სოფელი გააქტიურებული მეწყრის პირისპირ - ფერეთა საშიშ ზონაში
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს”, - გვაუწყებს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
აღნიშნული მუხლის აღსრულებას გარკვეული პრობლემა შეექმნა სოფელ ფერეთაში (ვანის მუნიციპალიტეტი). აღნიშნულ სოფელში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ თაბაშირის მოპოვება ხდება. წარმოებულმა სამუშაოებმა ცვლილებები შეიტანეს ეკოლოგიურ გარემოში და გარკვეული საფრთხეები წარმოშვეს - როგორც ჯანმრთელობის უვნებლობის, ისე ბუნებრივი გარემოს გაფრთხილების კუთხით.
***
„შესაძლებელია მოსახლეობა ცოტა ხნის შემდეგ აქ ვეღარ გაჩერდეს, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. თანაც ეს ფირმა სალიცენზიო პირობების დარღვევით მუშაობს. 4 წელია რაც აქ კარიერი გაიხსნა და მეც ვერ მოვიაზრე თუ ასეთ უბედურებას მოწევდნენ სოფელს, მძიმე ვითარება იქმნება, კატასტროფის წინაშე ვდგებით.სოფელი დამეწყრილია და ჩატანილია ქვემოთ", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მეგი არველაძე.
„ფერეთას მოსახლეობა ვცხოვრობთ თავდაღმართში, თაბაშირის მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს აღმართში. თუ რამ საშიშროება ემუქრება, ემუქრება ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობას . წვიმა იქნება თუ თოვლი, მიწას წამოიღებს და დააზარალებს ადამიანებს და მათ კარ-მიდამოს", - ამბობენ ფერეთას მაცხოვრებლები.
***
სოფელი ფერეთა ვანიდან 18 კილომეტში მდებარეობს. თაბაშირის მომპოვებელი სამუშაოები იქ უახლოეს წარსულში, 2008 წლიდან დაიწყო შპს
„ჯორჯიან კონტინენტალის" მიერ (თუმცა დეკორატიულ თაბაშირს გასული საუკუნის 50-იან წლებშიც მოიპოვებდნენ).
2012 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შპს „იდეას" (დირექტორი ტარიელ ხაჭაპურიძე) საკუთრებაში გადაეცა, 2018 წლამდე მოპოვების უფლებით. განესაზღვრა საერთო ფართობი 1,13 ჰა, ხოლო წიაღისეულის „ფერეთის" თაბაშირის ჯამური მოპოვება განისაზღვრა 19 743 ტონის ოდენობით.
სამუშაოების დაწყების მომენტში ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურმა შეფასებამ სამთო ტექნიკური პირობები დამაკმაყოფილებლად სცნო. თუმცა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ვინაიდან სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტის მიმდებარედ „განლაგებულია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, საბადოს ექსპლუატაციის პერიოდში მკაცრად უნდა იქნას დაცული ქვეყანაში მოქმედი სამთო დამუშავების ნორმები და წესები".
მოსახლეობის ინფორმირებულობა
გარკვეულ ნორმასა და წესში შედის მოსახლეობის ინფორმირებულობაც. როგორც ექსპერტები და გარემოსდამცველები მიუთითებენ, მაღაროს არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა სახის მოპოვებითი საქმიანობა მიმდინარეობს ან იგეგმება მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, როგორია ამ საქმიანობის გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა, რა ვალდებულებები აქვთ მომპოვებელ კომპანიებს მათ წინაშე, რა იურიდიული (მაგალითად, საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებული) პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და სხვ.
თუმცა ფერეთას მცხოვრებნი განმარტავენ, რომ ისინი ამის შესახებ არ გაუფრთხილებიათ.
სამაგიეროდ ფირმა მათ გარკვეული (ფერეთელების თქმით მინიმალური) კომპენსაციების გაცემას დაპირდა სოფლის მოსახლეობის საკუთრების დაზიანება-გამოყენების შემთხვევაში. თუმცა მოსახლეობის ნაწილს არ სურს საკუთარი სახლისა და ადგილ -მამულის დატოვება და ვერც კომპენსაციის გადახდაში ხედავს გამოსავალს. „შრომა მაქვს გაწეული და ოფლი დაღვრილი, რომ ეს მიწა-წყალი გამეშენებინა. ამათ კი ადვილად დათხარეს და გააფუჭეს. ჩემი მიწაა, არავისთვის გადაცემა და არსად წასვლა არ მინდა", - ამბობს მურმან ნიკოლაძე.
რისკ-ფაქტორები
თაბაშირის მომპოვებელმა საწარმომ გარკვეული სამუშაო ადგილები
ავტორი: ეკა კუხალაშვილი