|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოქარხნის ყოფილი დირექტორი სამართალს სტრასბურგში ეძებს

ქუთაისის ავტოქარხნის ყოფილი დირექტორი, ამირან ნაცვლიშვილი საქართველოში მისი დაკავების დროს გამოვლენილ სამართლებრივ დარღვევებს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. ევროპულ სასამართლოში  ნაცვლიშვილის საქმის მოსმენა 2013 წლის 15 ოქტომბერს  გაიმართა.

ნაცვლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს, საქართველოს დატოვების შემდეგ, 2005 წელს მიმართა. თუმცა, აღნიშნული საქმე სასამართლომ დასაშვებად მხოლოდ მიმიდინარე წლის ივნისში ცნო. 15 ოქტომბერს კი საქმის მოსმენა გაიმართა, რომელიც 90 წუთი გაგრძელდა.

სამართლიანი სასამართლოს უფლება, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა და საკუთრების უფლება – ეს იმ მუხლების ძირითადი ჩამონათვალია, რასაც ავტოქარხნის ყოფილი დირექტორი ასაჩივრებს.

სს "ქუ­თა­­სის სა­ავ­ტო­მობილო ქარხნის" სა­მეთ­ვალყურეო საბჭოს დი­რექ­ტო­რი, ამირან ნაცვლიშვილი 2004 წლის 4 აპრილს თავის მოადგილესთან, შიო ობოლაძესთან ერთად დააპატიმრეს. საპროცესო შეთანხმების შედეგად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყოფი­ლი დი­რექ­ტორი გირაოს გა­დახდის სა­ნაც­ვლოდ გა­­თა­ვი­სუფ­ლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ქარხნის აქციათა 22,5% სახელმ­წი­ფომ უკან დაიბრუ­ნა.

სტასბურგის სასამართლო მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საპროცესო ხელშეკრულება მხარეებს შორის ბრალდებულის ბრალის აღიარების გარეშე გაფორმდა, რაც გასაჩივრებულ საქმეში ფიქსირდება. ასევე, საქმეში მოხსენიებულია, რომ საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის მიმართ იძულების წესით მოხდა. აღნიშნულ ფაქტს ის გარემოება ამყარებს, რომ ნაცვლიშვილი დაკავებიდან ოთხი თვის განმავლობაში მოთავსებული იყო იმ საპატიმრო დაწესებულების საკანში, სადაც მის გატაცებაში მონაწილე პიროვნებაც იქნა მოთავსებული.

დაკავებამდე ორი წლით ადრე, ამირან ნაცვლიშვილი ფულის გამოძალვის მიზნით კრიმინალური სამყაროს წევრებმა გაიტაცეს. მისი თანასაკნელიც ამ გატაცების მონაწილე გახლდათ, რაც ნაცვლიშვილისთვის ცნობილი იყო. მისავე საკანში იჯდა მეორე პატიმარი, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

გირაოთი განთავისუფლების სანაცვლოდ თანხის  თავდაპირველი რაოდენობა, შსს მაშინდელი ინფრომაციით, 450 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ნაცვლიშვილმა ოფიციალურად 35 000 ლარი გადაიხადა, ხოლო არაოფიციალურად 50 000 ლარი.

ნაცვლიშვილის სარჩელის შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ იმ საკითხზე უნდა იმსჯელოს, რამდენად შეესაბამებოდა ევროკონვენციას, 2004 წელს, ყოფილი დირექტორის დაკავების დროს საქართველოში მოქმედი საპროცესო შეთანხმება.

ქარხნის ყოფილი დირექტორი საჩივარში აღნიშნავს, რომ იმერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, დავით მუმლაძემ მისი უდანაშულობის პრეზუმცია უხეშად დაარღვია. საუბარია იმ ფაქტზე, როცა ამირან ნაცვლიშივლის დაკავება ტელეკამერების თანდასწრებით მოხდა. იმავე საღამოს კი დავით მუმლაძემ ტელეეთერით საჯაროდ განაცხადა, რომ დაკავებულია კრიმინალი ქარხნის დირექტორი, რომელმაც  სახელმწფიოსაგან მილიონობით თანხა მიითვისა.

სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით სასამართლომ მას ბრალი მოგვიანებით წაუყენა. გამოძებით დაანგარიშებული ზარალის ოდენობა 4 მლნ ლარს შეადგენდა. ამ თანხაში ამირან ნაცვლიშვილს ქარხნის აქციათა 22,5% ჩაუქვითეს, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა.

ნაცვლიშვილის საქმის ევროპული სასამართლოს დოკუმენტში მოხსენიებულია,  ის ფაქტიც, რომ მასზე ზეწოლა საქართველოს დატოვების შემდეგაც ხორცილდებოდა. კერძოდ, 2007 წელს, ნაცვლიშვილის შვილს  ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა პროკურორი (რომლის გვარი და სახელიც დოკუმენტში არაა მოხსენიებული), რომელიც მას მუქარაშემცველ წერილებს წერდა. პროკურორი ნაცვლიშვილისგან სტასბურგის ევროპული სასამართლოდან სარჩელის გამოტანას მოითხოვდა.

ნაცვლიშვილის ინტერესებს სტრასბურგში არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტირუციის 42–ე მუხლი" იცავს. ევროპული სასამართლო საბოლოო განაჩენს, სავარადუოდ, მომავალ წელს გამოაცხადებს.

ნაც­ვლიშ­ვი­ლის და­კა­ვებიდან რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრომ ქარხნის ქო­ნება გა­საყიდად აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა. თუმ­ცა, მთლიანად ქარხნის მყიდ­ვე­ლი ერთხელაც არ გა­მოჩ­ნდა.

2011 წლის ოქ­ტომბერ­ში ქუ­თა­­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნების სა­ფუძ­ველ­ზე (გან­ჩი­ნება 2/324) სს "ქუ­თა­­სის ავ­ტო­ქარხნის" რე­გის­ტრა­ცია გა­უქ­მდა და სა­წარ­მო ლიკ­ვი­დი­რებულად გა­მოცხად­და.

ამჟამად, ყოფი­ლი "ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარხნის" ტერიტორიის დიდ ნაწილზე ჩინური და ეგვიპტური ინდუსტრიული ზონაა განთავსებული, შე­და­რებით მცი­რე ფარ­თობზე, შპს "ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­მე­ქა­ნი­კუ­რი ქარხნა" გან­თავ­სდა, რო­მე­ლიც ჰოლ­დინგ "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუს­ტრი­უ­ლი ჯგუ­ფის" "Georgian Industrial  Group"–ის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ა­ა.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა