|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპელია ის, ვისაც არ აშინებს მისგან განსხვავებულის არსებობა"

მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: თავისუფლება იმისთვის გვინდა, რომ ჩვენი თავი დავინახოთ. რამდენად მოვახერხეთ საქართველოში “ჩვენი თავის დანახვა”  ამ 20 წლის მანძილზე? რა მოგვიტანა ისტორიიდან განდევნილობამ? რამდენად რთულია ისტორიაში დაბრუნება?

აღნიშნულ საკიხებზე Newpress.ge-ს ესაუბრება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

- თავისუფლების ამ 20 წლის მანძილზე, რამდენად "დავინახეთ საკუთარი თავი"? რამდენად შევძელით რეალობისთვის თვალის გასწორება?

- ჩვენ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვიყავით ისტორიიდან განდევნილები. ეს კი ძალიან ჰგავს პატიმრის მდგომარეობას. შესაძლოა, დაკვირვებიხართ, როგორი დაკარგული აქვს პატიმარს რეალობის გრძნობა და როგორ არაადექვატურად აფასებს,  სინამდვილეში რას წარმოადგენს და რა შეუძლია. ამით იგი საკუთარი ბეჩავი მდგომარეობის კომპენსირებას ცდილობს. ეს სახადი ჩვენც მოვიხადეთ. მაშინ, როდესაც ჩვენი სულიერება უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თბილისსა და ქუთაისში მიხაი ზიჩის მიერ დადგმული ცოცხალი სურათებით ან, მოგვიანებით, ჩვენი ისტორიული მწერლობის რომანტიკული პათეტიკით ვინუგეშებდით თავს, სინამდვილეში ასეთები ვართო. „ისტორიაში დაბრუნების“ შემდეგ კი იძულებულები ვართ, გადავლახოთ ის უფსკრული, რომელიც ჩვენს რაობასა და საკუთარ თავზე ჩვენს წარმოდგენებს შორისაა. ძალზე მტკივნეულია ეს პროცესი. სასოწარკვეთილები ვიგონებთ გმირებს, სასწაულთმოქმედ პოლიტიკურ ჯადოსნებს, ვიჯერებთ, რომ ვინმე მაინც არის ისეთი ბრძენთაბრძენი, რომ ყველაფერი მოეხსენება და ასე შემდეგ. და მაინც, ცხოვრება გვაიძულებს, რომ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს. სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ხომ ჯერაც ვერ მიგვიგნია იმ ათვლის წერტილისათვის, საიდანაც უნდა დავიწყოთ. ჯერაც ვერ გაგვირკვევია, სად მთავრდება ჩვენი ფანტაზიები და სად იწყება ჩვენი რაობა. ყოველივე ამის გარკვევა უდიდეს ძალისხმევას და გამოცდილებას მოითხოვს. საკუთარი თავისკენ სვლა, საკუთარი სიმწიფის მოპოვება უსასრულო პროცესია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყო ეს?! მანამ, სანამ შენს გარეთ გეგულება ვინმე, ვინც შენს ნაცვლად გადაწყვეტს შენს პრობლემებს, შეგიძლია ჩათვალო, რომ არც დაგიწყია სვლა. ჩვენ კი ჯერაც სადღაც გარეთ ვეძებთ საყრდენ წერტილებს: კონკრეტულ პიროვნებებში, ევროპაში, ზოგი - რუსეთში და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი სწორედ ერთგვარმა სასოწარკვეთამ გააჩინა. ზოგ ჩვენგანს სასო წარეკვეთა საკუთარი უუნარობის გამო და ისევ ძველი მდგომარეობის აღდგენას, ისევ ძველი პატიმრობის მობრუნებას ფიქრობს. ევროპელობა ძნელია. ევროპელი არ გახლავთ ის, ვინც ჰომოსექსუალურ კავშირებს აკანონებს ან ადამიანთა შორის ტრადიციული კავშირების მორღვევას ცდილობს. ასეთი მახინჯი წარმოდგენა ჩვენმა შინნაზარდმა ლიბერალებმა შექმნეს.  ჩემთვის ევროპელია ის, ვინც, როგორც გოეთე იტყოდა, ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე და ორივე ხელი ზეცისკენ აქვს აღმართული, ანუ ის, ვინც მიწასა და ზეცას შორის კავშირის მოპოვებას ცდილობს და საამისო ძალებს მთლიანად საკუთარ თავში პოვებს და არა მავან სასწაულთმოქმედსა და ყოვლისმცოდნეში. კიდევ იმას ვიტყოდი, რომ ევროპელია ის, ვისაც არ აშინებს მისგან განსხვავებულის არსებობა და არ ცდილობს, მთელი სამყარო დაიმსგავსოს. პირიქით, იგი დიალოგშია ყველა განსხვავებულთან და ამ დიალოგის გზით ცდილობს ჭეშმარიტების მოპოვებას. მას ესმის, რომ ჭეშმარიტება გზაა და არა ვიღაცის თავში არსებული მზამზარეული ფორმულა. ცხადია, ევროპა მხოლოდ ეს არ არის. იქაც საკმაოდ ბევრ მონსტრს შობს მთვლემარე გონება, მაგრამ მთავარი მაინც მათი ნებაა, საკუთარ თავში მოძებნონ ათვლის წერტილები და პასუხისმგებლობაც იკისრონ იმ სამყაროს გამო, რომელშიც ცხოვრობენ. გვსურს თუ არა, ჩვენც აქეთ მოგვიწევს გზა - თუნდაც თავად ევროპა გაქრეს. უბრალოდ, ეს არის ადამიანური სიმწიფის გზა, რომელსაც დღეს ევროპული ცივილიზაცია განასახიერებს - თუმცა კი, თუ გულახდილები ვიქნებით, მათ სვლაში ბევრი რამ საეჭვოდ ჩანს, თუნდაც ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების იდეების პოლიტკორექტულობის ენაზე თარგმნა. თუ სიმწიფისაკენ სვლის ძალებს საკუთარ თავში არ მოვიპოვებთ, კვლავ იძულებულები ვიქნებით, ათასგვარ მიმიკრიას მივმართოთ და ისე ვიხსნათ თავი საკუთარი უმწეობისაგან. ან მოვიპოვებთ ამ ძალებს, ან დიდი ხნის წინათ ჩამქვრალ ვარსკვლავებს დავემსგავსებით. მოგეხსენებათ, ისტორია ულმობელია.

თანაც არც თავად ევროპაა დასრულებული სამყარო. უდიდეს კულტურულ განსხვავებებსაც თავი რომ დავანებოთ, ისინი ჯერაც ეძებენ საერთო ევროპულ იდეას. ხან ერთიან ქრისტიანულ საწყისებში ცდილობენ მის მოძებნას, ხან კიდევ თავისუფლების ათასგვარ ზერელე თუ ნაკლებად ზერელე ინტერპრეტაციებში. მთავარი, ვფიქრობ, ისაა, რომ მათ შეძლეს, მოეძებნათ ძალზე მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი - ადამიანი და მისი ღირსება. მართალია, მთვლემარე გონება ამ ამოსავალსაც ხანგამოშვებით ადამიანის ღირსების კარიკატურად აქცევს ხოლმე, მაგრამ საწყისი, უთუოდ,  ჯანსაღია. ამიტომაც არის აუცილებელი ამ სამყაროს მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება, რათა ევროპის ნაცვლად ხელთ მისი კარიკატურული ორეული არ შეგვრჩეს. ამ სამყაროს მიმართაც დაუშვებელია  ჩვენთვის ესოდენ ჩვეული და საყვარელი პათეტიკური დამოკიდებულება. ამით მხოლოდ საკუთარ უმწიფარობასა და არაევროპელობაში ვიმხელთ თავს.

რამდენად სახიფათოა, როცა თავისუფლება იდეოლოგიის საგანი ხდება, მასების დასარაზმი საშუალება?

- ძალზე სახიფათოა. ჯერ კიდევ ჰეგელი წერდა იმ საფრთხეზე, რომელსაც თავისუფლების აბსტრაქტული და იდეოლოგიზებული იდეა ინახავდა. იგი იოლად შეიძლება იქცეს დიქტატურად თავისუფლების სახელით.  ექსტრემისტული ლიბერალიზმი სწორედ ასეთი დიქტატურის დამყარებას ცდილობს. პოლიტკორექტულობა თანამედროვე ტოტალიტარიზმია, რომელიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა სახელით ხორციელდება. ჩვენ, ალბათ, ამ საქმის გაკეთებაც მოგვიწევს: ადამიანის თავისუფლების იდეა უნდა გავათავისუფლოთ იმ აბსტრაქტული და სქემატური წარმოდგენებისაგან, რომლებსაც ჩვენი შინაური იდეოლოგები ნერგავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ჩვენვე დაგვრთგუნავს. ბანალურია, მაგრამ ხშირად უნდა ვიმეოროთ, რომ რაც მეტია ჩვენში თავისუფლების განცდა, მით უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ, თუ რა პასუხისმგებლობას გვანიჭებს იგი. დღეს თავისუფლების იდეა ჯერაც ხშირად უმწიფარ იდეოლოგთა ხელშია. უმწიფარობა კი იოლად შობს ბოროტებას. ხშირად ვფიქრობ, რომ პოლიტკორექტულობა ბოროტების თანამედროვე სახელია.

- გარდა იმისა, რომ საქართველო ბევრ მოვლენას გამორჩა, გამოტოვა ეტაპები, ის რაც ევროპამ გაიარა, რატომ ხდება, რომ საკუთარი ისტორიიდანაც იმალება ფაქტები, ქართული ისტორიოგრაფია „ათეთრებს“არასასურველ მომენტებს წარსულიდან, თანაც უახლოესი წარსულიდან. რამდენად მავნებელია  და რა იწვევს ამ დამალვა–გამოტოვებას?

- მცირე ერებისათვის დამახასიათებელია ასეთი რამ. ჩვენ თითქოს გვაშინებს საკუთარ წარსულში ჩახედვა და ზოგი რამის დანახვა. ამიტომაც ვარჩევთ, ერთგვარ თეატრალურ წარმოდგენად ვაქციოთ იგი. ასეთ დროს კი საღ აზრს ხშირად პათეტიკა ცვლის, სააზროვნო აქტს - სადღეგრძელოს ჟანრში წარმოთქმული აზრის ბუტაფორიები, ერთგვარი საპნის ბუშტები. ცხადია, ამით კიდევ უფრო ვირთულებთ საქმეს, რადგან თუკი რაიმე არის ულმობელი ამქვეყნად, პირველ რიგში ეს არის საკუთარი წარსული. მას ვეღარ შეცვლი და ვეღარ გაექცევი. საკმარისია სცადო ასეთი რამ და პანიკურად გაექცე და იგი აუცილებლად წინ დაგხვდება. თუმცა კი, მართლაც, არსებობს საშიშროება, რომ თავისი საშინელებებით იგი ისე დაგატყვევებს, რომ მომავლისაკენ სვლის ძალა აღარ გექნება. რა უნდა ქნას ამ დროს ცოცხალმა, გონიერმა არსებამ (საზოგადოებაც ხომ ცოცხალი, გონიერი არსებაა)? რა მიმართებაში უნდა ჩავდგეთ საკუთარ წარსულთან? ერთადერთი, რაც აზრად მომდის, ისაა, რომ როგორ საშიშროებასაც არ უნდა მოიცავდეს საკუთარი წარსულისათვის თვალის გასწორება, ჩემი ღირსების საქმეა, ისე მოვახერხო ეს, რომ ამავე დროს სასო არ წარმეკვეთოს, გადავრჩე და მომავლისკენ სვლაც შევძლო. მცირე ერებს უჭირთ ამის გაკეთება თუნდაც იმის გამო, რომ ისინი მუდმივად გაქრობის  საფრთხის წინაშე არიან და თეატრალურად შელამაზებული წარსულით თითქოს საარსებო ძალებს იკრეფენ. მათ შორის, ალბათ,  გადარჩებიან ისინი, ვინც ტყუილში ყოფნაზე უარის თქმას შეძლებს. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენ მეტი ღირსების გრძნობით უნდა შევხედოთ იმ გზას, რომელიც განვვლეთ, უნდა მოვიშოროთ შიშები,  და დავიჯეროთ, რომ ხვალ შეგვიძლია, ვიყოთ ისეთები, როგორებიც არასოდეს არ ვყოფილვართ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი „განდევნილი წარსული“  ახალ და ახალ მონსტრებს შობს. ახლა ერთი უცნაური რამე უნდა ვთქვა: ჩვენი ისტორიის ყველა ის პერსონაჟი, რომელიც თავისი არსებობით გვზარავს, ასეთი განდევნილი წარსულის პროდუქტებია.

- სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატრიოტიზმის გაგებაში, რელიგიასთნ დამოკიდებულებაში  და ა.შ. კვლავაც მძლავრობენ ამ ცნებების აღქმის, მათთან ურთიერთობის საბჭოური კონსტრუქციები...მაინც რამ უნდა დაანგრიოს “საბჭოთა კავშირი”?

- მესმის, რომ „საბჭოთა კავშირს“ ავტორიტარიზმის სინონიმად იყენებთ. საბჭოთა კავშირი ჩვენი წინაპრების მენტალობის პროდუქტი იყო და, პირიქით, შემდეგ იგი უკვე თავისმხრივ ქმნიდა ჩვენს მენტალობას.  მისი სახით ისტორიამ თითქოს საკუთარი სულის უკუნის წინაშე დაგვაყენა, საკუთარი თავის მახინჯი ანარეკლი დაგვანახა. ის ადამიანები, რომელთა გახსენებაც ახლა გვზარავს, ხომ ჩვენი სულის ანარეკლებია?! ჩვენ ჯერაც ვშობთ ამგვარ ანარეკლებს. ხომ გახსოვთ გოიას ნახატი, „მთვლემარე გონება მონსტრებს შობს?!“ მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, თუ ჩვენი გონება კვლავ მთვლემარე იქნება, მონსტრები კიდევ და კიდევ იშვებიან. ჩვენი სახელმწიფოს სათავეში მოსული ნებისმიერი ხელისუფალი  მანამ ჩაიდენს ათასგვარ უმსგავსობას, ან მავანი ნაციონალური ლიდერი მანამ შეეცდება ჩვენს გაბრიყვებას უსაგნო და უსაფუძვლო ბანალობებით, სანამ ჩვენ დავუშვებთ ამას, სანამ ჩვენ ჩვენი სიბრიყვით და სიზარმაცით მას ამის საშუალებას მივცემთ; სანამ კარგად არ გავიაზრებთ, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო ჩვენს ყოველწამიერ გონიერ ყურადღებას მოითხოვს და არა იმ უსაგნო ენთუზიაზმს, რომლითაც მის შექმნას ვცდილობთ ხოლმე. ის, რასაც დღეს დავუშვებ, ხვალ ჩემს ბედისწერად მომევლინება.

- სხვადასხვა დისკუსიებში ხშირად აქცენტი კეთდება საქართველოს წარსულზე, მის დიად მხარეებზე, ან მომავალზე (მაგალიTად,  „საქართველო გაბრწყიდება“, „მომავალი ჩვენია“)  რატომ ხდება აწმყოს იგნორირება? რატომაა უფრო საინტერესო წარსული დ ა მომავალი და არა ის, რაც ამ წუთში ხდება და ახლა წყდება?

-იცით, ამაზე ძალზე ხშირად ვიხსენებ ისტერიული დაავადებების ერთი ნიშანს. იგი დიდმა ფრანგმა ფსიქიატრმა პიერ ჟანემ შეისწავლა და პრეზენტიფიკაციის უნარის ნაკლულობა უწოდა. პაციენტი თავისუფლად ლაპარაკობს თავის გამოგონილ წარსულზე ან მომავალზე, მისი ცნობიერება სავსეა ყალბი წარმოდგენებით საკუთარ წარსულზე ან ფუჭი იმედებით მომავალი ბედნიერების შესახებ და არ შეუძლია, იყოს და იმოქმედოს იქ, სადაც ახლაა. ზოგჯერ ამგვარი რამ მთელს საზოგადოებებს ემართებათ. აწმყო ძალზე მძიმე ტვირთია. იგი შრომას და ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან და არა ნაცარქექიობას. ეს უკანასკნელი იოლია, თუ აწმყოს გავექცევით და წარსულისა თუ მომავლის ფანტაზიებს შევაფარებთ თავს. ყველაფერ სხვასთან ერთად, ესეც გახლავთ უმწიფარობის ნიშანი. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ რაც უფრო გავექცევით აწმყოს, მით უფრო ღრმად ჩავიძირებით საკუთარ უმწიფარობაში და მით უფრო ულმობელი აღმოჩნდება ისტორია ჩვენს მიმართ.

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი