|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მილიარდერების ყველაზე ფანტასტიკური პროექტები

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბევრი ადამიანია, რომლებიც ქველმოქმედებაზე უამრავ თანხას ხარჯავს. სულ უფრო მეტი მილიარდერი უერთდება ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ მოძრაობას Giving Pledge, რომლის მონაწილეებიც შეჭირვებული ადამიანებისთვის საკუთარი ქონების სულ მცირე ნახევრის გაღების ვალდებულებას იღებენ.

თუმცა ზე–მდიდარ ადამიანებს მხოლოდ ქველმოქმედება არ იტაცებთ. ზოგჯერ ისინი საკუთარ ქონებას სრულიად სხვა სახის პროექტებზე ხარჯავენ, რომლებიც სამეცნიერო–ფანტასტიკური რომანების სიუჟეტებს უფრო გავს. ერთ–ერთი ბოლო მაგალითია მილიარდერ ელონ მასკის გეგმა, შექმნას ზე-სწრაფი სატრანსპორტო სისტემა Hyperloop, რომელიც ლოს–ანჯელესს სან–ფრანცისკოსთან დააკავშირებს.

კრიტიკოსები ასეთ ადამიანებს ხშირად აკრიტიკებენ თანხების უაზრო ხარჯვის გამო, თუმცა თავად მილიარდერებს სჯერათ, რომ მათი იდეების რეალიზება შესაძლებელია და ადრე თუ გვიან ისინი მსოფლიოს შეცვლიან.

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო, ლარი ელისონი, ქონება - 43 მილიარდი დოლარი

ამბობენ, რომ ახალგაზრდობის ფულით შეძენა შეუძლებელია. თუმცა IT–გიგანტის Oracle–ის 67 წლის ხელმძღვანელი ლარი ელისონი ამას არ ეთანხმება. ბიზნესმენი საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანია: ის არა მხოლოდ იახტებისადმი სიყვარულითა და თვითმფრინავების პილოტირებითაა ცნობილი, არამედ უზარმაზარ თანხებს ხარჯავს სიბერისგან განკურნების წამლის ძიებაში. ლარი ელისონის ფონდი გერონტოლოგიური კვლევების უდიდესი სპონსორია მსოფლიოში.

ვერტიკალური დაშვების სისტემის მქონე რაკეტა, ჯეფ ბეზოსი, ქონება 25,2 მილიარდი დოლარი

ინტერნეტ–მაღაზია Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი არა მხოლოდ წარმატებული მეწარმე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების ენთუზიასტიცაა.

ის აფინანსებს Blue Origin–ს, აეროკოსმოსურ კომპანიას, რომელიც გასული საუკუნის 40–იანი წლების ფინანსისტების ოცნებას ახორციელებს ვერტიკალური დაშვების რაკეტის შექმნის შესახებ.

თუმცა Blue Origin–ი ამ თამამი იდეის რეალიზაციას არ ჩქარობს. ამასობაში კი ელონ მასკის კომპანიამ Space X–მა საკუთარი სუბორბიტალური რაკეტის Grasshopper–ის გამოცდა დაიწყო.

მთვარემავალი, ლარი პეიჯი, ქონება 23 მილიარდი დოლარი

მრავალი მილიარდერი კოლეგისგან განსხვავებით, Google–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი ფატნასტიკური პროექტებით დიდად გატაცებული არ არის, თუმცა მას ფანტასტიკის სფეროსგან შორს მყოფ ადამიანსაც ვერ ვუწოდებთ. მაგალითად, მან მოიწონა კონკურს Google Lunar X PRIZE–ის ჩატარების იდეა, რომლის გამარჯვებულიც გახდება კომპანია, რომელმაც შექმნა და წარმატებით ჩაუშვა საკუთარი მთვარემავალი. პრიზი 30 მილიონ დოლარს შეადგენს. პეიჯის გატაცება ამ პროექტით არ შემოიფარგლება: დროდადრო მას ხედავენ სამეცნიერო კონფერენციებზე, რომლებიც „მწვანე“ ავიაციას ეძღვნება – ესაა ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე თვითმფრინავები.

დედამიწის მიღმა ცივილიზაციების ძიება, პოლ ალენი, ქონება 15 მილიარდი დოლარი

Microsoft–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ცნობილია იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებს ადამიანის ტვინის შესწავლას.  ალენს სხვა უცნაური გატაცებაც აქვს: ის აფინანსებდა ტელესკოპის შექმნას, რომელსაც „ალენის ანტენის ბადე“ ეწოდება და რომლის მიზანიც უცხოპლანეტელთა სიგნალების ძიებაა.

ტელესკოპი 42 თანამგზავრული ანტენისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის დიაგონალი 6 მეტრს შეადგენს.

კომპლექსი მზის სისტემას და მეზობელ გალაქტიკებს აკვირდება, სწავლობს გამა–გამოსხივების აფეთქებებს, რომლებიც, ენთუზიასტების რწმენით, შესაძლოა დედამიწის მიღმა არსებული ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი, დაშიფრული გზავნილები იყოს.

კერძო კოსმოსური ხომალდები, ელონ მასკი, ქონება 2,7 მილიარდი დოლარი

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ამერიკელი ინჟინრისა და მეწარმის ელონ მასკის პროექტი განხორციელდა, მისი ქონება მომენტალურად გაიზრდება.

სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კერძო კოსმონავტიკის იდეას მწერალ–ფანტასტის წარმოსახვის შედეგად მოიხსენიებდნენ. დღეს კი „ნასა“ გეგმავს  დაიქირავოს მასკის რაკეტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით.

მცურავი ქალაქები, პიტერ ტილი, ქონება 1,6 მილიარდი დოლარი

ტილი თამამი ინოვაციური იდეებითაა ცნობილი, თუმცა ყველა მათგანი კომერციულად წარმატებული არ არის.

მან ქონება ონლაინ–გადახდების სისტემის PayPal–ის შექმნით დააგროვა, გახდა Facebook–ის ერთ–ერთი პირველი ინვესტორი. მილიარდერი ფულს დებს YouTube–ის, LinkedIn–ის, Slide–ისა და Yelp–ის ინტერნეტ–პროექტებში.

ტილის მიზანია მსოფლიოს შეცვლა, ამიტომ მილიარდერი აქტიურად დებს ფულს უცნაურ იდეებში – კერძო კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიებით დაწყებული გერონტოლოგიის სფეროში ინვესტირებით დასრულებული. ბიზნესმენი ასევე დებს ფულს არაკომერციულ ორგანიზაცია Seasteading Institute–ში, რომელიც ოკეანის შუაგულში მცურავი ქალაქ–სახელმწიფოების პროექტზე მუშაობს.

კონცეფციის მიხედვით, თუკი რომელიმე ქალაქის მცხოვრები უკმაყოფილოა საკუთარი მთავრობით, შეუძლია მშვიდად გადაცუროს მეზობელ მცურავ კუნძულზე. ტილის იდეა ყველას არ მოსწონს, მაგრამ მილიარდერი წყნარადაა და აცხადებს: „ყურადღებას ნუ მიაქცევთ სკეპტიკოსებს. ისინი ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელია, და ჩვენ სერიოზულად არ აღგვიქვამენ. ამიტომ, როდესაც ისინი ჩვენს შეჩერებას მოისურვებენ, უკვე ძალიან გვიანი იქნება.“


წყარო: commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი