|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქათმეები“ ქუთაისის ცენტრში – მანსარდების საქმე პროკურატურაში ინაცვლებს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N 2 - ში მცხოვრებლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.

მოსახლეობის მოთხოვნაა, გამოძიებული იქნას, ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის დროს, მათ საცხოვრებელ სახლებზე, მანსარდების დაშენების პროგრამა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ბუტაფორიულად და  უხარისხოდ დადგმული მანსარდები გამო, მათი საცხოვრებელი პირობები უკვე გაუსაძლისია.

"არც მეტი, არც ნაკლები უკვე წვიმის დროს, ტუალეტში ქოლგით შესვლა გვიწევს. წყალი ჩამოდის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არც ზამთარი გვეიმედება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, უნებართვოდ მოვიდნენ და ეს მასნარდები დაგვადგეს თავზე. ამ ყველაფერზე კი დღეს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს, “ -  ამბობს თამარ მეფის ქუჩა N 2- ში მცხოვრები ლევან კილაძე.

თამარ მეფის ქუჩა N- 2 ში მცხოვრებლებისთვის უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქუთაისის ცენტრალურ ნააწილში ბუტაფორიული მანსარდების უნებართვოდ დაშენებისთვის.

„ჩვენი პრობლემის გადაწყვეტაში, ვერც ახალი ხელისუფლების წარმომადგელები იღებენ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი გამოსავალი პროკურატურა და საქმის სამართლიანი გამოძიებაა,“ - ამბობენ თამარ მეფის ქუჩა N 2 - ში მცხოვრებლები.

როგორც ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა ნაწილი აცხადებს,  ცენტრალურ მოედნზე, ბუტაფორიულად დადგმული მანსარდების საქმის დეტალები მათთვის  უცნობია.

„ეს მანსარდები ნამდვილად არ არის ადგილობრივი თვითმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებული. მაგრამ ამ ხალხის პრობლემების შესახებ ჩემთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი,“ - ამბობს  ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბესო ცქიფურიშვილი.

თუმცა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მცხოვრებლების პრობლემები, კარგად ნაცნობი თემაა, ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში. მეტიც, როგორც ირკვევა, მანსარდების საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნაც იგეგმება.

„ამ საქათმეებში, თუ საჩიტეებში შესასვლელი არსაიდან არ არის. ასევე ამ ბუტაფორიული მანსარდების დადგმის პროცესში ადამიანები დაზარალდნენ და ისინი შველას გვთხოვენ. თუმცა მანსარდების დადგმის პროექტი აღმოჩნდა, რომ არავის შეუთანხმებია არქიტექტურის სამსახურთან. არც ისაა ცნობილი, თუ რა თანხით გაკეთდა ეს ყველაფერი და რატომ. მაგრამ მალე, ქუთაისის მერიაში რამდენიმე კაციანი კომისია ჩამოყალიბდება. კომისიის წევრები კი ოფიციალური დავალებით, მანსარდების პროექტის შესახებ ყველაფერს დეტალურად გამოიკვლევენ,“ - ამბობს ქუთაისის მერიის  არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო მარჯანიშვილი.

როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედვეკლობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ვასილ მებურიშვილი განმარტავს, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მანსარდების დაშენების პროექტი მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს,  ნამდვილად არავის შეუთანხმებია.

„ეს პროექტი ნანახი მაქვს, მაგრამ ჩვენს სამსახურთან მისი შეთანხმება არ მომხდარა. არც ის ვიცი ვისი ფინანსებით მოხდა მანსარდების დადგმა საცხოვრებელ სახლებზე,“ - ამბობს ქუთაისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ვასო მებურიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობებზე მანსარდების დაშენება 2012 წელს, ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის განხორციელებაზე სულ 2 მლნ 299 ლარი დაიხარჯა. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა