კრიმინალური კვალი სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის საქმეში
„პედაგოგი არ არის საჯარო მოხელე. ის ვერც სასამართლოში მიაღწევს ვერაფერს. ბევრს ვერაფერს გააკეთებ, რადგან სისტემა ასეა მოწყობილი," -ეს განცხადება სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა.
გიორგი ტუღუშის თქმით, მიმდინარე წელს ომბუდსმენს სხვადასხვა რეგიონიდან 8 პედაგოგმა მიმართა. ტუღუშის განმარტებით, მათ საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც ომბუდსმენის აპარატს პედაგოგების მიმართ შეუძლია.
სახალხო დამცველის ამგვარი სკეპტიკური განცხადების მიუხედავად, იანეთის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ნონა ჩაჩუა, უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. გასულ კვირას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პედაგოგის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ჩაჩუა, ამავე სკოლის დირექტორის, გულნარა ფხაკაძის ბრძანების გაუქმებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.
ნონა ჩაჩუა იანეთის საჯარო სკოლიდან გასული წლის 22 ნოემბერს გაათავისუფლეს. პედაგოგი აღნიშნულ სკოლაში 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის მოსწავლეებს ისტორიასა და სამოქალაქო აღზრდას ასწავლიდა. იანეთის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და მისი ადვოკატის მტკიცებით, ჩაჩუა ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დაითხოვეს სამსახურიდან.
მათი თქმით, ჩაჩუა ამგვარ ქმედებებს წლების განმავლობაში ახორციელებდა. პედაგოგის ადვოკატის მტკიცებით, კი ჩაჩუასა და მის კოლეგებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამ უკანასკნელმა იანეთის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი საპატრულო პოლიციასა და განათლების სამინისტროს შეატყობინა და მოძალადე მასწავლებლის დასჯა მოითხოვა.
ნონა ჩაჩუას მოწინააღმდეგე მხარის, იანეთის საჯარო სკოლის დირექტორისა და მისი ადვოკატის მტკიცებით, ჩაჩუა პედაგოგისათვის შეუფერებელ საქციელს ავლენდა და მასწავლებელთა საუბრების აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. გარდა ამისა, ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კოლეგებს და კეთილგანწყობით არც დირექტორის მიმართ გამოირჩეოდა. გულნარა ფხაკაძის თქმით, სკოლის სამეურვეო საბჭომ და ეთიკის კომისიამ ჩაჩუას გადაცდომებზე იმსჯელა, რის საფუძველზეც დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო. ფხაკაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩაჩუას გათავისუფლებას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლებიც ითხოვდნენ. იანეთის საჯარო სკოლის დირექტორის ინტერესების დამცველის თქმით, პედაგოგი ხშირ შემთხვევაში ხელს უშლიდა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას. გარდა ამისა, არ ასრულებდა სკოლის დირექტორის მითითებებსა და არ ცნობდა მის უფლებამოსილებას.
„ჩაჩუა იყო კონფლიქტური პიროვნება. მე დანიშვნის დღიდან შევეცადე მასთან კონტაქტში შევსულიყავი. მივეცი სადამრიგებლო კლასი და ისიც დამპირდა, რომ იმუშავებდა ისე, როგორც პედაგოგს შეეფერებოდა. თუმცა მისგან შეურაცხყოფას ყოველდღე ჰქონდა ადგილი. მასწავლებლები სამასწავლებლოში ვერ შედიოდნენ, როცა ის იქ იყო. ნონა ჩაჩუა ჯერ კოლეგების გამოწვევას ახორციელებდა და შემდეგ აუდიო ჩაწერას აკეთებდა. ჩემს შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი. მეუბნებოდა, რომ მე არ მეკუთვნოდა სკოლის დირექტორობა და ის ადგილი მისი იყო. მასწავლებლების კოლექტიურმა განცხადებამ გადაწყვეტილების მიღება მაიძულა," -ამბობს გულნარა ფხაკაძე.
ნონა ჩაჩუას თქმით, მისი გათავისუფლება დირექტორის პირადი გადაწყვეტილება იყო. პედაგოგის განცხადებით, სამსახურიდან მის დათხოვნას, სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის ოქმებს კავშირი არ აქვს.
„თუ წლების განმავლობაში ეთიკის ნორმებს ვარღვევდი, რატომ არ წარმოადგინეთ ამის მტკიცებულება? მე დღეს სკოლა დამატოვებინეს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ამ სკოლაში დავბრუნდე. შემთხვევით, იმის გამო ხომ არ გამათავისუფლეს, რომ გულნარა ფხაკაძის ფინანსური მაქი
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე