საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ
პაბლო პიკასოს აზრით, მხოლოდ ორი ტიპის ქალი არსებობს - ქალღმერთები და მოახლეები. ამაში რაღაც ჭეშმარიტება არის, ყველა ქალღმერთი მზეთუნახავი არ არის და ყველა მზეთუნახავი - ქალღმერთი.
"ქალი-მზე" მატა ჰარი
ევროპული სტრიპტიზის სათავეებთან მდგარი ქალი
ცხოვრებისეული კრედო: "ცეკვა პოემაა, მასში ყველა მოძრაობა სიტყვაა". გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: ჩვეულებრივი სახელის მქონე მარგარეტა გერტრუდა ზალეე მოგვიანებით ეგზოტიკურ "აისის თვალის ჩინად" გადაიქცა. როგორც იტყვიან, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე იმიტომ გათხოვდა, რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო. განა გასაკვირია, რომ მისი ქორწინება ოფიცერ რუდოლფ მაკლიდთან ბანქოსგან ნაშენები სახლივით დაიშალა და მარგარიტა პარიზში გაიქცა, რომელიც "ქმრისგან გამოქცეულ ყველა ქალს" ხიბლავს. საფრანგეთის დედაქალაქში მოცეკვავის ცხოვრებამ მკვეთრი პირუეტი გააკეთა. მისიე გიმემ, უმდიდრესმა მეწარმემ და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, რომელიც მოიხიბლა გერტრუდათი, მისთვის ფსევდონიმად მატა ჰარი მოიფიქრა და ნება დართო აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში ეცეკვა. მალე მთელი პარიზი აღფრთოვანდა სტრიპტიზის ახალგაზრდა მოცეკვავით. იტალიელი კომპოზიტორი, ცნობილი "ტოსკას" ავტორი პუჩინი ყვავილებს უგზავნიდა, ფრანგმა კომპოზიტორმა ჟიულ მასნემ აღიარა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც მის ცეკვას უყურებდა. ჯერი გერმანელ ლეიტენანტზე მიდგა (დაბალი ჩინი ნუ შეგაშინებთ, მას საკმარისზე მეტი ფული ჰქონდა), იგი ბირჟის მაკლერმა შეცვალა. შემდეგ მატა ბანკირის მკლავებში აღმოჩნდა. როგორც წესი, მეხოტბეები მშვენიერ მოცეკვავეს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა. იგი შპიონაჟისთვის დახვრიტეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მატა ჰარი თავის მომხიბვლელობას საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.
"ცისფერი ანგელოზი" - მარლენ დიტრიხი
მსახიობი და მომღერალი
მამაკაცებს ის ქალები უფრო მოსწონთ, რომლებიც მამაკაცებით არიან დაინტერესებული, ვიდრე ისინი, რომელთაც ლამაზი ფეხები აქვთ", - დარწმუნებული იყო მარლენ დიტრიხი.
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: მარლენი ცოლად პროდიუსერ რუდოლფ ზიბერს გაჰყვა, რომელიც "მეორე შეხვედრისას ყურებამდე შეუყვარდა და მრავალი წლის განმავლობაში ეტრფოდა". მაგრამ ეს გრძნობა და გათხოვილი ქალის სახელი (ცოლ-ქმარი ხუთი წელი ცხოვრობდა ერთად, მაგრამ არასოდეს გაყრილან) ვეღარ ახდენდა გავლენას მსახიობის ცხოვრებაზე. მას სხვაზე ზრუნვა მოთხოვნილებად ექცა, და... მეგობრული გრძნობები უფრო ძლიერ გრძნობებში გადაიზრდებოდა. "იგი ჩემთვის მამაკაცის იდეალი იყო საკუთარი შვილივით მიყვარდა, მან ქალიშვილი შემიცვალა, როდესაც იგი ჩემ გვერდით არ იყო", - ასე აღწერდა მარლენი ჟან გაბენთან ურთიერთობას, რომლის გამოც ფრანგული წვნიანების მომზადებაც კი ისწავლა.
"ცისფერმა ანგელოზმა" რემარკსაც გაუბზარა გული. "ანგელოზი, ჯადოსნური, ღვთიური არსება, საყვარელი, საოცნებო", - აღფრთოვანებით ამბობდა დიტრიხზე მწერალი, მაგრამ საყვარელ ქალს მაინც არ აჩუქა სეზანის ნახატი, რომლის მიღებაზეც ოცნებობდა. პარალელურად, მრავალი წლის განმავლობაში დიტრიხს მიმოწერა ჰქონდა კიდევ ერთ მწერალთან - ერნესტ ჰემინგუეისთან, რომელიც "ერთი ნახვით შეუყვარდა" "უსაზღვრო და უკიდეგანო" სიყვარულით. მსახიობის აღიარებით, მათ უიმედო სიყვარული აკავშირებდათ. მარლენს ბეჭდებისა და იმ მამაკაცებისგან გამოგზავნილი წერილების კოლექცია ჰქონდა, რომლებიც ცოლობას სთხოვდნენ.
დედოფალი, რომელსაც არ მიმართავდნენ - "თქვენო უმაღლესობავ"
უოლის სიმპსონი - ორჯერ გაყრილი ამერიკელი ქალი
"ჩემი ამბავი უბრალოა - ეს ჩვეულებრივი ქალის ისტორიაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ბედი ჰქონდა..." - მიიჩნევდა უოლის სიმპსონი.
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: ედუარდ VIII-სთან შეხვედრამდე უოლისმა მოახერხა ამერიკელი მფრინავის ცოლი ყოფილიყო, ერთი წელი არგენტინელ დიპლომატთან ეცხოვრა. მასთან დაცილების შემდეგ გულის გადასაყოლებლად ჩინეთში წასულიყო (როგორც ამბობენ, იქ თავისი ეროტიკული შესაძლებლობების გამოვლენა მოახერხა) და "დიახ" ეთქვა მეორე ქმრისთვის, რომელიც ინგლისელი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესთან არაფრის მთქმელი საუბარი ცენტრალური გათბობის შესახებ გრანდიოზული რომანის დასაწყისი იქნებოდა? მისის სიმპსონისადმი მეფის სიყვარული კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამოვლინებად მიიჩნევა. როდესაც არჩევანის წინაშე დადგა სიყვარული თუ გვირგვინი - პრინცმა სიყვარული აირჩია. იგი არც იმან შეაშფოთა, რომ მისი საცოლე მასზე 16 წლით უფროსი და ორჯერ განათხოვარი იყო. უფლისწულმა ტახტზე უარი თქვა. ედუარდმა ხალხს სიტყვით მიმართა: "უნდა გამიგოთ, როცა გეუბნებით, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა მეტარებინა მძიმე პასუხისმგებლობა და შემესრულებინა მეფის მოვალეობები ისე, როგორც მინდოდა, იმ ქალის დახმარების გარეშე, რომელიც მიყვარს". მიუხედავად იმისა, რომ უოლისი ცოლად სამეფო ოჯახის წევრს გაჰყვა, ოფიციალურად აკრძალული იყო მისთვის მიემართათ "თქვენო უმაღლესობავ!".
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი