საპარლამენტო ქალაქი საკანცელარიო ურნებით
ქუთაისის მერიამ ქალაქის სკვერებში საბაღე, ე.წ. დეკორატიული (ლითონის) ურნების განსათავსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტენდერის გზით 30 000 ლარი გამოჰყო. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 3 ათასი ლარით ნაკლები მოითხოვა. სამაგიეროდ, ირკვევა, რომ სკვერებში ტენდერით გათვალისწინებული ურნების ნაცვლად, ფირმამ საკანცელარიო ურნები განათავსა.
ქუთაისის მერიამ საბაღე ურნების დადგმა თბილისში დარეგისტრირებულ ინდმეწარმე „ირაკლი ლიპარტიას“ ანდო. კომპანიას ქუთაისის სკვერებში 429 ურნის დადგმის სანაცვლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ტენდერის შედეგად, მერიამ 26 996 ლარი გადასცა. (63 ლარი თითოეული ურნის შეძენა-მონტაჟისათვის).
თუმცა, მანამდე, სატენერო პიროებით, მერიამ შემსრულებელ კომპანიას შესაძენი საბაღე ურნის ზომა და მოდელი განუსაზღვრა, რაც ესკიზის სახით არის ჩადებული.
„ახალი გაზეთი“ დაინტერესდა, ქალაქში განთავსებული საბაღე ურნები რამდენად შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს და ასევე, თუ რა ღირებულებისაა ისინი.
ირკვევა, რომ კომპანიამ სატენდერო პიროებში, ესკისზე არსებული სქელი, ლითონის ურნები, საკანცელარიო ურნებით ჩაანაცვლა.
საკანცელარიო ურნის ფასი, ქალაქში არსებული საკანცელარიო მაღაზიათა ქსელის „ორგსერვისის“ მონაცემებით 7–დან 11 ლარამდე მერყეობს (მოცულობის ნიხედვით).
თუმცა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი დაუჯდათ თითოეული ურნის შეძენა. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ურნები თბილისში, საკუთარ საამქროში დაამზადეს.
ფირმის ხელმძღვანელის, ირაკლი ლიპარტიას განმარტებით, მათ ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა პირობა აქვთ შესრულებული და ქალაქში განთავსებული საბაღე ურნები იმ ზომისაა, რაც სატენდერო წინადადებით იყო გათვალისწინებული.
„მე რა რომ ისინი საკანცელარიოა. აუცილებელი არ იყო ურნა მყარი ლითონისგან ყოფილიყო დამზადებული. ჩვენს მიერ დადგმული საკანცელარიო ურნა ალუმინნარევია. არ იჟანგება და უფრო დიდხანს ძლებს“, – განმარტა „ახალ გაზეთთან“ სატელეფონო საუბრისას ფირმის წარმომადგენელმა, გიორგი ელიკაშვილმა.
ქუთაისის მერიისდასუფთავების განყოფილების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მყარი ლითონისგან დამზადებული ურნა უფრო გამძლე არის, ვიდრე, საკანცელარიო.
„საკანცელარიო ურნა მართალია არ იჟანგება. მაგრამ ადვილად, სიგარეტის ნამწვავზეც კი შეიძლება დაიწვას. მეორენაირი ურანა, რომელიც უფრო მყარი ლითონისგან არის დამზადებული, მეტად გამძლრა“, – ამბობს მეეზოვე ბადრი რუხაია.
ფირმის ხელმძღვანელის ირაკლი ლიპარტიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის საამქროს გარდა, ლითონის ურნები თბილისში არსად მზადდება, ხოლო თურქეთიდან მისი ჩამოტანა ძვირი ჯდება.
„ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ საკანცელარიო ურნები განგვეთავსებინა“, – ამბობს ირაკლი ლიპარტია.
ქუთაისში ე.წ. საბაღე ურნები, პირველად, ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შემდეგ *2012 წელი) გაჩნდა. იმ დროისათვის ქალაქის სკვერებში ლითონის ურნებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
ქალაქში საბაღე ურნები ტერიტორიული მართვის ორგანეობის მოთხოვნის საფუძველზე იდგმება. ქალაქში სულ 12 მართვის ტერიტორიული ორგანოა.
ქალაქ–მუზეუმის მართვის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, თორნიკე ლაბაძის განმარტებით, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სულ 128 საბაღე ურნა სჭირდებოდათ. ლაბაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამარჯვებულმა ფირმამ მიმდინარე წლის ივლისში 79 ცალი, ხოლო აგვისტოში - 49 ურნა განათავსა.
მართვის ტერიტორიული ორგანების მიერ მოთხოვნილ ურნებზე, ტენდერი უშულაოდ მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მაისში გამოაცხდა.
ტენდერში მონაწილოების სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა. ქუთასურმა ფირმამ შპს „ზაზომ" და თბილისურმა კომპანიამ, ინდმეწარმე „ირაკლი ლიპარტიამ“.
მერიამ საბაღე ურნების განთავსება თბილისურ კომპანიას მის მიერ მოთხოვილი ნაკლები თანხის (26 996 ლარი) გამო მიანდო.
შპს „ზაზოს“ დირექტორის, მერაბ ტყეშელაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფასად მას არ უღირდა ურნების დადგმა.
„ამიტომაც, იმაზე მეტად კონკურენაცია არ გავუწიე ჩემს წინ გასულ კონკურენტ ორგანიზაციას. ტენდერში ბიჯების დაკლება და ვაჭრობა ეს მიღებული წესია. მაგრამ რაღაც მოგება ხომ უნდა დაგრჩეს. მოგებულ ორგანიაზაციას ალბათ უღირდა“, – ამბობს მერაბ ტყეშელაშვილი.
რაც შეეხება, სატენდერო წინადადებაში მითითებულ და უკვე დამონტაჟებულ საბაღე ურნებს, მერიის კეთილმოწყობის სამასხურში განმარტავენ, რომ მათ ფუნქციაში არ შედის შესრულებული სამუშაოების მონოტორინგის საკითხი.
„ჩვენმა სამსახურმა უბრალოდ გამოაცხადა ტენდერი. თუკი რაიმე სახის დარღვევაა ამაზე, მუნიციპალიტეტების ინსპექტირების ჯგუფი არის პასუხისმგებლი“, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ზურაბ ზამბახიძე.
ქალაქ–მუზეუმის მართვის ტერიტორიულ ორგანოში კი ირწმუნებიან, რომ საბაღე ურების განთავსებასთან დაკავშირებით კომპაანიას არანაირი პირობა არ დაურღვევია.
„მართალია, სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული ურნა და უკვე განთავსებული განსხვავებულია, თუმცა, არსებული ურნები იმ ზომებს აკმაყოფილებს, რომელიც ამავე სატენდერო წინადადებით იყო გათვალიწინებული“, – ამბობს თორნიკე ლაბაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია