|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის ეკუთვნის საქართველო: იაკობაშვილი – კეზერაშვილის კომპანიების ახალი მესაკუთრე

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დავით იაკობაშვილმა, თბილისში დაბადებულმა, მაგრამ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, რომელიც შვედეთის პასპორტით სარგებლობს, რამდენიმე სარეკლამო და ენერგეტიკული კომპანია შეიძინა, რომლებსაც საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს“  ინფორმაციით, მანამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა (ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით).

"როგორც ირკვევა, 2011 წლიდან იაკობაშვილი რამდენიმე ენერგეტიკულ კომპანიაში კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიებს ოფშორული ჰოლდინგები ფლობს, იაკობაშვილის ცნობადობა კი ქართულ საზოგადოებაში ძალზე დაბალი იყო, მისი კავშირები მხოლოდ  მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა საჯარო" – ნათქვამიასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“– მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბლოგში.

კეზერაშვილის ბიზნესინტერესები

დავით კეზერაშვილს – შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს –  კორუფციაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მას ბრალად ედება 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მისი საჯარო სამსახურში ყოფნის დროს. თებერვალში კეზერაშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 2008 წელს ჯოზეფ ქეის ტელეკომპანია „იმედში“ საკუთარი წილის დათმობა აიძულა. კეზერაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.

"კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და  საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს," – ნათქვამიასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“– მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ანგარიშში "საქართველოს სარეკლამო ბაზარი"  აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ და/ან  დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:

  • „ჯენერალ მედია“ - სარეკლამო გაყიდვების სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება;
  • „აუთდორ ჯი“ - გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი „სმოდ ედვერთაიზინგი“ აკონტროლებს, რომელიც, როგორც ირკვევა, დე ფაქტო, „აუთდორ ჯის“ შვილობილი კომპანიაა. „აუთდორ ჯის“ მთავარი აქციონერი  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Adprojects Inc.-ია (70%), „სმოდს“ კი სრულად პანამური Smod Equtiy ჯგუფი ფლობს.
  • კეზერაშვილთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოთა შორისაა: „მედია პორტი“, „ედ უინდფორსი“, „ედ კორპორეიშენ“, „BSM ჯორჯია“.
  • დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი ნომინალური მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ დირექტორი იყო, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთება კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტისადმი. დიმიტრი ჩიქოვანი მინდობილობით წარმოადგენდა ასევე Adprojects Inc.-ს, „აუთდორ ჯის“ მესაკუთრეს, და დღემდე წარმოადგენს „ლექსორ კაპიტალს“, რომელიც „საქართველოს ლატარიის კომპანიის” 30%-იანი წილის მფლობელად რჩება.
  • 2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ „გალფის“ მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც „გალფის“ დაახლოებით 140  ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.
  • 2009 წლამდე ალექსანდრე გოგოხია - „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გამგეობის წევრი, „აუთდორ ჯის“ ფინანსური მენეჯერი და Smod Equity-ს წარმომადგენელი -  „უნივერსალ კაპიტალ გრუპის“ (Universal Capital Group) დირექტორი იყო. გამორიცხული არ არის, რომ გოგოხიაც იმ ადამიანთა შორის ყოფილიყო, ვინც საქართველოში კეზერაშვილის აქტივებს მართავდნენ. "უნივერსალ კაპიტალ გრუპი" წამყვანი სარეკლამო სააგენტო „მედია პორტის” 60%–ს ფლობს; მასვე ეკუთვნის 100% შპს "UCG ტრანსში" (ფოთის ტერმინალის ოპერატორი) და 24,497% აგარის შაქრის კომპანიაში".
  • გაყიდვამდე „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ Rylf Managment SA-ის (პანამა) კუთვნილება იყო. ეს უკანასკნელიც ფორმალური ჰოლდინგია, რომელიც, შესაძლოა, კეზერაშვილს ეკუთვნის. მისი წარმომადგენილია იოსებ მგელაძე, რომელიც „უნივერსალ კაპიტალ გრუპის“  დირექტორი იყო. Rylf Management SA-ს მთელი რიგი კომპანიები ეკუთვნის, მათ შორისა „UCG გრინ ფაუერი“ და „UCG აგრო“. Rylf Management SA-ს წარმოადგენს ივანე ნაკაიძე, რომელიც  2012 წლის ივლისამდე „ჩენელ ენერჯის“ (ნავთობტერმინალის ოპერატორი ფოთის პორტში) ფინანსური დირექტორი იყო. "ჩენელ ენერჯი" „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მფლობელია (32.67%).
  • 2012 წლის დეკემბრამდე „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ ჟურნალ "ტაბულას"  51% ეკუთვნოდა. 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული კი ამ წილებს „UCG გრინ ფაუერ“-ი ფლობს. ეს კომპანია, თავის მხრივ, Rylf Management SA-ის კუთვნილებაა. ამ პანამური კომპანიის ოფიციალური მფლობელების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტაბულა“, რომელმაც სატელევიზიო მაუწყებლობა არაკომერციული ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების ფონდის“ კუთვნილ სიხშირეზე იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო, ოფშორული კომპანიის თანასაკუთრებაშია. ჟურნალ „ტაბულას“ თანამფლობელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კეზერაშვილი Rylf Management SA-სთან დაკავშირებული არ არის და რომ ამ ოფშორული კომპანიის უკან ქართველი ბიზნესმენები დგანან. თუმცა ჩერგოლეიშვილმა მათი სახელების გამჟღავნება არ ისურვა. გამომდინარე იქიდან, რომ თავად „ტაბულას“ სამაუწყებლო სიხშირე არ აქვს, ის კანონით ვალდებული არ არის გაამჟღავნოს ოფშორული მფლობელები. ეს აშკარა ხარვეზია მედიასაშუალებათა მფლობელობის გამჭვირვალობის მარეგულირებელ წესებში, რომელთა თანახმადაც ოფშორულ სუბიექტებს მაუწყებლობის ლიცენზიის ქონა ეკრძალებათ და ბენეფიციარ მეწილეთა  სრული გასაჯაროება ევალებათ.

დავით იაკობაშვილი

არჩევნების შემდეგ კეზერაშვილის ზემოთ ჩამოთვლილი აქტივების უმეტესობა დავით იაკობაშვილმა შეიძინა.

Forbes Russia იაკობაშვილის ქონებას 950 მლნ. აშშ დოლარად აფასებს. იაკობაშვილი  რძისა და წვენების მწარმოებელი რუსული კომპანიის Wimm-Bill-Dan-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და თავმჯდომარე იყო. Wimm-Bill-Dan-ი PepsiCo-მ 2010 წელს 4.2 მილიარდ აშშ დოლარად შეიძიენა. SEC-ის 2011 წლის მონაცემებით, მან რუსეთში დააარსა და განავითარა რიგი „მსხვილი სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, სამთო და გასართობი ჰოლდინგები". იაკობაშვილი ამჟამად  Sistema JSFC-ის გამგეობის დამოუკიდებელი წევრია (ფლობს 0.0031%-იან წილს). საკუთარი ვებსაიტის თანახმად Sistema რუსეთსა და დსთ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც ინვესტიციები აქვს ტელეკომუნიკაციების, მაღალი ტექნოლოგიების, ნავთობისა და ენერგეტიკის, რადარებისა და კოსმოსის, საბანკო, საცალო, მასმედიის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მომსახურების სფეროებში. იაკობაშვილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და სხვა ბიზნესასოციაციების საქმიანობაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ევროპული დემოკრატიის ფორუმის ეკონომიკურ მრჩეველთა სენატში.

იაკობაშვილის აქტივები საქართველოში:

  • იაკობაშვილმა „სმოდ ედვერთაიზინგი“ 345, 000 აშშ დოლარად შეიძინა Milarm International Corp-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეშვეობით. 2013 წლის მაისში იაკობაშვილის წარმომადგენელმა საქართველოში, ალექსანდრე ბერიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა იაკობაშვილის საკუთრებაში კიდევ ერთი სარეკლამო კომპანიის „აუთდორ ჯის“ არსებობა. საკუთრების ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებით ჯერ კიდევ არ ფიქსირდება, ალბათ იმ მიზეზით, რომ იაკობაშვილმა ოფშორული კომპანია Adprojects შეიძინა („აუთორ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელი) და არა თავად „აუთდორ ჯი“.
  • იაკობაშვილმა „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“ (UCG) 2 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა და მას Gannado Worldwide-ისა (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) და Redeli Management Limited-ის  (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) საშუალებით ფლობს.
  • Gannado Worldwide-ის მეშვეობით იგი ასევე ფლობს 90%-იან წილს „კაზინო აჭარაში“, რომელიც მან 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.
  • ნოემბერში იაკობაშვილი „სან პეტროლეუმ ჯორჯიას“ ძირითადი აქციონერი გახდა (კომპანია ოფიციალურად დელავერის შტატში რეგისტრირებულ Energy Investment Venture Holdings-ს ეკუთვნის). 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქციაზე უარი თქვა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, კომპანიის რა წილს ფლობს იაკობაშვილი. იაკობაშვილმა საკუთარი აქციების წილი „პეტროკას ენერჯი გრუპში“ 25%-დან (რომელიც მან, გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს შეიძინა) 80%-მდე გაზარდა. გარიგება 240 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. „პეტროკასი“ ნავთობპროდუქტების სავაჭრო და გადამზიდავი კომპანიაა. იგი ნავთობპროდუქტებით ამარაგებს „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლსა“ და „გალფს“. კომპანია აქტიურ საქმიანობას ეწევა საქართველოში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ვიეტნამში. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს კომპანიის ბრუნვამ 800 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა. იაკობაშვილი აქციათა უმრავლესობის მფლობელი გახდა ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორ შპს "ჩენელ ენერჯიში" (ფოთი) (იმართება გიბრალტარის შპს „ჩენელ ენერჯის“ საშუალებით), რომელიც სასაწყობე ობიექტებსაც აკონტროლებს. „ჩენელ ენერჯი ფოთი“  შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში“ 32,67% -იან წილს ფლობს.
  • იაკობაშვილის საკუთრებაშია ასევე Future Products Company, „ჩენელ ენერჯისთან“ დაკავშირებული კომპანია, რომელსაც სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Future Products Company ფლობს.

დავით იაკობაშვილს ბიზნესურთიერთობები ჰქონდა საქართველოს მოქმედ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც. 2012 წლის მარტში ივანიშვილის აგროსამრეწველო კომპანია „სტოილენსკაია ნივამ“ (Stoylenskaya Niva) იაკობაშვილის ჰოლდინგ „ЗАО Русагропроект“-ისაგან (რუსული აგრარული პროექტი) რამდენიმე პურის ქარხანა შეიძინა. იაკობაშვილმა 2012 წელს დაადასტურა გარიგება, მაგრამ გარიგების ზუსტი ღირებულება არ გაუმჟღავნებია. ამის შემდეგ ივანიშვილმა „სტოილენსკაია ნივა“ Arco International Group-ს (ამერიკული საინვესტიციო ფირმა), გავრცელებული ინფორმაციით, 180 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა (ეს შემოსავალი პრემიერმინისტრის ქონებრივ  დეკლარაციაში მოხსენიებული არ არის).

„სტუდია მონიტორისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში იაკობაშვილი შპს „ახალი რიყის“ აქციონერადაა მოხსენიებული. ეს ის კომპანიაა, რომელმაც 2006 წელს თბილისის ცენტრში მერიისაგან მიწის ნაკვეთი 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 2008 წელს კი მიწის ნაკვეთი საეჭვო გარიგებით 17 მლნ. აშშ დოლარად კვლავ თბილისის მერიამ იყიდა. თებერვალში იაკობაშილმა განაცხადა , რომ იგი ამ ტერიტორიის განვითარებას გეგმავდა, რაც წარუმატებლად დამთავრდა, და რომ ის არანაირ დანაშაულებრივ საქმიანობაში არ იყო ჩართული.

transparency.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა