სახელმწიფოსაგან უხერხული კითხვებით შეურაცხყოფილი დევნილები
ქუთაისში, სახელმწიფოსაგან კუთვნილი ბინების მისაღებად რიგში მდგომი დევნილები იმ კრიტერიუმებს იწუნებენ, რომელთა გათვალისწინებით დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს გასცემს.
სამინისტროს იმერეთის წარმომადგენლობაში ამ ეტაპზე შესული 800-ზე მეტი განაცხადიდან საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 20 ოჯახი დაკმაყოფილდება. თუმცა ბინების მიღებამდე დევნილებს უხერხულ კითხვებზე ასევე, უხერხული პასუხის გაცემა უწევთ.
დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოში
დევნილთა ანკეტირების პროცესი მიმდინარე წლის 19 მარტიდან მიმდინარეობს. ანკეტირების პროცესში დევნილი ოჯახების საჭიროების შეფასება ხდება. ხოლო პრიორიტეტი იმ ოჯახს ენიჭება, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.
დევნილების განცხადებით, კუთვნილ ბინებს ისინი 21 წელია უშედეგოდ ელოდებოდნენ. ახლა საცხოვრებლის მიღების შანსი გაუჩნდათ, თუმცა თვლიან, რომ დევნილების მისამართით სახელმწიფოს დამოკიდებულება მათთვის დამამცირებელია.
„ასეთი კითხვები აქვთ: რამდენ საპონს ხმარობ, რამდენი ტუალეტის ქაღალდი სჭირდება ოჯახს. სისუფთავეს თუ იცავ. რა რაოდენობის სარეცხი საშუალებები გჭირდება და თუ იყენებ? ავეჯი თუ გაქვს, რით არსებობ, თუ გეხმარება ვინმე? - ამგვარი კითხვები ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ ჰკითხო სისუფთავეს თუ იცავო. ჩვენ საცხოვრებელ ფართს ვითხოვთ, მისი შეძენა არ შეგვიძლია, თორემ სარეცხ საშუალებებს კი ვყიდულობთ რომ დავსუფთავდეთ," - ამბობს დევნილი ლალი ჩომახიძე.
დევნილების განცხადებით, მათი ნაწილი ან ახლობლებს არის შეფარებული და თავშესაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან ან კიდევ ადამიანის არსებობისათვის შეუფერებელ გარემოში უწევთ ცხოვრება.
დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოში მისული დევნილები პრეტენზიებს იმაზეც გამოთქვამენ, რომ ადგილზე რიგები დგას. რის გამოც განმეორებით უწევთ მოსვლა და მათი ოჯახის მდგომარეობის ამსახველი ანკეტის შევსებამდე რიგში დგომა.
„ერთი ადამიანის ანკეტის შევსებას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვიცდიდი, მაგრამ ჩემი რიგი არ მოვიდა. დევნილები აღშფოთებულები და უკმაყოფილოები გამოდიან. ლტოლვილები კი ვართ, მაგრამ ასე უნდა დაგვამცირონ?," - ამბობს დევნილი დარეჯან დვალიშვილი.
ბინების მსურველი მოქალაქეების ანკეტირების პროცესს გასულ კვირას თავად დაესწრო დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე. დარახველიძე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მსურველ მოქალაქეებს შეხვდა და მათ ბინების გაცემის პროცესში შეტანილი ცვლილებები გააცნო. მინისტრის თქმით, ანკეტირების პროცესი სამართლიანი, ობიექტური იქნება და მასში კითხვის ნიშნები გამოირიცხება.
რაც შეეხება დევნილებისათვის ანკეტირების პროცესში დასმულ კითხვებს, მინისტრი ამბობს, რომ მათ სურთ დევნილი ოჯახების საჭიროებების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვონ. მაგრამ დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ დევნილთა პერეტენზიების გათვალისწინებით, კითხვებში კორექტივები შეიტანონ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე