|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობით მიღებული წილები ბიზნესში

დამალული ქონება,  საკუთარი და სხვისი სახელით წარმოებული ბიზნესი და კორუფციული სქემები სატრანსპორტო სფეროში წილების მისაღებად – ასეთ მეთოდებს ქუთაისელ ჩინოვნიკთა ნაწილი დღემდე მიმართავს.

ვინ როგორ იყენებს თანამდებობას ქუთაისში და რა გზით ცდილობენ ადგილობრივი ჩინოვნიკები წილების მიღებას? „ახალი გაზეთისჟურნალისტური გამოძიება აღნიშნული კითხვებით ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების ბიზნეს ინტერესების კვალზე გავიდა.

გადათამაშებული წილები ტრანსპორტში

მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ქუთაისის მერიამ ტენდერი 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოაცხადა. რა გზითაც სატრანსპორტი ხაზებზე ნებართვები 2019 წლამდე გაიცა.

18 ტენდერიდან ყველაზე მეტ ხაზზე (7 ხაზი) ნებართვა  შპს „სამგზავრო 2007"-მა მიიღო - 3 საავტობუსო და 4 მიკროსაავტობუსო ხაზზე.

შპს „სამგზავრო 2007"-ს  (რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 4 აგვისტო ) საჯარო რეესტრის მიმდინარე წლის 5 მარტის ამონაწერით, 3 მესაკუთრე ჰყავს.

კომპანიის 40%-ს ბელა აბრამიძე ფლობს, 30 %-ს  - ანდრო ჯინჭველაშვილი. ეს უკანასკნელი საქართველოს წინა მოწვევების პარლამენტარის (2004-2008/2008-2012 წწ), ამჟამად უკვე ყოფილი ვიცე-გუბერნატორის და „ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ასევე, ყოფილი ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის ახლო ნათესავია (დის ქმარი). (თავად გოჩა თევდორაძემ ვიცე-გუბერნატორობა ერთი თვის წინ, ახალ ოპოზიციურ ძალაში - „ქართველ პატრიოტთა ალიანსი" გადანაცვლების გამო დატოვა).

შპს „სამგზავრო 2007"-ის დანარჩენი  30%  შპს „თეგეტა სიტი ლაინს" ეკუთვნის.

თავის მხრივ, შპს „სიტი ლაინი" ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად 2009-2013 წლებში ჩატარებული ტენდერების ერთ-ერთი ფავორიტი ფირმაა, რომლის 10%-ს ასევე,  ანდრო ჯინჭველაშვილი ფლობს.

შპს „სიტი ლაინის" დანარჩენი 90%  შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისს" ეკუთვნის, რომელიც ასევე, გახლავთ ქუთაისის მერიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მოხედვით,  „თეგეტა მოტორსი ქუთაისს" 100 000 ლარი აქვს შეწირული „ნაციონალური მოძრაობისთვის" სწორედ 2010 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს.

აღნიშნული კომპანიის 85%-ს შპს „თეგეტა მოტორსი" ფლობს. ეს უკანასკნელი  კი ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ კოხოძის საკუთრებაა. კოხოძე  „თეგეტა მოტორსის" 70 პროცენტს ფლობს.  ხოლო დანარჩენი წილი, როგორც თავად გვითხრა, ნათესავებს აჩუქა.

კორუფციული სქემა წილების მისაღებად

ქუთაისში, სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ „სიტი ლაინსა" და „სამგზავრო 2007" -ში (საავტობუსო ხაზებს ქუთაისში მხოლოდ ეს ორი კომპანია ფლობს) წილები რეალურად გოჩა თევდორაძეს და მასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნის. მძღოლები იმ კორუფციულ სქემებზეც საუბრობენ, რომელიც გოჩა თევდორაძეს სხვა ქუთაისელ ჩინოვნიკებთან ერთად საქალაქო ტრანსპორტის სფეროში აქვს შემუშავებული.

მძღოლები სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობას არ ასახელებენ. თუმცა, მათ მიერ გაშიფრული სქემის ნაწილს, გარკვეულწილად, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ნიკა კეპულაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებს. (ეს უკანასკნელი, არსებული ინფორმაციით, სულ მალე გოჩა თვედორაძის პარტიაში გადაინაცვლებს).

გოჩა თევდორაძესთან ერთად, კორუფციულ სქემაში საკრებულოს დეპუტატი (ასევე, „პატრიოტებში" გადანაცვლებული) კახაბერ ნემსიწვერიძე ფიგურირებს, რომლის სახელსაც შპს „ავტოტრანსკორპორაცია" უკავშირდება. ეს უკანასკნელი საქალაქო ტრანსპორტში №48, №50 და №100 მიკროსაავტობუსო ხაზებს ფლობს. თავად ნემსიწვერიძე კი აცხადებს, რომ №100 სამარშუტო ხაზი მის ძმას ეკუთვნის. (თუმცა, „ავტოტრანსკორპორაციის" ოფიციალური მესაკუთრეები - დავით მატარიძე (40%), გია მონიავა (30%) და ლიანა დოღონაძე (30%) არიან.)

ქუთაისელი მძღოლების მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, გოჩა თევდორაძე, კახაბერ ნემსიწვერიძე და მათთან დაახლოებული პირები საქალაქო ხაზებზე მომუშავე სხვა კერძო კომპანიებს კონკურენციას მათ სვლა-გეზებზე ექსპერიმენტალური ხაზების შემოღებით უწევენ. კომპანიებს კი ექსპერიმენტალური ხაზების არ დამტკიცების სანაცვლოდ, წილებს სთხოვენ.

„მძღოლები ცდილობენ რაც შეიძლება მალე გაყიდონ „მარშუტკები", ვისაც ხაზი აქვს, „მარშუტკასთან" ერთად ყიდის, მოშორება უნდათ. რადგან ყველაფერი მთავრობის ხალხის არის და რა დროს ჩაანაცვლებენ თავიანთი ხაზებით და „მარშუტკებით" არავინ იცის. ყველამ სესხით ვიყიდეთ ეს „მარშუტკები", მუშაობა თუ არ გვექნა, რაღად გვინდა," - ამბობს ქუთაისში ერთ-ერთ მიკროსაავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი.

ამჟამად, ქუთაისში №33-ა ექსპერიმენტალური ხაზი (ჭახათას მიმართულებით) უკვე ორი თვეა მუშაობს.  №33-ა ხაზს  კი შპს „ავტოტრანსკორპორაცია" ფლობს. მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ექსპერიმენტალური ხაზის დამტკიცების საკითხს საკრებულო მალე განიხილავს.

უკვე მომუშავე ექსპერიმენტალური ხაზის გარდა, მძღოლების ინფორმაციით, ანალოგიურად, ექსპერიმენტალური სვლა-გეზის დანიშვნა ჭომის დასახლების მიმართულებითაც იგეგმება, სადაც თავად კახაბერ ნემსიწვერიძე ცხოვრობს და ამ უბნის მაჟორიტარი გახლავთ.

აღნიშნულ უბანში ექსპერიმენტალური ხაზის დანიშვნის შემთხვევაში ის კონკურენციას №10 მიკროსაავტობუსო ხაზსს გაუწევს, რომელსაც ორი ერთეული მირკოავტობუსი ემსახურება და მგზავრები ჭომის დასახლებაში გადაჰყავს.  მძღოლების ინფორმაციით, კახაბერ ნემსიწვერიძე ჭომაში, ახალი ხაზის სვლა-გეზს ჩიხების მიმართულებითაც აფართოებს. რის გამოც, №10 ხაზზე მგზავრთა ნაკადი მოიკლებს.

მიმდინარე პერიოდში ექსპერიმენტალური ხაზების შემოღების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში. სამაგიეროდ,  სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ შესაძლოა ქუთაისში უახლოეს პერიოდში საქალაქო ტრანსპორტის ღირებულება გაიზარდოს. (ამ დროისთვის მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულბა 40 თეთრს შეადგენს)

თავის მხრივ, ტრანსპორტზე ფასის მომატების პირობა, მძღოლების ინფორმაციით, საქალაქო ხაზებზე მომუშავე სხვა კერძო კომპანიებმა გოჩა თევდორაძისა და კახაბერ ნემსიწვერიძისგან მიიღეს. თუმცა, სანაცვლოდ, ისინი მათ დაქვემდებარებაში შემავალ ხაზებზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდას (5 ერთეულით) გეგმავენ.

„რა სისულელეა" - აცხადებს გოჩა თევდორაძე და სატრანსპორტო სფეროში წილების ფლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს, ისევე, როგორც კახაბერ ნემსიწვერიძე. ეს უკანასკნელი მხოლოდ №100 მიკროსაავტობუსო ხაზზე მისი ძმის საკუთრებას აღიარებს. აღნიშნული ხაზი თავის დროზე (2008 წელი) სწორედ ექსპერიმენტალურ  ხაზად დაინიშნა, რომელიც 50 თეთრი ღირს.

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში სხვა გადამზიდი კომპანიები განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

დამალული უძრავი ქონება

ტრანსპორტის სფერო არ არის ერთადერთი, რომელშიც ქუთაისელი ჩინოვნიკების ინტერესები ფიქსირდება.  ისინი, ასევე ქუთაისში ფლობენ უძრავ ქონებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში დეკლარაციაში არ არის ასახული. 

(პირველი ნაწილი)

ვინ რა ქონებას ფლობს და როგორ ნაწილდება წილები მშენებლობაში, იხილეთ ჟურნალისტური გამოძიების მე–2 ნაწილში, ორშაბათს, 13 მაისს, newpress.ge-ზე.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა