|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით პაიჭაძე: „ჩვენთან ფეხბურთის გულშემატკივრობის კულტურა განუვითარებელია"

საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად ფეხბურთი ითვლება. ხელოვნების მნიშვნელოვან დარგად, ალბათ – ლიტერატურა. რამდენად საინტერესო შეიძლება  იყოს მათი „თანამშრომლობა“?! შეუძლია თუ არა ფეხბურთს ხელი შეუწყოს „წიგნიერებას“? ან პირიქით – ლიტერატურა „დაეხმაროს“ ფეხბურთს საკუთარი პრობლემების გააზრებაში?  

ფეხბურთსა და ლიტერატურაზე გვესაუბრება ფილოლოგი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი დავით პაიჭაძე.

 ქართულ ფეხბურთს და ქართულ სახელმწიფოს, მე მგონი, მოუხდება ცნობილი ანდაზის პერიფრაზი: მაჩვენე როგორი ფეხბურთი გაქვს და გეტყვი ვინა ხარ შენ. ეს თუ  მეტნაკლებად სწორი შედარებაა, მაშინ ქართული ფეხბურთის მიხედვით  – როგორი სახელმწიფო გვაქვს და რა ხალხი ვართ ჩვენ? 

ცნობილი ანდაზის პერიფრაზი ამ შემთხვევაში არ ამართლებს. ფეხბურთის დონის მიხედვით სახელმწიფოზე ვერ იმსჯელებ. დიდი და ძლიერი სახელმწიფოებია აშშ და კანადა, მაგრამ ფეხბურთი იქ დიდად არ აინტერესებთ და არც გუნდები უვარგათ. ვერც იაპონიის ფეხბურთი ბრწყინავს მაინცადამაინც. მდიდარი და გამართული სახელმწიფოა შვეიცარია, მაგრამ ფეხბურთი ნამდილად არ აქვთ ისეთივე, როგორიც სახელმწიფო. ისტორიას თუ შევხედავთ, იქაც ვერ დავინახავთ პირდაპირ ბმას: ბრაზილიაში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ და თამაშიც სხვაზე უკეთ შეეძლოთ, თუმცა ბრაზილიას, როგორც სახელმწიფოს მეოცე საუკუნეში დრამატული ისტორია აქვს და დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარება ფეხბურთთან რომ იყოს დაკავშირებული, მაშინ 90–ან წლებამდე მათ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონობას და ერთ ვიცე–ჩემპიონობას ვერ ავხსნიდით.

პელემ რომ წიგნი დაწერა ნახევარმა ბრაზილიამ წიგნის კითხვა ისწავლა ფეხბურთელის ნაღვაწის გაცნობის სურვილითო. ეს თუ მართალია, მაშინ შეგვიძლია ფეხბურთი მივიჩნიოთ „წიგნიერების გამავრცელებლად“. და რატომ არ იყენებენ მის ამ „უნარს“ უფრო აქტიურად?

თქვენი შეკითხვა მართებულია. წერა–კითხვის უნარს ჩენში გავრცელებ არ ჭირდება, მაგრამ მკითხველი შეიძლება მართლა მიიზიდოს ფეხბურთელის და ფეხბურთზე დაწერილმა წიგნმა. ახალი თაობის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც წიგნი დაწერა –– შოთა არველაძეა.

ფეხბურთელს უნდა დაჯდეს ან მწერალი, ან ჟურნალისტი, მოკლედ, ლიტერატორი და დაეხმაროს წიგნის დაწერაში. მე მგონია, რომ იმავე თაობიდან მინიმუმ გიორგი ქინქლაძისა და კახა კალაძის წიგნები საინტერესო საკითხავი იქნება. ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, თენგიზ სულაქველიძე, ლადიმერ გუცაევი –– კარგი იქნება, მათ თუ დაარწმუნებენ და წიგნებს "დააწერინებენ".

ჩვენში ითარგმნა და გამოვიდა დიეგო მარადონას, ხორხე ვალდანოს, უეინ რუნის, ოლივერ კანის წიგნები და ეს კარგია. ბავშვობაში სიამოვნებით წამიკითხავს შოთა იამანიძის პატარა წიგნი, გურამ ფანჯიკიძის, ნოდარ გუგუშვილის, მიშა კაკაბაძის წიგნები ფეხბურთზე და თქვენი ნახსენები "მე, პელე". ტრადიცია გაწყდა და ახლა პირველი ცდებია მისი აღდგენის.

რამდენად ინტერესდება ქართული ლიტერატურა ფეხბურთით? იქნებ მხატვრულმა გააზრებებმა „უშველოს“ მთელ იმ პრობლემებს, რაც ქართულ ფეხბურთს დღეს უდგას?!

ლიტერატურის ფეხბურთით დაინტერესების პასუხად ერთ კარგ წიგნს გავიხსენებ. ესაა აკა მორჩილაძის სვეტები სარბიელში, რომლის პირველი ტომი, 1995–1997 წ.წ. გამოვიდა და მშვენიერი საკითხავია. ეს ტექსტები ახლა უფრო მეტად ლიტერატურაა, ვიდრე მათი შექმნის დროს იყო. მაგრამ მწერალთა მხატვრული გააზრებები ფეხბურთს ვერ შველის, ამ ფუნქციას ლიტერატურას არ ავკიდებდი.

ქართული სნობიზმის ბრალია თუ რატომ ხდება, რომ  ქართველი გულშემატკივარი ასე აქტიურად გულშემატკივრობს უცხოურ გუნდებს? მაშინ როცა ბევრი ქართველი ქსენოფობიას იჩენს სხვადასხვა საკითხში, ფეხბურთში რატომ აქვს ადგილი საყოველთაო ქსენოფაგიას?

უცხოურ გუნდებს გულშემატკივრობენ იმიტომ, რომ ისინი თამაშობენ კარგ ფეხბურთს. შესაძლოა, ვიღაცას გულშემატკივრობდნენ ტოტალიზატორში თამაშის გამო –– არ ვიცი. გუნდებს, რომელთაც საქართველოში გულშემატკივრობენ, არც სხვა ქვეყნებში აკლიათ გულშემატკივრები. თუმცა, იმ სხვა ქვეყნებში თავიანთი გუნდებიც "ახსოვთ" –– ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან გულშემატკივრობის კულტურა განუვითარებელია, რაც, დიდწილად, ფეხბურთის სისუსტის ბრალია.

თქვენი აზრით რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ქართულ ფეხბურთში?

არ ვიცი, ფეხბურთი დიდად აღარ მაინტერესებს. ერთი მიზეზი შეიძლება ჩვენი კულტურის თავისებურება იყოს, აკაკი წერეთლის მიერ გამოთქმული: "რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი". ფეხბურთელებს მოტივაცია არ აქვთ, რადგან ბევრი, ალბათ, არც არაფერი სურთ. სერიოზული პრობლემა უნდა იყოს მწვრთნელთა პროფესიონალიზმიც.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა