ჯარიმა სიხარბისთვის - ახალი გადასახადი რესტორნებში
დააკვირდით, იმაზე მეტს ხომ არ უკვეთავთ რესტორნებში, ვიდრე ჭამა შეგიძლიათ? თუ ასეა, ფრთხილად იყავით, შესაძლოა დაგაჯარიმონ! ჯერჯერობით ეს ახალი გადასახადი ქართული რესტორნების კლიენტებს არ ემუქრებათ. თუმცა ბევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებს. პირველად ჰონკონგში შემოიღეს, შემდეგ ეს იდეა აშშ-ის რესტორნების ნაწილმაც გაიზიარა და მენიუშიც ჩაწერა (მართალია, წვრილი შრიფტით), რომ ყოველი შეუჭმელი კერძის ღირებულების 30%-ს ჯარიმის სახით გადაიხდიდით.
ბოლო დროს ევროპულმა რესტორნებმაც დაამკვიდრა ახალი წესი. მაგალითად, ვილნიუსის ჩინურ რესტორანში, კლიენტებს თუ ადრე ფიქსირებულ ფასად დიდი თეფში შეეძლოთ გაევსოთ საჭმლით, ახლა ჯერ კარგად ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა ამდენის ჭამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევთ. რესტორნის მეპატრონის თქმით, ეს წესი ეკონომიის გამო კი არ შემოიღო, არამედ საჭმლისადმი პატივისცემის გამო. თუმცა კლიენტები ხშირად თავდაცვით ზომებს მიმართავენ და დარჩენილ საკვებს ხან ხელსახოცების ქვეშ მალავენ, ხან იატაკზე ყრიან.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი