ორ წლამდე ასაკის ბავშვები უფასო ბაღებს მიღმა დარჩნენ
სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ბაღებში, აღსაზრდელების მიღების წესმა ცვლილებები განიცადა. ცვლილებების საფუძველზე, უფასო სახელმწიფო ბაღებში ბავშვთა მიღების ასაკი შეზღუდულია. აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2013 წლის 16 სექტემბრიდან, უფასო საბავშვო ბაღებში, მხოლოდ 2 წლიდან 6 წლამდე აღსაზრდელებს მიიღებენ.
ბაღებში აღსაზრდელების მიღების წესში შესული ცვლილებების
გამო, მშობლები პრეტენზიებს გამოთქვამენ. „ისე
ვარ აწყობილი სამსახურში, რომ ბავშვს სამუშაო
საათებში ბაღში ვტოვებ. შემდეგ კი ვაკითხავ.
ამ ცვლილების გამო, თუ იმის საშუალება არ მაქვს რომ შვილი კერძო ბაღში გადავიყვანო,
რა ვქნა? სად წავიყვანო ჩემი წლის და რვა თვის ბავშვი?“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები თამარ კოსტავა.
ცვლილებით უკმაყოფილო მშობლები იმასაც ფიქრობენ, რომ
კანონი, კერძო ბაღების პოპულარიზაციისთვის შეიცვალა.
,,ამ ქვეყანაში უფასო არაფერია,რადგან სიტყვა უფასო
მოჩვენებითია. ყოველთვის ასე იყო, ერთი ხელით რაღაცას გაძლევენ და მეორე ხელით გართმევენ.
ასეა ახლა ბაღებზეც, თითქოს უფასო გახადეს, მაგრამ ასაკი შეზღუდეს. რაც იმას ნიშნავს,
რომ იგივე თანხა ალბათ მაინც შევა ბიუჯეტში,“
– ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო ჯინჭარაძე.
მშობლებისთვის მიუღებელი ცვლილებები, როგორც აღმოჩნდა
ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის მისაღებია. მეტიც, როგორც ბაღში მომუშავე პერსონალი
ამბობს, ამ გზით, მათ საქმე შეუმსუბუქდებათ.
,,ერთის მხრივ ჩვენთვის კარგია ეს ცვლილება, რადგან
მომვლელებს ძალიან უჭირდათ 2 წლამდე ბავშვების მოვლა. ეს ძალიან შრომატევადი და რთული
საქმეა. თუმცა, მეორეს მხრივ, რასაკვირველია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდნენ მშობლები,“
– ამბობს N 3 ბაგა–ბაღის გამგე ნატო ხაჯალია.
მისივე თქმით, ბაღში ამ დროისთვის აღსაზრდელების საბუთების გადამოწმება მიმდინარეობს.
საბუთების გადამოწმების შემდეგ კი, მცირეწლოვნებს, რომლებსაც ორი წელი არ შესრულებიათ,
ბაღიდან გაუშვებენ.
როგორც ქუთაისის ბაგა–ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი,
მაია პაქსაძე ამბობს, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით მოხდა ბაღებში ბავშვთა მიღების
წესის შეცვლა.
,,ცვლილებების თანახმად, 2 წლამდე ასაკის ბავშვს ბაღში
ვერ მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ
ხარჯვად. ასე, რომ კანონი ჩემთვის უზენაესია
და ვალდებული ვარ, ბაღში მაშინ მივიღო ბავშვი,
როცა ის 2 წლის გახდება,“ – ამბობს ქუთაისის
ბაგა–ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე.
ქუთაისში, სულ 35 სახელმწიფო ბაღის ფუნქციონირებს, სადაც 9 000 – მდე აღსაზრდელი ირიცხება.
ავტორი: ანა ჯანაშია