„ანტიქრისტეს ფენომენი აზროვნების წესში და ადამიანის სულიერ არჩევანთანაა პირდაპირ კავშირში“
ქართულ რელიგიურ სივრცეში ყურადღების
ცენტრში ექცევიან ნივთები, სიმბოლოები, ციფრები, რომელთაც ენიჭებათ ქრისტიანული თუ
არტიქრისტიანული სტატუსები. რამდენად გამოისახება ანტიქრისტე საგნებში?
რამდენად სახიფათოა ნახევრადცოდნა?
რატომ იჩქმალება მთავარი ქრისტიანობაში
და რატომ დომინირებს მეორეხარისხოვანი?
Newpress.ge-ის კითხვებს პასუხობს თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონი გურამ ოთხოზორია.
– ქართულ რელიგიურ სივრცეში პერიოდულად ჩნდება ხოლმე შეშფოთებები სხვადასხვა „ეშმაკეულ“ საგნებთან, გამოსახულებებთან, ციფრებთან დაკაშირებით. ამ სტატუსით ხშირ შემთხვევაში ჩვენი ელექტრონული ცივილიზაციის ტექნიკური მონაპოვრები სარგებლობენ. რამდენად გამოიხატება ანტიქრისტე საგნებში, გამოსახულებებში, ციფრებში? თუ იგი აზროვნების წესში და ადამიანის სულიერ არჩევანთანაა კავშირში?
– ვპასუხობ მოკლედ და ამომწურავად, რასაც ჩემი რწმენის
საზომის სინდისი სრულიად ეთანხმება: ანტიქრისტეს ფენომენი აზროვნების წესში და ადამიანის
სულიერ არჩევანთანაა პირდაპირ კავშირში; იმის კვალობაზე, თუ აზროვნება რამდენად ვიწროა
- არჩევანიც შესაბამისია - ადამიანი დეტერმინირებული ხდება გარეშე ათას-ერთი "ნიშნებისა
და სასწაულების" ზეგავლენით, და შესაბამისად, მისი რელიგიურობა იძენს ამ "გარეგან მტრულ
ძალებთან" ბრძოლის ფორმას. აქედან კი ერთი ნაბიჯია
ფანატიზმამდე და კარჩაკეტილობამდე, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ჭეშმარიტად
ქრისტეს არსით და სულით აღვსებული მორწმუნე ავლენს - სამყაროს მიმღებლობა, გახსნილობა
და წუთისოფლისგან გაქცევის, მისგან თავდაცვის,მასთან ბრძოლის ნაცვლად-მისი გარდაქმნა-გაკეთილშობილება მასთან
შერწყმა-შეზავების გზით.
– საბჭოთა პერიოდში არსებული რელიგიური გაუნათლებლობა, არცოდნა, შეცვალა პოსტ–საბჭოთა – ნახევრადცოდნამ. თეოლოგიური განათლების მოსურნეც ხშირ შემთხვევაში ნახევრადცოდნას ჯერდება. ეს ეთვლება განათლებად. რამდენად სახიფათოა ნახევრადცოდნა რელიგიისათვის?
– თუკი უმეცრება, გაუნათლებლობა-აგრესია-ფანატიზმის მშობელი
ხდება-ნახევარცოდნა-ფარისევლობის, გულგრილი რელიგიურობის წარმოშობას უწყობს ხელს, რაც
არანაკლები ნეგატიური მოვლენაა,ვიდრე ზემოთ დასახელებული აგრესიულობა.
– ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, რომ რასაც ეძებ ბიბლიაში იმას იპოვი. სადღეისოდ რა წარმოადგენს ბიბლიაში მასობრივი ძიების საგანს? თუ იკვეთება რაიმე ტენდენცია საქართველოში?
– ყველა ეპოქაში ბიბლია, და არა მხოლოდ ბიბლია-ზოგადად, ღმერთის
და ქრისტეს რწმენა, მისი ავტორიტეტი, ხშირად იყო საკუთარი ადამიანური დაცემული ბუნების
წამქეზებელი და არა მისი დამთრგუნველი და მასთან ბრძოლის მიზნით გამოყენებული საშუალება. რაც
შეეხება საქართველოს, შეიძლება გარეგნულად ამ მხრივ სანუგეშო სურათი არ იხატებოდეს (იმასაც
გააჩნია-ვის-რისის დანახვა ურჩევნია) მახვილი, რწმენისა და ჯანსაღი იმედის მქონე მზერა
მრავლად წააწყდება ფრიად სასიხარულო აქტივობას ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცხოვრების
მოშურნე სულთა სიმრავლის მხრივაც..
– რელიგიის სივრცეში დომინირებს "ყვითელი ინფორმაცია", რომელიც სხვადასხვა სასწაულებს ან ჰორორის ჟანრში გადაწყვეტილ აპოკალიპტურ წინასწარმეტყველებებს უკავშირდება. სამაგიეროდ სახარებაში საკმაოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ეძლევა სასწაულებს. მაინც როგორ ხერხდება მთავარის და არსებითის თითქმის სრულად მიჩქმალვა? როგორ ახერხებს მეორეხარისხოვანი ყველაზე მნიშვნელოვანის გადაფარვას?
– ამ კითხვაზე
ნაწილობრივ ზემოთ უკვე გაგეცით პასუხი...როცა ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი სული და შესაბამისი
ცხოვრებისეული გამოცდილება იკლებს - ამ ნაკლებობა-სიცარიელეს ამოავსებს ხოლმე მეორეხარისხოვანი,
რელიგიურობის ნიშნით დაღდასმული ლამის "მოსაგრეობის" დონეზე ასული ქმედებები: დაინტერესება
და გატაცება სადღაც-რომელიღაც-ადგილზე განსაკუთრებული "სტარცების" მონახულებისა, მათი
სულ უფრო სასწაულებრივი ნიჭ-უნარებით "შემკობისა", სასწაულებისა და ნიშნებისადმი ზომაზე
მეტად მიყურადებისა და მიდევნებისა...
ავტორი: ეკა კუხალაშვილი