სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მაცივარში „გაუყინეს"
ქუთაისში მცხოვრები ბარდაველიძეების ოჯახი, რომელიც ორი პენსიონერი წევრისგან შედგება, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.
ბარდაველიძეების მტკიცებით, ქუთაისის მერიის სოციალური დაცვის სამსახურმა საჭიროა, მათ ოჯხზე ძველი მაცივრის გამო დაწერილი მაღალი ქულები შეცვალოს და პენსიონრებს უმიზეზოდ მოხსნილი სოციალური შემწეობა დაუბრუნოს.
გადაადგილების შეზღუდული უნარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შესაძენად საჭირო თანხის მუდმივი ძიება - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტაც, 75 წლის საწოლსმიჯაჭვულ პენსიონერს, ჟორა ბარდაველიძეს, ყოველდღიურად უწევს.
ჟორა ბარდაველიძე ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე №97 ბინაში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
პირველი ჯგუფის ინვალიდს, მძიმე დაავადება, ნერვული სისტემის ანთება აქვს. რის გამოც, ის წელსქვემოთ მოწყვეტილია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
შეზღუდული უნარის მქონე ხანდაზმულის ერთადერთი პატრონი მისი მეუღლე, ელენე ბარდაველიძეა. თუმცა 74 წლის ქალბატონს, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და ასეევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე ქმრის მოვლა უძნელდება. რის გამოც, ხანდაზმული ჟორა ბარდაველიძე, მეუღლესთვის შრომის შესამსუბუქებლად, საწოლის ფეხზე ჩაბმული თოკით მოძრაობს.
ცოლ-ქმარმა ყოველდღიურად, გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები უნდა მიიღონ. თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ხშირად არათუ წამლების, არამედ საკვების შესაძენი თანხაც არა აქვთ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ხანდაზმულებს, პენსიის გარდა, ერთადერთი შემოსავლის წყარო - სოციალური დახმარება ჯერ კიდევ 4 წლის წინ მოუხსნეს.
ბარდაველიძეების მტკიცებით, მათთვის სოციალური შემწეობის გაუქმების მიზეზი, ძველი მაცივარის ფონზე დაწერილი მაღალი ქულები აღმოჩნდა.
„მაცივარი, რომელიც ძველია და ხშირად ცარიელი, ჩვენთვის სოციალური შემწეობის მოხსნის მიზეზი გახლავთ. თუმცა არც ეს მაცივარია ჩვენი საკუთრება და არც ამ სახლის კედლები," - ამბობს ელენე ბარდაველიძე.
მისი თქმით, თავიანთ საცხოვრებელ სახლში არსებული მძიმე პირობების გამო, დროებით თავი შვილის კუთვნილ ბინას შეაფარეს.
„აქ გაზი მაინც არის და ზამთარში ვთბებით. ამ ფაქტით კი კარგად ისარგებლეს და ახსნა-განმარტების მიუხედავად, სობესიდან მოსულმა პირმა მაღალი ქულები დაგვიწერა და სოციალური დახმარება მოგვიხსნა. დღემდე მიკვირს, ან ჩემი შვილის სახლში რა დაინახეს ისეთი, როცა ყველა ნივთი ძველია. ჩემს შვილს თვითონ უჭირს საკუთარი თავის გატანა და ვერ გვეხმარება. საშინელებაა, როცა საკუთარ ქვეყანაში ავადმყოფ და წაქცეულ ადამიანს ასე უსამართლოდ მექცევიან," - ამბობს პენსიონერი ჟორა ბარდაველიძე.
შესაბამისად, ბარდაველიძეები მათი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის აღწერას და სოციალური მდგომარეობის შესწავლას თავიდან მოითხოვს.
„მართალია მაშინ ასე გვითხრეს, შვილის კი არა მეზობლის სახლშიც რომ იყოთ იმ საცხოვრებელი პირობების მიხედვით შეგაფასებთ, სადაც იმყოფებითო. თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყნად სინდისი და სამართლიანობა და ამჯერად ქუთაისის მერიის სოციალური დაცვის სამსახურიდან ყურადღებას მოგვაქცევენ," - ამბობს ელენე ბარდაველიძე.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის კახა ქორიძის თქმით, ბარდაველიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა „ახალ გაზეთთან" სატელეფონო საუბარში, ქორიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდება და ხანდაზმული პენსიონრების საცხოვრებელ პირობებს უახლოეს დღეებში პირადად გაეცნობა.
ავტორი: ანა ჯანაშია