48 დევნილი ოჯახი ქუთაისის ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობიდან გამოასახლეს
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩა №59 ში, ყოფილი №44 მუსიკალური სკოლის შენობაში, დევნილთა 48 ოჯახი თავშესაფრის ძიებაშია.
დევნილებმა ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობა, სადაც ისინი ერთი წელია ცხოვრობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მითითებით გამოასახლეს. თუმცა, როგორც დევნილები ამტკიცებენ, მათ სხვაგან წასასვლელი არ გააჩნიათ.
„6 წელია ჩვენს თხოვნას, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, არავინ ისმენს. ამიტომაც ამ შენობას შევაფარეთ თავი. ახლა კი გვიშვებენ. გვითხრეს, რომ ჩვენთვის ჯერ სხვა ფართის გამოყოფის საშუალება არ არსებობს და ისევ ქირით მოგვიწევს ბინის ძებნა. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს," - ამბობენ №44 ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილები.
№ 44 ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში, ფართების დაცლის აუცილებლობაზე, შეტყობინება დევნილებმა რამდნიმე დღის წინ მიიღეს. აღნიშნულ კორპუსს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სწორედ დევნილთათვის გადასაცემად არემონტებს. თუმცა ადგილზე მყოფი დევნილებისთვის უცნობია, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მათ გადაეცემათ, თუ არა გარემონტებული ბინები.
„როგორც ქალბატონმა ლიკა კილაძემ გვითხრა, ჯერჯერობით არ არის გარკვეული დაგვაბრუნებენ, თუ არა ამ შენობაში. თუმცა ის ასევე დაგვპირდა, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, როდესაც თბილისიდან ჩვენი სარეიტინგო ქულების შესახებ ჩამოვა პასუხები," - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნონა ხვადაგიანი.
როგორც ირკვევა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მაქსიმალური - 12 ქულაა. მაღალი ქულები კი, იმ დევნილებს ენიჭებათ, ვისაც ყველაზე რთული საცხოვრებელი პირობები აქვს.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლიკა კილაძე ამბობს საცხოვრებლით დაკმაყოფილების შანსი, პირველად სწორედ იმ დევნილებს აქვთ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.
„საცხოვრებელი ფართებით, ყველა ის დევნილი დაკმაყოფილდება, ვისაც ამ დრომდე ბინა არ მიუღია. თუმცა კრიტერიუმების მიხედვით, რიგითობა აუცილებლად იქნება დაცული. უპირველესად კი ისინი დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც ყველაზე ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვთ," - განმარტავს ლიკა კილაძე.
მისივე განმარტებით, №44 ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობიდან დევნილების გამოყვანა იმ მიზეზით მოხდა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღნიშნული კორპუსების რეაბილიტაციას გეგმავდა.
„ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობა დევნილებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. გარდა ამისა, მათი გამოყვანის გარეშე სარემონტო სამუშაოებიც ვერ განხორციელდებოდა. ამ დევნილებს აქვთ აპლიკაციები შევსებული ფართებით დაკმაყოფილების შესახებ. თუმცა რამდენად დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, ამას სარეიტინგო ქულების მიხედვით დავადგენთ," - ამბობს კილაძე.
მისივე თქმით, საქართველოს ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროდან, დევნილთა სარეიტინგო ქულების შესახებ პასუხები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. „თუ დადასდტურდება, რომ დევნილებს დროებითი წასასვლელიც არა აქვთ, მაშინ იმაზეც ვიზრუნებთ, რომ მათ ალტერნატიული ფართი დროებით შევთავაზოთ," - განმარტავს ლიკა კილაძე.
ავტორი: ანა ჯანაშია