|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაალ ჩხეიძე: "ქართული სკოლის პრობლემები უმოქმედობაში გამოიხატება"

ახლახანს გამოქვეყნებული [PISA]  კვლევების შედეგების თანახმად, საქართველო, 15 წლის მოზარდების განათლების კუთხით,74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.

რა განაპირობებს განათლების დაბალ დონეს საქართველოში? newpress.ge-ს კითხვებს პასუხობს ბიბლიოთეკა lib.ge-ს დირექტორი, ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მთავარი რედაქტორი, კერძო სკოლა "ფენიქსის" მასწავლებელი ზაალ ჩხეიძე. 

- განათლების დაბალ დონეში ერთ-ერთ მთავარ "ეჭვმიტანილად" ელექტრონული ცივილიზაციის "მავნე" გავლენა სახელდება. თქვენი აზრით, სინამდვილეში რა არის აღნიშნული დაბალი შედეგის მიზეზი?

- თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, კვლევაში მონიჭებული მეტად სამწუხარო, ლამის უკანასკნელი ადგილი არავითარ კავშირში არ გახლავთ ელექტრონული ცივილიზაციის უარყოფით გავლენასთან. პირიქით, ჩვენში სასკოლო, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას სწორედ ინტერნეტ სამყაროსთან ნაკლები, თითქმის მინიმალური ინტეგრაცია წარმოადგენს.

ვფიქრობ, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, მაგალითად, როგორებიცაა კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტი, სახელმძღვანელოთა ძალზე დაბალი ხარისხი და სხვა, დამატებით პრობლემას ქმნის სკოლაში მოტივაციის ნაკლებობა.

თავისთავად ცხადია, სწავლა სწავლისთვის კიდევ კარგა ხან ვერ იქნება პოპულარული ჩვენს საზოგადოებაში, რადგან წინააღმდეგ ტრადიცულად გავრცელებული მოსაზრებისა, ჩვენი საზოგადოება სულაც არ ხასიათდება წიგნის სიყვარულით.

რაც შეეხება მოტივაციის ნაკლებობას, ეს საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული იმასთან, რომ რაგინდ ბევრსაც უნდა შრომობდეს ესა თუ ის მოსწავლე სკოლის პერიოდში, მეთორმეტე კლასში მას მაინც სხვებთან ერთად უწევს გასვლა როგორც სკოლის დამამთავრებელ, ისე მისაღებ გამოცდებზე. შესაბამისად იქნება პრეცენდენტი, რომ მხოლოდ ერთი ან გნებავთ ორი წლის სწავლით ზუსტად იმგვარივე შედეგის მიღწევა შეუძლია, რასაც მთელი თორმეტი წლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრებით.

ამ ყოველივეს ემატება ისიც, რომ არც უმაღლესი განათლება იძლევა ჩვენში მეტად დამაიმედებელ შედეგებს. ხოლო როცა 13–14 წლის ბავშვი ამ ყველაფერს აცნობიერებს, თან ნუ დავივიწყებთ, თვალსაჩინო მაგალითები ხელის გასაწვდენზეც მრავლად მოეპოვება, მას აღარავითარი სურვილი თანმიმდევრული შრომისა და განათლების მიღებისა აღარ აქვს. შესაბამისად იგი ვერც კვალიფიციურ ცოდნას ვერ იძენს და ვერც სამომავლოდ აუცილებელ შრომით უნარებს.

- სასკოლო ღონისძიებებს, რომელთაც დავსწრებივარ, თითქმის ყველა მათგნში ეთნოცენტრისტულ ღირებულებებზე ხდება აქცენტირება. ამ ჭრილში განიხილება სახელმწიფო, კულტურა, რელიგია და ა.შ. მოკლედ ერთი, საბჭოთა, იდეოლოგია შეცვალა მეორემ. რამდენად ევალება სკოლას რომელიმე იდეოლოგიის ჩანერგვა მოსწავლეებში? რამდენად სახიფათოა შოვინისტური ნარატივების გააქტიურება მოსწავლის აზროვნებაში?

- ვფიქრობ ქართულ სკოლაში მსგავსი პროცესი არ მიმდინარეობს, სიმართლე გითხრათ, გააზრებული ეთნოცენტრიზმი ან შოვინიზმი ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში არასდროს შემხვედრია.

რაც შეეხება სწავლების პროცესში რბილად რომ ვთქვათ, თავისებურად დასმულ აქცენტებს, ეს კონკრეტულ მასწავლებელთა შიშების, მათი ნაკლები განათლების და ნაკლები პროფესიონალიზმის ბრალი უფროა, ვიდრე მიზანმიმართული მავნებლობა. ვფიქრობ ქართული სკოლის პრობლემები ყველაზე თვალსაჩინოდ "რაიმეს" კეთებასა კი არა, პირიქით, უმოქმედობაში გამოიხატება. ზოგადად საზოგადოებაში განათლების დაბალი დონე ქმნის საუკეთესო საფუძველს შოვინისტური გამოხტომებისათვის. ქართული სკოლა კი უფრო იმაშია დამნაშავე, რომ სათანადოდ ვერ ებრძვის ამგვარ გამოვლინებებს აღზრდის საწყის ეტაპებზეც კი. შეიძლება იმიტომაც, რომ ბევრი ჩვენგანი ამგვარ "გულგრილობაში" ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ როცა განათლების დაბალ დონეზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არა დოსტოევსკისა და სულხან–საბას წაუკითხაობას, არამედ თანამედროვე, უკანასკნელი ნახევარი თუ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში წამოჭრილი პრობლემების, თემების, გამოწვევებისადმი სრულ უყურადღებობას. მაგალითისთვის, ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება თავისივე რამდენიმე ნაცნობს ჰკითხოს, მეოცე საუკუნის ბოლოს ლიტერატურასა, ფსიქოლოგიასა თუ ფილოსოფიაში გამოჩენილი ახალი, არა გენიალური, არამედ პირველხარისხოვანი პროფესიონალების შესახებ. ვფიქრობ შედეგი ჩვენი მკითხველისთის საეჭვო არ უნდა იყოს.
 - ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია. რამდენად ხდება მასწავლებლების მხრიდან ამის გააზრება მოზარდებთან ურთიერთობისას? 
- არ მეგულება ადამიანი ამას რომ არ აცნობიერებდეს, თუმცა პრობლემას ეს "გაცნობიერება" ვერ შველის. ქართული განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ქართველ მასწავლებელს დღიდან სკოლაში შესვლისა, არავითარი შანსი განვითარებისთვის არ აქვს.

გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩატარდა კვალიფიციური, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული სემინარები. ბოლოს როდის შეუწყო ხელი სახელმწიფომ თუნდაც შერჩეული პედაგოგების სტაჟირებას საზღვარგარეთ, ბოლოს როდის ითარგმნა ქართულად წამყვანი პედაგოგიური უნივერსიტეტების სახელმძღვანელოები, ან თუნდაც პოპულარულ ენაზე დაწერილი წიგნები სასკოლო ფსიქოლოგიის შესახებ. თუ ვინმე ამ ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკაში მის განხორციელებას ახერხებს, მას მხოლოდ უდიდესი პატივისცემა ეკუთვნის ჩვენგან, მაგრამ, ცხადია, რომ ყველას ასეთ "გმირობას" ვერ მოვთხოვთ. ჯერ პირობები უნდა შევუქმნათ მასწავლებლებს, სისტემამ ქმედითი ღონისძიებებით უნდა შეუწყოს ხელი მათ, მხოლოდ შემდეგ ექნება საზოგადოებას უფლება მკაცრად მოსთხოვოს პასუხი პედაგოგს. იქამდე კი მხოლოდ შექმნილი ვითარების გამო მწუხარების გამოთქმა და პრობლემის აღნიშვნაღა დაგვრჩენია.

- რამდენად ხედავთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სკოლებში ბავშვების კრიტიკული აზროვნებისკენ წახალისების შესაძლებლობას დ არა მხოლოდ ლოზუნგების მიწოდებას? შეიძლება ოდესმე სკოლა მართლაც იქცეს პიროვნებების სამჭედლოდ?

- ვფიქრობ, სკოლა სამჭედლოდ არ უნდა იქცეს, ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ სკოლას წინდაწინ ვუყენებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. არადა საუკეთესო შემთხვევაში ქართულმა განათლების სისტემამ მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შეიძლება მოგვცეს, ამ სიტყვების უფართოესი გაგებით.

კრიტიკული აზროვნების წასახალისებლად განუზომელი დამატებითი შრომაა საჭირო და იგივე ვერაფრით იმ 5 საათში, რომელსაც მოსწავლე დღეს სკოლის კედლებში ატარებს, ვერ მოესწრება. დამატებითი შრომით საათებს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ ერთეულები იყენებენ და ისიც მხოლოდ საკუთარი კეთილი ნებითა და სურვილით, მაშინ როდესაც, თუ შედეგის მიღწევა გვსურს ამ ყველაფერს აუცილებლად სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს. 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა