პრივილეგია ხარისხისა და პროგრესის სანაცვლოდ
2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ" ცვლილება შევიდა. ცვლილების ადრესატი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდნენ. მათ 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გარკვეული პრივილეგიები მიიღეს - ისინი, ავტორიზაციის რთული პროცედურების გავლის გარეშე ავტორიზებულად ჩაითვალნენ 2015 წლის 1 იანვრამდე. კანონში შესული ცვლილებები საქართველოს პატრიარქსაც შეეხო და იგი ახალი უფლებამოსილებით აღჭურვა - კანონმა მას სამეცნიერო ხარისხების გაცემის უფლება მიანიჭა იგივე ვადით. სასულიერო სასწავლებლებმა აღნიშნული ცვლილებებით შეღავეთები მიიღეს. რამდენად არის ეს შეღავათი მომგებიანი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებებისათვის? რამდენად პროგრესულია აღნიშნული ცვლილება კანონში? რა ვითარება იყო და რა ვითარებაა ამჟამად თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და მასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში? ამის გარკვევას „ახალი გაზეთი" ჟურნალისტური გამოძიებით შეეცადა. ავტორიზაციის მიღმა
„როდესაც მე ვიყავი სტუდენტი, სემინარია-აკადემია საკმაოდ შორს იყო იმ სტანდარტებისგან, რასაც დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა ითხოვს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იყო თეოლოგიის სფეროში (შედარებით გამონაკლისს წარმოადგენდა ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის კათედრები). ხშირად გვეუბნებოდნენ სემინარიის ხელმძღვანელები, რომ აქ ცხოვრების სწავლა უფრო მნიშვნელოვანიაო და ამით ამართლებდნენ განათლების ხარისხში არსებულ ხარვეზებს. ასევე, საკმაოდ მწირი იყო თანამედროვე აკადემიური დონისათვის შესაფერისი ლიტერატურა, რაც ხარისხიანი განათლების მიღებას ართულებდა", - ამბობს ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი (აქაც და შემდგომშიც რესპოდენტთა ერთი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე მათ ვინაობას არ დავასახელებთ - რედ.).
ხარისხიანი თეოლოგიური განათლების მიღების სირთულეს სასულიერო პირთა ერთი ნაწილი განათლების პროცესის დიდ წყვეტაში ხედავს, რომელიც ბოლო ორი ასწლეულის მძიმე ეპოქამ განაპირობა საქართველოში.
სასულიერო აკადემია-სემინარია საბჭოეთის ოფიციალური რღვევიდან რამოდენიმე წლით ადრე, ანუ 1988 წელს დაფუძნდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. მაგრამ მიუხედავად მისი, ახალ პოსტ-საბჭოთა ეპოქაში 25-წლიანი არსებობისა, მხოლოდ 2012 წლის 28 დეკემბერს შესული ცვლილებების საფუძველზე გახდა შესაძლებელი, აკადემიის გაცემული საბუთის „სამართლებრივად აღიარება", მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ცნობა სახელმწიფოს მხრიდან.
სახელმწიფომ ვალდებულება აიღო მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხის ეკლესიასთან ერთად შესწავლასა, და იგივე ვადებში გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის შემუშავებაზე, რომელიც 2013 წლის 1 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს.
დღეს სასულიერო აკადემია-სემინარიის მოძიება შესაძლებელია ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელთა ჩამონათვალში. (თუმცა, ამ საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამების პოვნა დღემდე შეუძლებელია აკრედიტაციაგავლილ პროგრამათა სიაში). მან აქ მოხვედრა რამოდენიმე წლით დააგვიანა. მაშინ, როცა „ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის". საამისოდ დაწესებულების თვითშეფასების შედეგები სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.
ამ შეუსაბამობამ საქართველოში არსებული 7 ასეულამდე უმაღლესი სასწავლებელი - 9 ათეულზე დაიყვანა. თუმცა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწე
ავტორი: ეკა კუხალაშვილი