ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელისათვის დანაღმული ტერიტორია მზადდება
ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელის გაუქმების შემდეგ, ახალი პოლიგონის მოწყობა ქალაქის ძველი შემოვლითი გზის ტერიტორიაზე იგეგმება. თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული ადგილი დანაღმულია. გარდა ამისა, ნაგავსაყრელის იქ გადატანას, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მკვიდრის, მურმან ბასილაძის თქმით, მოსახლეობისათვის ნაგავსაყრელის მათ მახლობლად განთავსების შესახებ ინფორმაცია ცნობილია.
მოსახლეობა ახალი ნაგავსაყრელის შესაძლო ტერიტორიად ორ ადგილს ასახელებს. ერთი-ქუთაისის ძველი შემოვლითი გზის მახლობლად მდებარე ყოფილი სამხედრო დასახლება, ხოლო მეორე იქვე მდებარე ე.წ. „დაჩებია".
ბასილაძე ამბობს, რომ გასული წლის ოქტომბერში „დაჩების" ტერიტორიის შესასწავლად გეოლოგები იყვნენ მისულნი, თუმცა როდესაც მოსახლეობამ მათი ვიზიტის მიზეზი გაიგო, ისინი სოფლიდან გააძევა.
„სოფელ ნაგარევს ეკუთვნის ტერიტორია. აქ საბჭოთა პერიოდში დასასვენებელი სახლები იყო, ამიტომ „დაჩებს" ეძახიან. გეოლოგებმა გვითხრეს, რომ ადგილზე მიწას ამოწმებდნენ, რადგან აქ ნაგავსაყრელის განთავსება იგეგმებოდა. მთელი სოფელი გამოვიდა ამის წინააღმდეგ, ვის უნდა აქ ნაგავსაყრელი. ბარემ ატომური ბომბი ჩამოაგდონ პირდაპირ და უფრო უკეთესად ვიქნებით," - ამბობს მურმან ბასილაძე.
სოფელ ჭოგნარში მცხოვრებლებისგანცხადებით, თუ ნიკეაზე არსებული ნაგავსაყრელი დასახლების გარდა, ქალაქის მახლობლად მდებარე სოფლებს წამლავს, ნაგავსაყრელის მდებარეობის ცვლილების შემდეგ საერთო სიტუაცია არ შეიცვლება.
ჭოგნარში მცხოვრები ანატოლი სვინტრაძის თქმით, ნაგავსაყრელის მათ მახლობლად განთავსებას ისიც შეუშლის ხელს, რომ წელიწადის 365 დღიდან 300 დღე ტერიტორიაზე ქარი ქრის. ამიტომ, ქალაქიდან ჩამოტანილი ნაგავი ქარის მეშვეობით ისევ უკან დაბრუნდება. გარდა ამისა, სვინტრაძე სხვა საფრთხეზეც საუბრობს.
„აქ უამრავი წყაროა. ნაგავი რომ მიწაში ჩავა, წყალს შეერევა და წყაროები დაიწამლება. წყლის გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელი-გოდოგანი, კვახჭირი, ნაგარევი დაიწამლება. ნაგავსაყრელი რომ გვინდოდეს, ნაგავს სახლში დავყრიდით, გარეთ კი არ გავიტანდით. ვიცით, რომ გერმანული მხარე აკეთებს ახალ ნაგავსაყრელს. მაშინ, გვაჩვენონ გერმანიის მოქმედი ნაგავსაყრელი, სადაც ნაგავს დასახლებულ პუნქთან ახლოს ყრიან. ეგ აზრი თუ ახალ მთავრობას მოუვიდა, მაშინ ცუდად მოსვლია და არც მასეთი მთავრობა გვინდა," - ამბობს ანატოლი სვინტრაძე.
მოსახლეობის განცხადებით, მეორე ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელის შესაძლოა მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ, ყოფილი სამხედრო დასახლებაა. თუმცა ჭოგნარში მცხოვრები ელგუჯა ლანჩავას თქმით, ტერიტორია დანაღმულია და იქ ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა.
„ის ტერიტორია განაღმეს, მაგრამ კიდევ რა არის დარჩენილი,კაცმა არ იცის. აქ ნაგავსაყრელი არ გაგვაგონონ, თორემ მთელი სოფლების მოსახლეობა გამოვა. თუ უნდათ, ნაგავი თავიანთ სახლებთან დაიყარონ და თუ არ შეაწუხებთ ვნახავთ," - ამბობს ელგუჯა ლანჩავა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილად ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიას ასახელებენ. ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, ქალაქს ახალი ნაგავსაყრელი ექნება. თუმცა, ძოწენიძე აქვე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნაგავსაყრელების მართვა თვითმმართველობას ჩამოერთვა, ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცა და ამ საკითხებში ისინი ვეღარ ჩაერევიან.
„ეს ნაგავსაყრელი თავის დროზე, როდესაც დაიგეგმა, ქალაქგარეთ იყო, მაგრამ ახლა ქალაქი განვითარდა და ნაგავსაყრელიც ქალაქში მოექცა. ამიტომ მისი კონსერვაცია აუცილებელია. სამუშაოები მიმდინარეობს კიდეც და მომავალი წლისთვის ჭოგნართან ახლოს, ახალი ნაგავსაყრელი იქნება. ეს ტერიტორია გამოდგება ნაგავსაყრელისათვის," - ამბობს ძოწენიძე.
ქუთაისში მდებარე ნაგავსაყრელის გაუქმებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებისა და ახლის მოწყობის მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯერ იტალიურ ფირმასთან, „რაფანოსერვისთან"<
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე