|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კომპიუტერის შიში უწიგნურობის ნიშანი უფროა“

"გუტენბერგის ეპოქა" და  "ელექტრონული ცივილიზაცია", წიგნი და კომპიუტერი, ბიბლიოთეკა და ციფრული ტექნოლოგიები, იდუმალება და პრაქტიკულობა, უტოპია და რეალობა ბიბლიოთეკებთან მიმართებაში– აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი გიორგი კეკელიძე.

რა წარმოადგენს, (ან რა უნდა წარმოადგენდეს) ბიბლიოთეკისთვის მთავარ მიმართულებას: მისი ღიაობა,მკითხველის წიგნთან თავისუფალი წვდომა,თუ პირიქით შენახვა– დამალვა, გარკვეული ბარიერების შექმნა მკითხველისთვის წიგნის დაცვის მიზნით?  ორივე მიმართულება გარკვეულ რისკებთან და სიკეთეებთან არის კავშირში. რა უნდა აქციოს ბიბლიოთეკამ პრიორიტეტად წიგნი თუ  მისი მკითხველი?

- ვფიქრობ, აქ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ცხადია, მნიშვნელოვანი წიგნის დაცვა და მოფრთხილებაა, მაგრამ უმთავრესი მაინც მკითხველია. წიგნი იმთავითვე გულისხმობს მკითხველს. შესაბამისად ახალი ტექნოლოგიები, ციფრულ ფორმატში გადაყვანა ამ საქმეს აადვილებს - მკითხველიც კმაყოფილია და გამოცემა გადარჩენილი.

- ბიბლიოთეკა ჩემს წარმოდგენაში იდუმალი დაწესებულებაა, დიდი აღმოჩენების ადგილი. რამდენად წაართმევს ამ იდუმალებას  ბიბლიოთეკაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა? თუ მთავარი იდუმალება კი არა ბიბლიოთეკის პრაქტიკული დანიშვნულებაა? 

- მთავარი პრაქტიკული დანიშნულებაა. თუმცა ის იდუმალება, რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს სამუზეუმო ექსპოზიციების თუ კაბინეტების მოწყობის სახით.

- არსებობს პირქუში წინასწარმეტყველება, რომ ელექტრონულ–ვიზუალურმა საუკუნემ შესაძლებელია მოკლას წიგნი. თუმცა არსებობს საპირისპირო მტკიცებულებებიც, რომლის თანახმად, პირიქით, კომპიუტერი აბრუნებს ადამიანს „გუტენბერგის გალაქტიკაში“. თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით - რა მომავალი აქვს წიგნებს ელექტრონულ საუკუნეში?

- მე მგონი კომპიუტერის შიში უწიგნურობის ნიშანი უფროა. წიგნი შინაარსია, ტექსტია პირველ ყოვლისა და არა ფორმატი.

- ბიბლიოთეკარები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), რომ მკითხველი წიგნისა და ბიბლიოთეკის პოტენციური მტერია, ამიტომ მას ეჭვითა და უნდობლობით უნდა მოექცე. რამდენად მიდის მუშაობა ამ ტენდენციის შეცვლის მიმართულებით?

იმედი მაქვს ეს გამონაკლისი შემთხვევებია. ზოგადად კი საუკეთესო გზა, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და მსოფლიო სტანდარტების მიხედვით ჩატარებული ტრენინგებია.

რა ადგილი და როლი აქვს ბიბლიოთეკას განათლების საკითში?

მნიშვნელოვანი. ის ერთ-ერთი მთავარი კულტურულ-საგანმანათლებლო ბრენდია. შესაბამისად, აუცილებელია ბიბლიოთეკამ გააფართოოს საკუთარი საქმიანობა. კონფერენციები, დისკუსიები, პრეზენტაციები, სამეცნიერო საქმიანობა.

- უმბერტო ეკო თავის De Bibliotheca წარმოადგენს იდეალური ბიბლიოთეკის უტოპიურ სურათს. თქვენი „უტოპია“როგორია ?

ბევრი წიგნი. ბევრი კომპიუტერი. ბევრი საგამოფენო დარბაზი. მეტი მკითხველი. ეს უტოპია არ არის, უტოპიები საქმიან ველზე ნაკლებ მიზიდავს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი