ერთ უბანს მორგებული მერიის საბიუჯეტო პროგრამა
ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრები ტურაბელიძეების ოჯახი ხუთი წელია სახლის დამცავი ჯებირების მშენებლობას ითხოვს. ოჯახის უფროსის გიორგი ტურაბელიძის განმარტებით, მათი მრავალწლიანი თხოვნა ადგილობრივ თვითმმართველობას ამდრომდე არ დაუკმაყოფილებია.
„მერიას 2008 წლიდან კედლების გამაგრებას ვთხოვ. თუმცა, შედეგი როგორც ხედავთ არაფერია. უკვე მომბეზრდა კიდეც ამდენი ხვეწნა. მაინცდამაინც სახლი უნდა ჩამოიშალოს რომ მოგვაქციონ ყურადღება?!", - ამბობს წმ. დავით და კონსტანტინეს ქუჩა № 112-ში მცხოვრები გიორგი ტურაბელიძე.
ტურაბელიძეების სახლის დამცავი კედელი, რომელიც მდ. რიონის სანაპიროზეა, მთლიანად ჩამოშლილია. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ოჯახმა გზის პირი ერთჯერადად, თუნუქის ფილებით გაამაგრა. თუმცა, წლებმა ისიც ჩამოშალა.
„ქუჩა ვიწროა და ორმხრივი მოძრაობაა. ამიტომაც საშიშია რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდეს. გარდა ამისა, საცხოვრებელ სახლსაც ჩამონგრევის საშიშროება ემუქრება", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.
„ქალაქის ქუჩებში დამცავი ჯებირების მოწყობა" - ასეთია იმ პროგრამის სახელწოდება, რომელსაც ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლებია ახორცილებს. თუმცა, ტურაბელიძეების ოჯახს ამ პროგრამის შესახებ არანაირი ინფორამაცია არ აქვს.
„არც ვიცოდით ამ პროგრამის შესახებ. მერიას მივმართეთ იმისათვის, რომ ჯებირების მოწყობის ფინანსები არ გვქონდა და იქნებ რამეში დაგვხმარებოდა. თუკი არსებობს პროგრამა უფრო მეტად უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ჩვენს მრავალწლიან თხოვნაზე", - ამბობს გიორგი ტურაბელიძე.
ირკვევა, რომ კედლების დამცავი ჯებირების მოწყობის ღირებულება 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე მერყეობს. „ეს იმაზეა დამოკიდებული რა ზომის იქნება ჯებირი. ყველაზე მინიმალური ფასი 5 000 ლარია", - განმარტავენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
მერია აღნიშნულ პროგრამას ყოველ მეორე წელს ახორციელებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ პროგრამის არასაკმარისი ბიუჯეტში მის ყოველწლიურად განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.
ჯებირები ქალაქში ბოლოს 2012 წელს მოეწყო. გასულ წელს, 16 ქუჩის მოსაწყობად, სულ 200 000 ლარი იქნა განსაზღვრული. თუმცა, 2012 წელს პროგრამის ფარგლებში 96 800 ლარის ათვისება მოხდა. დარჩენილი 103 200 ლარიდან - 98 000 ლარი მიმდინარე წელს დაიხარჯა, ხოლო სხვა თანხის ათვისება კვლავ მიმდინარეობს.
აღმოჩნდა, რომ ჯებირების მოწყობის პროგრამა ძირითადად ჭომის დასახლებაში ხორციელდება. აღნიშნული დასახლება „უქიმერიონის" სამაჟორიტარო ოლქს ეკუთვნის. უბნის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ნემსიწვერიძის განმარტებით, ჭომას დასახლება რელიეფურად უფრო პრობლემურია, ამიტომაც ხდება ჯებირების მოწყობა ამ დასახლებაში. „მოგეხსენებათ რა რელიეფური მდგომარეობა არის ჭომის დასახლებაში. ამიტომაც ამ პროგრამის საჭიროება ამ უბანზე და გორას დასახლებაში ხდება. თუმცა, იმის გამო, ჯებირების გაკეთება ძვირია, ყველა მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული", - ამბობს კახაბერ ნემსიწვერიძე.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ქუჩებში ჯებირების მოწყობა მოსახლეობის განცხადების საფუძველზე ხდება. თუმცა, ირკვევა, რომ პრივილეგია იმ მაჟორიტარი დეპუტატის „სამეზობლოში" მცხოვრებლებს ენიჭებათ.
„ჩვენს ეზოში ჩამონგრეული იყო კედლები. ამის გაკეთებაში ჩვენს მეზობლად მცხოვრები კახა ნემსიწვერიძე ძალიან დაგვეხმარა", - ამბობს ლესელიძის ქუჩის მეხუთე შესახვევის №16 -ში მცხოვრები ახალაძეების ოჯახი. ანალოგიურად, ჯებირების მოწყობაში ნემსიწვერიძის წვლილს ხედავენ ლესელიძის მეხუთე შესახვევის №44-ში მცხოვრები ჯანელიძეების ოჯახიც.
აღსანიშნვაია, რომ 2012 წლის მსგავსად, ჯებირების მოწყობის პროგრამა 2010 წელსაც განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში დამცავი ჯებირები 8 ქუჩაში მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 998 ლარ იქნა ათვისებული.
ავტორი: თეკლა მორგოშია