წყალტუბოს რეაბილიტაცია ბილბორდებზე დარჩა
წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებული 10–მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დიდი ნაწილი ამ დროისათვის საერთოდ შეჩერებულია. მათგან სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, ისიც შენელებული ტემპით.
წყალტუბოს პარკისა და სპა–ცენტრის მშენებლობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის შენობების რეკონტრუქცია, ე.წ. ცივი ტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტტურის მოწყობა, რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია–ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წყალტუბოს რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა შესრულებულიყო.
წყალტუბოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელება 2011 წელს დაიწყო. ამავე წელი მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს აღორძინების წლად გამოაცხადა. რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალიტეტისათვის ტურისტების რეკორდული რაოდენობა და მილიონობით შემოსავალი უნდა მოეტანა.
რეაბილიტაციის პირველი ეტაპისათვის 50 მილიონი, ხოლო
სამუშაოების დასრულების ვადად მიმდინარე წლის ზაფხული იყო განსაზღვრული. ჯამში წყალტუბოს
რეაბილიტაცია 200 მილიონზე იყო გათვლილი. აღნიშნული თანხების მობილიზება კი მსოფლიო
ბანკის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდების რესურსებიდან ხდებოდა.
წყალტუბოს პარკის რეაბილიტაცია დიდი პროექტის ერთ–ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, თუმცა დღეს პარკში დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობით
წყალტუბოს ადგილობრივ ხელისუფლებაში უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
წყალტუბოს პარკის მსგავსად, წყალტუბოში დაგეგმილი ერთ–ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ე.წ. ცივი ტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა.
წყალტუბოში დაგეგმილი სამუშაოების ნელი ტემპებით მიმდინარეობის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის პრემიერისათვის მიმართვის გაგზავნას გეგმავს.
ერთადერთი სამუშაო, რომლის შესრულების ტემპებს წყალტუბოში არ აკრიტიკებენ, წყლისა და კანალიზაციის სისტემის გამოცვლას უკავშირდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე