თეატრის შენობის ნაწილი კაფე- ბარის მოსაწყობად გაიცა
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის ნაწილი, 8 წლიანი იჯარით გაიცა. იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე, კაფე-ბარის მოწყობა იგეგმება.
დრამატული თეატრის შენობის ნაწილის იჯარით გაცემის მიზეზად, თეატრისთვის დამატებითი ფინანსური შემოსავლების საჭიროება სახელდება. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში, კაფე-ბარის მოწყობა შენობის იმ ნაწილში იგეგმება, სადაც წლების მანძილზე, სამხატვრო და სადურგლო საამქროები იყო განთავსებული.
თეატრის შენობის 643 კვ. მ ფართი, ბიზნეს-საქმიანობის განსახორციელებლად, იჯარით შ.პ.ს „მესხიშვილელებმა\" აიღეს. ამჟამად კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. „მესხიშვილელები\" კაფე-ბარის გახსნას მიმდინარე წლის ბოლოს აპირებენ.
„აღნიშნული ფართის გაიჯარების ნებართვა, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტრომ მოგვცა. შესაბამისად, თეატრის მხრიდან, ყველა ოფიციალური და ფორმალური მხარე დაცულია,\" - ამბობს ლადო მესხიშვილის თეატრის იურისტი თამარ ებრალიძე.
როგორც ირკვევა, მესხიშვილის თეატრის შენობის ნაწილის იჯარით გაცემის შესახებ, კონკურსი 2010 წლის დასაწყისში გამოცხადდა. თუმცა, როგორც თეატრის ხელმძღვანელობაში განმარტავენ, კონკურსი სამჯერ ჩავარდა.
შემდგომ მცდელობაზე კი თეატრის შენობის ნაწილი იჯარით სარგებლობაში გამარჯვებულ შპს „მესხიშვილელებს\", 2010 წლის 23 ივნისს გადაეცა.
„წინა ხელისუფლებამ არ მოგვცა იმის უფლება, რომ ტერიტორია იჯარით სარგებლობაში გადაგვეცა. რადგან იმ პერიოდში თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სამშენებლო მასალები სწორედ გაიჯარებულ ტერიტორიაზე ინახებოდა,\" - ამბობს ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მმართველი გიორგი სიახარულიძე.
მისივე თქმით, თეატრის ტერიტორიის ნაწილის გაიჯარების საჭიროება თეატრისთვის დამატებითი ფინანსური შემოსავლების აუცილებლობამ გამოიწვია.
„რა დიდი დაფინანსება კი ჩვენს თეატრს აქვს, რომ დამატებითი თანხებისა და შემოსავლების საჭიროება არ არსებობდეს. ასე, რომ გაიჯარებული ტერიტორიით შემოსული თანხა, ისევ თეატრსა და მსახიობებს მოხმარდება,\" - ამბობს გიორგი სიხარულიძე.
მესხიშვილის თეატრის შენობის ნაწილის იჯარით სარგებლობის ქირა, ყოველწლიურად 25 760 ლარს, ხოლო ყოველთვიურად, 2 147 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 8 წლის მანძილზე იჯარით სარგებლობაში გაცემულმა ტერიტორიამ თეატრს 205 ათას ლარზე მეტი (206 080 ლარი) შემოსავალი უნდა მოუტანოს.
\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\
ავტორი: ჯანაშია ანა