|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 175 ოჯახი დღემდე საარსებო შემწეობის მიღმა რჩება

სოციალური მომსახურების სააგენტომ შეწყვეტილი საარსებო შემწეობა ბენეფიციართა მხოლოდ ნაწილს აღუდგინა.

ქუთაისში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე „საარსებო შემწეობის“ პროგრამით სარგებლობა  655 ოჯახს შეუჩერეს. აქედან 422–მა ოჯახმა სააგენტოს დახმარების აღდგენის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, დადებითი პასუხი მხოლოდ 247 ოჯახმა მიიღო. დანარჩენი კი დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე რჩება.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები  ავალიანების ოჯახი ერთ–ერთია, რომელსაც დახმარების მიღება  აღარ აღუდგინეს.  ავალიანების სამსულიან ოჯახს, პერიოდული  გადამოწმების შედეგად, 80 000 ათასი ქულა მიანიჭეს. მათი სარეიტინგო ქულა ადრე 57 000 იყო. ოჯახის დიასახლისი, დარეჯან ავალიანი მიიჩნევს, რომ  მათ დახმარება წყლის გამათბობლის გამო შეუწყვიტეს.

„აგენტები მოვიდნენ შემოწმებაზე. წლების წინ, საბჭოთა პერიოდში შეძენილი წყლის გამათბობელი მაქვს, ის დააფიქსირეს და დახმარებაც შემიწყდა.  როგორ შეიძლება ამის გამო დახმარების შეწყვეტა?! 25 წლის შვილს კიდურები აქვს პარალიზებული. ოჯახის არც ერთი წევრი არანაირ პენსიას არ იღებს. ამ დახმარების იმედად ვიყავით და ესეც შეგვიწყვიტეს,“ – ამბობს დარეჯან ავალიანი.

ავალიანების მსგავსად, პერიოდული გადამოწმების შედეგად, „საარსებო შემწეობის“  პროგრამიდან ამოვარდა  გაპონოვის #14–ში მცხოვრები ტოფაძეების ოჯახიც. ოჯახს ერთთვიანი ლოდინის შემდეგ სააგენტოდან  მაღალი ქულა მიუვიდა.

„არ ვიცი რა გზას დავადგე და ვის უნდა მივმართო“, – ამბობს გუგულა ტოფაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტო  ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების  სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებს. თავის მხრივ,  საქართველოს მთავრობის დადგენილება  („ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“) სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს ვადებულებას აკისრებს,  მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ სააგენტოს აცნობონ. აღნიშნული ვალდებულება იმ ხეშეკრულებაშია მითითებული, რომელიც ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი ხათუნა ცანავა აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ბენეფიციართა მხრიდან ხელშეკრულების გაცნობა არ ხდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს  ბაზაში დარეგისტრირებული ოჯახების   პერიოდულ გადამოწმებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ფინანსთა სამინისტროც ჩართულია. საბოლოო გადაწყვეტრილება შეუწყდება, თუ არა ბენეფიციარს სოციალური დახმარება, ამ უკანაკნელის მიერ წოდებული ინფორმაციის თანახმად  მიიღება. სწორედ,  ზემოთ აღნიშნული სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „საარსებო შემწეობის“  პროგრამიდან  ქუთაისში  მცხოვრები 175  ოჯახი ამოვარდა.

2013 წლის მაისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის პორგრამით ქუთაისში სულ  6 614 ოჯახი სარგებლობს. 

„საარსებო შემწეობის“ პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება. პროგრამა  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფულად დახამრებას სულადობის მიხედვით (სულზე 30 ლარი) ითვალისწინებს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა