რას წერდა პირველი რესპუბლიკის პრესა
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ "ერთობის" 1920 წლის 29
სექტემბრის ნომრის პირველი გვერდი ნეკროლოგებსა და მთავარ თემას - დამოუკიდებელი საქართველოს მიერ ფინანსურ კრიზისთან გამოცხადებულ ბრძოლაზე საუბარს ეთმობა.
გაზეთში ცალკე გვერდი უკავია დეპეშებს საზღვარგარეთიდან. მხოლოდ ერთი დეპეშა გვხვდება ბათუმიდან და ისიც უცხოელი სტუმრის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება: "დღეს, დილის 9 საათზე ბათომში ჩამოვიდა კ. კაუცკი თავისი მეუღლით. კარგათ არიან!"
"ახალი ამბების" რუბრიკა მთლიანად საქართველოს ყოფით პრობლემებს უკავშირდება. გაგაცნობთ ერთ მათგანს: "სასურსათო განყოფილება აცხადებს, რომ მან მიიღო მთელი რიგი ზომებისა პურის ღირსების გასაუმჯობესებლად. მას იმედი აქვს, რომ პურის ღირსება მოკლე ხანში საგრძნობლათ გაუმჯობესდებ"...
საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანოს გამოცემის, გაზეთ "საქართველოს" 1921 წლის 17 თებერვლის პირველ გვერდს სხვადასხვა შინაარსის განცხადებები ავსებს, მეორე გვერდიდან კი მთავარ თემას - რუსეთ-სომხებთან ომს განიხილავენ. სტატია ქვესათაურებადაა დაყოფილი: "ნ. ჟორდანიას მოწოდებ" საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის საოლქო შტაბებს, საგანგებო რწმუნებულს, აფხაზეთის კომისარიატსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება: "მოხდა უსაზიზღრესი მუხანათური თავდასხმა, გაბოროტებულ სომხეთს მიემხრო აზერბაიჯანი და იქ მდგომმა ბოლშევიკურმა ჯარებმა შემოგვიტია... დადგა ჟამი ჩვენი ყოფნა არ ყოფნისა...
აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალ-ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით სასტიკი წესიერება. ალაგმეთ მოღალატენი და ორგულნი. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბოლშევიკები გაგვძარცვავენ და გაგვჟლეტენ"...
გაზეთში კიდევ რამდენიმე მოწოდებაა, რომელიც ქართველებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს: "თავხედი მტერი (იგულისხმება ბოლშევიკური არმია - ი. ხ.) კარზე მოგვადგა! მტერი დაუნდობელი და ჩვენი თავისუფლების უარისმყოფი, უსინდისო და ლაჩარი; მტერი, რომელიც მალვით და ქურდულად თავს დაგვესხმის და ომის წესების ფეხქვეშ გათელვით სრულიად ააშკარავებს თავის მყრალ ბუნებას"...
სტატია სათაურით "დამფუძნებელ კრებაში"
საქართველოზე საბჭოთა სომხეთის თავდასხმას ეძღვნება. კრებას, როგორც ჩანს, უცხოეთის სახელმწიფოთა, ასევე, საქართველოს პრესისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებიან. მოტანილია საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას სიტყვა: "მოქალაქენო! განმეორდა 1918 წლის ამბავი. სომხეთი კვლავ ვერაგულად თავს დაგვესხა, მან კვლავ ააფრიალა სისხლის და ომის დროშა და ჩუმათ, მუხანათურათ შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში...
რის და ვისი იმედით იწყებენ ომს ეს გაქცევას დაჩვეული ხალხი?"
ამავე სტატიაში დაბეჭდილი სპირიდონ კედიას სიტყვა: "დიდი საბჭოთა რუსეთი, დღევანდელი რუსეთი იმავე პოლიტიკით და იმავე დაპყრობითი მიზნებით არის გატაცებული და იმავე იმპერიალისტურ გზას ადგია, როგორც რუსეთი რომანოვებისა"...
წყარო www.ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი