ასეთია ოფიციალური წერილობითი პასუხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ,
რომელიც უშუალოდ განმხორციელებლია ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის.
პასუხით, რომელიც „ახალმა გაზეთმა" ფონდისგან მიმდინარე წლის 4 დეკემბერს მიიღო, პრაქტიკულად ეჭვქვეშ დგება იმ სამუშაოების შესრულება, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების გადა, ახალი მთავრობის წარმომადგენლებიც აანონსებენ.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრში კი აცხადებენ, რომ მომავალი, 2013 წლიდან, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქუთაისში ახალი, ფართომასშტაბის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება, რომლის ღირებულება 40 000 000 ლარია.
ვინ და რის ხარჯზე იძლევა დაპირებებს, რომლითაც ქუთაისის მოსახლეობა ბოლო 5 წელია 24-საათიან წყალმომარაგებას ელოდება? რა თანხები დაიხარჯა დაპირების შესასრულებლად და რა მიიღო მოსახლეობამ? „ახალი გაზეთი" ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულ კითხვებზე პაუხების გაცემას შეეცადა, რომლის კვალი ყოფილი მთავრობის ფავორიტ კომპანიებთან და უხარისხო რეაბილიტაციიდან შეჩერებულ პროექტამდე მივიდა.
***
მანანა როხვაძე ქუთაისში, რაზმაძის მესამე შესახვევში („პლაშადკის" დასახლება) ცხოვრობს. დასახლებაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა. თუმცა მოსახლეობა წყალს დღემდე გრაფიკით იღებს. გარდა ამისა, მათ ქუჩებში, მილებიდან დაღვრილი წყლის პრობლემა აწუხებთ. რომელიც გუბეებად დგება და გადაადგილებას აფერხებს.
„სად არის 24 საათიანი წყალი? დილით 7-8 საათზე მოდის და 12-13 საათამდე მოგვეწოდება. ზოგჯერ ესეც არ არის. და თუ წყალი მოდის, შემდეგ გარეთ ვეღარ გამოვდივართ, ქუჩაში მილებიდან ამოდის და ყველაფერი იტბორება. რა რეაბილიტაციაზეა საუბარი, მოვიდნენ, ქუჩები გადათხარეს და ახალი მილების ნაცვლად ისევ ძველები ჩაყარეს," - ამბობს რაზმაძის ქუჩაზე მცხოვრები მანანა როხვაძე.
იგივე პრობლემაზე საუბრობს ქუთაისში, გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები თამუნა გოგელიძე. მისი თქმით რეაბილიტაციის დროს, წყლის ახალ მილებთან ერთად, ძველებიც გამოიყენეს. საიდანაც, წყალი იღვრება. წყლის მიწოდება კი გასული წლების მსგავსად, ახლაც გრაფიკით ხდება.
ქუთაისში, „პლაშადკის" დასახლებაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „წყალკანალრემმშენმა" განახორციელა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. ტენდერის შედეგად, „წყალკანალრემმშენს" წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია „პლაშადკის" დასახლების გარდა, ბუხაიძის მიკრორაიონშიც დაევალა. ჯამში, მუნიციპალური განვითრების ფონდიდან მიღებული მონაცემებით, კომპანიამ 3 მილიონ 239 408 ლარი მიიღო. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა, რომელმაც აღნიშნულისთვის სულ 5 მილიონ 536 796 ლარი გამოჰყო.
თუმცა, პროექტში, რომელიც ორი დასახლების - „პლაშატკისა" და ბუხაიძის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, 24 საათიან წყალმომარაგებაზე საუბარი არც ყოფილა. როგორც ეს მოსახლეობას ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში პრეზიდენტმა დაჰპირდა.
„რეაბილიტაციის შედეგად ქალაქს ორ რაიონს ბუხაიძისა და „პლაშადკის" მოსახლეობას, საერთო რაოდენობით 20 000 კაცი, წყალი მიეწოდება 8-10 საათის განმავლობაში, ყოველ დღე," - ნათქვამია პროექტის მოსალოდნელ შედეგებში.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემოთ აღნიშნულ ორ დასახლებაში „წყალკანალრემმშენმა" გასული წლის აპრილში დაიწყო, რომლის დასრულების თარიღად 2012 წლის 1 თებერვალია მითითებული. დღეს, მოსახლეობა ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მათ წყალი მხოლოდ 5 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.
„პლაშადკისა" და ბუხაიძის დასახლება გამონაკლისი არ არის, რომლის მოსახლეობა წყალს დღემდე გრაფიკით იღებს. ამ დრომდე ქალაქის მასშტაბით შესრულებული სამუშაოების შედეგად, ქუთაისში უწყვეტი, 24 საათიანი წყალმო
ავტორი: თეა ზიბზიბაძე