ქუთაისში კულტურულ ძეგლებს ვერ იცავენ
ქუთაისში, კულტურულ ძეგლებზე, ქუჩის წარწერები,
სარეკლამო საინფორმაციო ფურცლები და ირგვლივ,
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვა, არც ისე იშვიათ რეალობად იქცა.
მიზეზი, როგორც ირკვევა, ერთის მხრივ, ვანდალიზმის ფაქტებია,
ხოლო მეორეს მხრივ, ის რომ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, ძეგლების დაცვასა
და დასუფთავებას ვერ უზრუნველყოფს.
როგორც ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვაჟა ჯუღელი განმარტავს, კულტურული ძეგლების
მიმართ ვანდალიზმის ფაქტებზე, პასუხისმგებლობა მთლიანად საზოგადოებას ეკისრება. ხოლო
ქალაქის სხვადასხვა უბანზე განთავსებული ძეგლების ირგვლივ სისუფთავის დაცვაზე, პასუხისმგებელი
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურია.
თუმცა, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, ამ
ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა–პატრონობას ვერ ახორციელებს. რადგან როგორც კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, მათ
ამ ეტაპზე, შემსრულებელი კომპანიის ასარჩევად, ტენდერის გამოცხადების უფლება არ ეძლევათ.
„კომპანია, რომელიც მანამდე ქუთაისში ასრულებდა ძეგლებისა
და სკვერების მოვლა პატრონობას, ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. გამომდინარე იქედან, რომ
ისინი დაკისრებულ სამუშაოებს ვერ ასრულებდნენ. თუმცა მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი
და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ხელახალი ტენდერის გამოცხადების უფლება არ გვეძლევა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის
დასრულდება გამოძიება,“ – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე.
გამოძიების დასრულებამდე, ქუთაისში კეთილმოწყობის სამსახურის
შესასრულებელი სამუშაოები, როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა
იტვირთა. თუმცა ისინი, კეთიმოწყობის სამსახურის განსახორციელებელ სამუშაოებს სრულად
მაინც ვერ ფარავენ.
„ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც კანონით კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაა. თუმცა მე ჩემს თანამშრომლებს მთლიანად ვერ მოვხსნი ცვლიდან და მთელი დღით სხვა სამუშაოზე ვერ გადავიყვან. სწორედ ამიტომ არის პრობლემური, ბაღების, სკვერების, თუ ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა,“ – ამბობს ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ დეისაძე
ავტორი: ანა ჯანაშია