|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კარგი სტილით დაწერილ ტექსტთან პირისპირ დარჩენა, დამიჯერეთ, ძალიან სახიფათოა“

გვაქვს თუ არა კულტურული კრიზისი საქართველოში?

რა არის სტილი?

რამდენად მნიშვნელოვანია ტაბუსთან ჭიდილი?

ამ და სხვა საკითხებზე newpress.ge -ს ესაუბრება პოეტი პაატა შამუგია.


„ლექსი თვითონ მწერს“ ამბობდა ტიციან ტაბიძე.

აღნიშნული ფრაზიდან გამომდინარე, რამდენად მართავს ტექსტი ავტორს? აი, თუნდაც რიგითი სტატიის წერის პროცესშიც ტექსტი ხშირად არ ემორჩილება თავდაპირველ გეგმას და შეიძლება ავტორი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. რამდენად აუცილებელია ტექსტისადმი მორჩილება, თუ უკეთესია ტექსტი ავტორმა დაიმორჩილოს?

 -  მე უფრო ბრეტონის პრაქტიკა მომწონს: „პოეზია, როგორც სიყვარული, კეთდება საწოლში.“  ასე უფრო ადამიანურია, გადაუპრანჭავი და საღვთო პრეტენზიებისგან გამოთავისუფლებული.

კრიზისი ბერძნული სიტყვაა და ერთ-ერთი განმარტებით „სამსჯავროს“, რაღაცის გადაფასებას ნიშნავს. გადაფასება კი ალბათ არ ხდება დიდი შრომის, აზროვნების ხანგრძლივი და მძიმე პროცესის გარეშე. ამ თვალსაზრისით რამდენად გვაქვს „კულტურული კრიზისი“ საქართველოში?

არ ვიცოდი, კრიზისის ეს განმარტება, ძალიან საინტერესოა. საერთოდ, შრომის გარეშე არაფერი გამოვა. დღეში, სულ მცირე, 4–5 საათს თუ წიგნებთან არ ატარებ, მაშინ დროა, სახინკლის გახსნაზე იფიქრო. ნებისმიერ კრიზისს აქვს კულმინაციური მომენტი, შეიძლება ეს იყოს ომი, რევოლუცია, გენოციდი და ა.შ. ომებს ტრადიციულად თან მოჰყვება ხოლმე კათარზისი, დიდი სინანული, რომელშიც ვარდება მსოფლიო (ან მისი ინტელექტუალური ნაწილი) და შესაბამისად, ჩნდება ახალი მიმდინარეობები, ახალი ესთეტიკური პროექტები და ა.შ. როდესაც ტერორისტებმა  ნიუ იორკის „ტყუპები“ ააფეთქეს, ბევრი კულტუროლოგი მიიჩნევდა, რომ ეს იქნებოდა სწორედ პოსტ–პოსტმოდერნიზმის დასაწყისი. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს, პოსტმოდერნიზმი ძალიან ჯიუტია და მას ეს მსხვერპლი არ ყოფნის. ამიტომ უნდა ველოდოთ უფრო მეტ მსხვერპლს.

„არის იმედი, რომ ვიღაც მოვა,

და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის“,

ამბობთ თქვენს „ანტიტყაოსანში“. ტაბუსთან ჭიდილი რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის, საზოგადოებისთვის, ამ პროცესის გარეშე რამდენად არის შესაძლებელი რაიმე საგულისხმოს შექმნა და მიღწევა?

ხშირად ტაბუს რღვევა თავად ამ იდეის ფალსიფიკაციად იქცევა ხოლმე. პოეზიის შემთხვევაში, ტაბუს რღვევა, არსებითად, ენობრივი და ესთეტიკური  მოდუსების შერყევა/რევიზიას გულისხმობს.  მაგალითად, არსებობდა სამი სტილის თეორია, რომელმაც ესთეტიკური ჰერმეტიზაცია „უზრუნველყო“. ანუ გარკვეულ საგნებზე გარკვეული, შესაბამისი სტილით უნდა გვეწერა/გვესაუბრა. მაგალითად, ქრისტეზე ან ბუდაზე ისე ვერ ისაუბრებდი, როგორც სააკაშვილზე ან ივანიშვილზე. ეს სტილების შერევა იქნებოდა, რადგან ტრადიციული ორწევრა ოპოზიციის თეორიიდან გამომდინარე, ქრისტე და ბუდა კარგები არიან, სააკაშვილ–ივანიშვილი კი – ყლეები. მოდი, განვიხილოთ კლასიკური შემთხვევა, როგორ ირღვევა ეს მიდგომა, მაგალითად კი ავიღოთ გენიალური გიიომ აპოლინერის ლექსი:

„დროს არ ჩამორჩა მხოლოდ იესო მხოლოდ იესოს შერჩა ვასალი

ისევ ქრისტეა და უბრალოა აეროპორტის ანგარასავით“.

აი, ეს არის რევიზიის მშვენიერი მაგალითი. რა თქმა უნდა, ეს აპოლინერამდეც ხდებოდა და მერე ხომ საერთოდ. მაგრამ აპოლინერი კლასიკური, კონვენციური პოეზიის ფლანგიდან ახერხებდა ამას, რაც კიდევ უფრო ძნელი საქმე იყო.

მაინც როგორ ახერხებს საქართველოში ბევრი ავტორი მწერალი, რეჟისორი, მხატვარი, მუსიკოსი, სათქმელის ამდენ არჩევანში, სამყაროს ასეთ მრავალფეროვნებაში  მაინც არაფერი თქვან, არაფერი ასახონ და სიცარიელე შესთავაზონ მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს? ვფიქრობ, ამის „მიღწევას“ დიდი „ნიჭი“ უნდა.

არსებობს არაფერი და არსებობს კონცეფტუალური არაფერი. აი, მაგალითად: პატრიკ ზიუსკინდს აქვს თითქმის გენიალური ნოველა „ლიტერატურული ამნეზია“. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაემართა ავტორს ამნეზია, ამ დროს, ძალიან უნდა გაიხსენოს წიგნი, რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ ვერა და ვერ იხსენებს და თავის მხრივ, ამას აბრალებს იმ ავადმყოფობას, რომელზეც ერთგან ავსტრიელმა ფსიქოლოგმა მიუთითა, რომლის სახელი, გასაგები მიზეზის გამო, ასევე არ ახსოვს და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ  ნევროდრამის ფონზე ავტორი იხსენებს ათას წვრილმანს, მაგრამ ვერ იხსენებს მთავარს – თუ რის თქმა უნდოდა. ეს ნამცეცა ნოველა გვიყვება არაფრის შესახებ, რადგან ის, რაც რაღაც იყო, ან უნდა ყოფილიყო, ავტორმა ვერაფრით მოიხელთა. ამ კლინიკურ–ლიტერატურულ შემთხვევას „კონცეფტუალური არაფერი“ შეგვიძლია ვუწოდოთ.  მაგრამ არაფრისგან განსხვავებით, „კონცეფტუალურ არაფერს“  ყოველთვის აქვს მხატვრული მეჩეჩი, დაფარული მხარე და მთელი ამბავი ზუსტად აქ ვითარდება. ამ შემთხვევაში, ზიუსკინდის „არაფერი“ მთელი პოსტმოდერნისტული კრიზისის სასტიკი ილუსტრაციაა – გაბმული, უწყვეტი მეტატექსტის გამოყენებით ავტორი  გვიჩვენებს, რომ პოსტმოდერნის ეპოქაში ადამიანს არ აქვს ცოდნა არაფრის შესახებ, მაგრამ აქვს ნახევარცოდნა ყველაფრის შესახებ (მეტაცოდნა), ავტორი ვეღარ წერს ტექსტს, მას მხოლოდ ნახევარტექსტის ანუ მეტატექსტის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, ადამიანიც აღარაა ადამიანი, ის არის ნახევარადამიანი, ესე იგი – მეტაადამიანი.  ზიუსკინდის ამ უწყინარ მნემონიკურ თამაშობას, სინამდვილეში, ძალიან დიდ ადამიანურ სევდაზე გავყავართ.

მოკლედ, რამდენი ვისაუბრე „კონცეფტუალურ არაფერზე“, მაგრამ გვერდზე დაგვრჩა არაფერი. არაფერზე არაფერსაც არ ვიტყვი.

-რამდენად ფიქრობს მწერალი წერის დროს საკუთარ სტილზე, ინდივიდუალიზმზე, სხვადასხვა გამომსახველობით ფორმებზე? თუ უბრალოდ წერს ისე როგორც „ეწერება“ და მერე კრიტიკოსები და ძმანი მისნი აღიარებენ სტილის და ფორმის შემქმნელად? რამდენად შეიძლება სტილის და ფორმი შექმნა ხელოვნურად?

-არ მინდა ზედმეტი ციტირება, მაგრამ არც გამომდის. ამ და სხვა ბევრ თემაზე ჩემზე უკეთ კაი ხნის წინ თქვეს და ბარემ გამოვიყენოთ. როლან ბარტი წერს, რომ სტილი ალიბია. ეს ძალიან ზუსტი მიგნებაა, მე ვიტყოდი, გენიალურიც კი. რა არის ალიბი? არაიურიდიულ ენაზე რომ მოვთარგმნოთ, ალიბი არის დაუსწრებლობა, არყოფნა. ესე იგი – სტილი არის ის, რაც ავტორის არყოფნას უზრუნველყოფს, აქრობს მას და მკითხველს ტექსტთან პირისპირ ტოვებს. კარგი სტილით დაწერილ ტექსტთან პირისპირ დარჩენა, დამიჯერეთ, ძალიან სახიფათოა. ამიტომ გვჭირდება ბევრი წიგნის კითხვა, მომზადება კარგ ტექსტთან მარტო დარჩენისთვის.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი