|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ია მერკვილაძე - სახელმწიფომ და ეკლესიამ საერთო ადამიანების დახმარების სურვილის დაგმობაში გამოძებნეს

ბავშვები მათი აღზრდა, დაცვა თითქოს ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვუშვებთ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით, მოუვლელობით და ავადმყოფობით დაიხოცნონ.  ამას ემატება სახელმწიფოსა და ეკლესიის გულგრილობა და იქამდე ხელის შეშლა ქველმოქმედებაზე. სახელმწიფო-ეკლესიის ტანდემმა ორგანიზაცია „იდენტობას“საშუალება არ მისცა მიუსაფარი ადამიანებისთვის თავშესაფარი გაეხსნა. რატომ ხდება ასე? ბავშვების (და დიდების) მიმართ ძალადობა და გულგრილობა რატომ იქცა ნორმად? რა როლი აქვს მედიას ამ საკითხში?

Newpress.ge-ის კითხვებს პასუხობს ბავშვთა ფსიქიატრი ია მერკვილაძე.

- იშვიათი აბსურდის ზეზღვარს მიღმაა არა მარტო საპატრიარქოს, არამედ სახელმწიფოს საარაკო ნეგატიური დამოკიდებულება "იდენტობის" მიმართ მას მერე, რაც ამ ორგანიზაციამ უსახლკაროთა მცირე თავშესაფრის შექმნის იდეა გააჟღერა. აქ უბრალოდ შეუძლებელია ერთი კლასიკოსი სატირიკოსის სიტყვები არ გაგახსენდეს ეშმაკის დიდი ოპტიმისტობის შესახებ, ვინაიდან ეშმაკს სჯერა, რომ ადამიანებს უფრო უარესებს ვერ გახდის. ორივე "სუბიექტის", სახელმწიფოსა და ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა ამგვარი ინიციატივების არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ოპერატიულად ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე მატერიალურად ზრუნვა და არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების მოსასმენი აპარატების შეძენა, 110 000 ევროიანი მანქანის ყიდვა, კანონიერი ქურდების მიერ აშენებული ეკლესია–ტაძრების კურთხევისას მღვდლის გვერდით სანთლით დგომა და პარლამენტარის "უინძორების სასახლეში" ფრესკებით მოხატული ჭერით აღფრთოვანება.

ეკლესიის უპირველესი ფუნქციაა კეთილი სამარიტელობა და არა ლოცვებში ფურცელზე ჩამოწერილი გვარ–სახელების მოხსენიება, ნათლობა–ჯვრისწერის ფასიანი რიტუალის ჩატარება და "სამარხვო მაიონეზის" გაყიდვადობის უზრუნველყოფა. არადა, ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი და ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხებით მოგზაურობენ, ამგვარი თავშესაფრები, რომლებსაც არასახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე დაწესებულებები ხსნიან, ძალიან ბევრია.

ადამიანთა კეთილ ინიციატივებს (მაგალითად, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები) კი უპირველესად სახელმწიფო უჭერს მხარს და ეხმარება, როგორც კონსულტირებით, ასევე ფულადი თანხითაც. უბრალო მიზეზის გამო. ადამიანები სიცივისგან, შიმშილისგან და უწამლობისგან არ უნდა კვდებოდნენ და ეს პრინციპი კონსტიტუციურად ერთმანეთისაგან გამოყოფის მიუხედავად, სახელმწიფოსა და ეკლესიას უნდა აერთიანებდეს. რეალურად კი ქართულ სინამდვილეში ვხედავთ, რომ ორივემ საერთო ადამიანების დახმარების სურვილის დაგმობაში გამოძებნა. იტალიაში, მაგალითად, უსახლკაროთა თავშესაფრები კათოლიკური ეკლესიების ბაზაზე არსებობს და ისინი ჭერს მარტო იტალიელებს კი არა, არაკოთოლიკე ქართველებსაც (რასაკვირველია, სხვებსაც) და ე.წ. არალეგალებსაც აძლევენ; აშშ–ში არსებობს უსახლ–კაროთა უამრავი თავშესაფარი, რომელთა მოხალისეები პაპანაქება სიცხესა თუ გაუსაძლის ყინვაში ქუჩაში დგანან, პატარა ზარის ხშირი წკარუნით ადამიანებს ასე ვთქვათ, პათეთიკურად ახსენებენ არა მხოლოდ იმას, თუ "ვისთვის რეკს ზარი", არამედ იმასაც, რომ ჩვენს გარშემო არიან ისინი, ვის ფიზიკურ არსებობასაც პირდაპირი საფრთხე ემუქრება. თავი რომ დავანებოთ დიდი, საშუალო თუ მცირე საქველმოქმედო აქციების ჩატარების ტრადიციას, ამგარი "მეზარეები" ქუჩაშიც გამვლელთაგან არც ისე მცირედ თანხას აგროვებენ. ბუნებრივია, მოხალისეები იდენტიფიცირებულები არიან, დგანან ორგანიზაციის სიმბოლოკით, აქვთ ორგანიზაციის სავიზიტო ბარათები, რომლის წესდება თუ ხარჯთაღრიცხვა საჯაროა.

- ქართულ სინამდვილეში მრავლად არის ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, თანაც ისე, რომ ამ  ძალადობაზე საზოგადოებას რეაქციაც არა აქვს, არც თვლის ძალადობად. ჩვენი მგრძნობელობა და სენტიმენტები რატომ არ იცავენ ბავშვებს უფრო მეტად?


-თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხის ერთ–ერთ ასპექტს მინდა შევეხო. ეს გახლავთ ისეთი ფენომენების ურთიერთმიმართებების გაანალიზების აუცილებლობა, უფრო სწორედ, დღევანდელ საქართველოში მისი სრული გაუაზრებლობა, როგორიცაა, მაგალითად, ქალი/კაცი და ტოტალიტარული სისტემა (შესაბამისად – ძალადობა), ასაკოვანი ადამიანი და ტოტალიტარული სისტემა, ბავშვი და ტოტალიტარული სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი და ტოტალიტარული სისტემა, ანდა სექსუალური ორიენტაცია და ტოტალიტარული სისტემა. ტოტალიტარულ სისტემაში ამ შემთხვევაში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ეკლესიასაც, რომელიც ჩვენს რეალობაში თავისი პოლიტძალაუფლებითა და გავლენის ბერკეტებით არასეკულარულ გარემოში არაადეკვატურად აქტიური და მთავარი როლის შემსრულებელი გახდა. საქართველოში არსებული პოლიტიკურ–სოციალურ–კულტურული გარემო, არსებული პოსტკოლონიალურ–პოსტტოტალიტარული „აურის“ გავლენის ქვეშაა და ამ პირობებში, ბუნებრივია, ძალადობისადმი მგრძნობელობა თუ ადრე მიბმული იყო „წითელ ტერორზე“, როცა იმათი შვილები და ნათესავები, რომლებსაც სტალინი ოჯახის  სრულიად უდანაშაულო წევრებს უხვრეტდა და უგზო–უკვლოდ უქრობდა, ბელადს მაინც აღმერთებდნენ; ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია კი მიჯაჭვულია ომის „ბიოლოგიაზე“. ომში მხოლოდ საქართველოს თავსდამტყდარ  კალაშნიკოვურ თუ ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ იარაღის ანდა პოლიციის ხელკეტების პერიოდის „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ ფაქტებს არ ვგულისხმობ, არამედ ომებს უბანში და „სასტავებს“ შორის. „კაი ბიჭობისთვის“, „კაი პალაჟენიისთვის“, „კაი ბიზნესისთვის“, „კაი ქართველობისთვის“, მათ შორის – „კაი მართლმადიდებლობისთვის“.

 უახლოესი ისტორიიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია 17 მაისი –  დესტრუქციული ძალის დემონსტრატიული ჩვენება, რომელიც „პროდასავლური ორიენტაციის“ ქვეყნის „ბართლომეს ღამის“ ქართული თანამედროვე ვერსია გახდა. საპატრიარქოს მხრიდან  კი ეკლესიის მოძალადე მსახურების, ამ „პოგრომის“ ინიციატორთა „უზრდელ მღვდლებად“ მონათვლამ და სახელმწიფოს წაყრუებამ ისევ გაამყარა ჩვენი ისედაც პატრიარქალური  იერარქია: ვინაა და ვინ უნდა იყოს დომინანტი და ვინ – უფლებრივად უჩინარი. როცა ბავშვი, მოზარდი თუ უკვე  კარგა ხნმის მოზრდილი  წლების განმავლობაში ხედავს, რომ ძალადობა კონვერტირებადი ვალუტაა; როცა ხედავს, რომ სკოლაში ბულინგი; ქუჩაში, სოციალურ მედიაში სხვა ადამიანის აბუჩად აგდება, დაშინება  თვითდამკვიდრების სოციალურად მისაღები ფორმაა, როცა ეკლესია კერპთაყვანისმცემლობას ქადაგებს, მარჯვენათი ვითომ ძალადობასა და მიზანთროპიას  გმობს, მარცხენათი – ძალადობის, ფარისევლობის, დისკრიმინაციის, განსხვავებულის მიმართ შეუწყნარებლობის კურთხევას ეწევა და, რაც მთავარია, რაც უფრო მეტადაა ამ ობსკურანტიზმით გამჯდარი გარემო ( როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს), ამ გარემოს „მენეჯერის“ რეიტინგი უფრო და უფრო ზევით იწევს, ამიტომ სრულიად ლოგიკურია არამყარი ფსიქიკა თავისი პოსტტრავმული აშლილობებით უბრალოდ დაიღალოს „შიდა ბრძოლებით“ (თუ ასეთი არსებობს), გადაიწვას წინააღმდეგობის გაწევით და... გაახსენდეს არა ჟან ვალჟანის შემკედლებელი, შანდლების მოპარვის მპატიებელი და ღარიბთა დამხმარე ეპისკოპოსი შარლ ფრანსუა მირიელის მაგალითი, არამედ – სამოქალაქო ომის „ინტელექტუალი“ თავკაცებისა და ბანდიტური დაჯგუფების ბოსების გამმართლებელი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის „ქარიზმას“ „ყველაფერი შეუძლია“ –  არამართლმადიდებელი, შესაბამისად სატანიზმის მიმდევრის, „ძირითადი ინსტინქტის“ მთავარი როლის შემსრულებლის, ამერიკელი შერონ სტოუნის ატირებაც;  ბესლანელი ბავშვების მასობრივი ამოჟუჟვის მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის კარზე ხლებაც, მისი „ქრისტიანული ღირებულებების ეგიდით“ ქებაც, სტალინის სიკვდილზე ბავშვობაში ტირილის სენტიმენტად გაცხადებაც და XXI საუკუნეში მსოფლიო დიქტატორის „რეპუტაციული“ რეაბილიტაციაც; დემოგრაფიაზე ზრუნვაც და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მომგებიანი ბიზნესის წარმოებაც ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე. მრევლში და არა მარტო მრევლში კი ეს რელიგიის, ეკლესიის და შემწყნარებლობის „უცნაურ“ როლურ მოდელს ქმნის, რომელმაც კონგრუენტულად ისეთ „პოლიტიკურ  ტერმინში“ ჰპოვა გამოსახულება, როგორიცაა „მოხერხება/ გახერხება“. ასე რომ, ძალადობისადმი უგრძნობელობაც ასე ალოგიკურად არ მოგვეჩვენება. ამიტომაცაა, რომ სოფელ მისაქციელში, როცა მთელი სამეზობლო დედის მხრიდან შვილისადმი გამეტებული ცემის მოწმე გახლდათ, არავის მოსვლია თავში, რომ პოლიციაში დაერეკა და მეზობელი „ჩაეშვა“, რადგან ძალადობა ხომ ასეთი ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ რაიმე პრობლემა წამოიჭრა, ძმაკაც/დაქალს, მღვდელს, ღმერთს უნდა ჰკითხო და არა იურისტს, პოლიციელს ან სოცმუშაკს. „ნამდვილი მართლმადიდებლები“ ხომ მორჩილები და სხვისი განმკითხავები არ არიან. არც იმ ჟურნალისტებს გასჩენიათ ეს კითხვა, რამლებიც მოკლული ბავშვის მეზობლებთან მკვლელობის თემის გასაშუქებლად სიტყვიერ მტკიცებულებებს აგროვებდნენ, არ დაბადებიათ კითხვა – რატომ იყო ამ კისერზე ჯვარჩამოკიდებულ საახლობლოში  „სხვისი ჭირი, ღობეს – ჩხირი“?

 რაც შეეხება სოციალურად მოწყვლადი ფენისადმი დამოკიდებულებას. ფულის ვერმოძიების ყველაზე ცნობილი მაგალითია მირზა ცეცხლაძის  გადარჩენის (თუ არ ვცდები, თანხის შეგროვების ინიციატორებს 10 ათასი ევრო დააკლდათ) წარუმატებელი მცდელობა, როცა საპატრიარქოს წელს ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გადაეცა; როცა მოდერნიზებული იუსტიციის სახლების აგებაზე უფრო მეტი იხარჯებოდა, ვიდრე ახალშობილთა სიკვდილიანობის ევროპაში საქართველოს ძალიან მაღალი მაჩვენებლის დასაძლევად; „სამართლიანობის აღდგენის“ პროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ახალი სასახლის ასაშენებლადაც კვლავაც არ იშურებენ ექვსნიშნა ციფრებიან თანხას, ხოლო ქვეყნის მთავარი მილიარდერი ყველაზე დიდ ფულს (სხვა „ბენეფიციარებთან“ შედარებით) თურმე ისედაც ეკონომიკურად სავსებით უზრუნველყოფილ კი არა, ზეუზრუნველყოფილ ადამიანებს უხდიდა და ამიტომ, ბუნებრივია, ესეც იმ კომპლექსური პრობლემის, პოლიტიკის/სოციუმის „ორმაგი სტანდარტის/ ბუღალტერიის“ და ზოგადად ძალადობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან  და ორგანულ მდგენელად უნდა განვიხილოთ. ძალადობას ხომ მხოლოდ ფიზიკური გამოვლენის სახე არა აქვს, ძალადობა გულგრილობაცაა, სიყრუეც, სიბრმავეც და კრიტიკის  არსურვილი და უუნარობაც.

– რა როლი აქვს მედიას ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ?

– პირველი, რაც ახლა გამახსენდა ჩემი სტუდენტიბის დროს, უსასოო 1990–იანებში ერთ–ერთ საავადმყოფოში პრაქტიკუმის დროს მოსმენილი ამბავია. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერთ ყვითელ გაზეთში (თუ არ ვცდები, ეს „ალია“ იყო) ამ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ერთ–ერთი კოლეგის ტრაგედია ისე იყო მოთხრობილი, რომ შვილმკვდარ ოჯახს კიდევ უფრო მეტი ტყვია დაახალეს, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს ადამიანებმა ერთმანეთს.  სტატიაში აღწერილი იყო ისიც კი, რომ მშობლებს (საპასპორტო და სხვა მონაცემების მითითებით) ნანატრი შვილი ათი თუ მეტი წლის შემდეგ შეეძინათ. მერე „ერთ მშვენიერ დღეს“ მოზარდი მეგობართან წავიდა და გზაში  (როგორც მერე დადგინდა, იგი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა) იგი მოკლული იპოვეს. გაზეთი კი წერდა, რომ მან საყვარელი გოგონასგან  უარის მიღებისა და ფიზიოლოგიური პრობლემების გამო თავი ქუჩაში მოიკლა და ეს სტატია  სკანდალური სათაურით იყო... მშობლების თანამშრომლები, რასაკვირველია, ძალიან აღშფოთდნენ, გაზეთს საპასუხო, საპროტესტო წერილი მისწერეს, მაგრამ გამოცემამ მათ საპროტესტო განცხადების დაბეჭდვაში სოლიდური ფული მოსთხოვა. ადამიანებმა შეაგროვეს ეს თანხა, რაც იმ „კუპონური მილიონრობისა“ და ტოტალური გაჭირვების დროისთვის საარაკო თანხა იყო, მაგრამ ამ გამოცემამ ეს წერილი მაინც არ დაბეჭდა. მახსოვს ჩვენი, სტუდენტების შოკი, როცა ეს მოვისმინეთ. იმ ჩაშავებულ, ცივ, გაყინულ და ნახევრად კატაკომბური ქალაქის ფონზეც კი  ამგვარი ცინიკური ისტორიის არსებობის შესაძლებლობა ამაზრზენი იყო და არა „ჩვეულებრივი“ რამ. ახლა კი რუსთავი2 – ის გაჩახჩახებულ  სტუდიაში რეიტინგულ „ნანუკას შოუში“, რომელშიც ნაირფერადოვანი რეკლამები ტრიალებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის წამების კადრების გამხატვრულებული ჩვენებით, მისი უფლებების შელახვით და წამყვანის ბოჩოლას სასიხარულო წამოძახილებით „უი, რა საყვარელიაა!“ ვითომ თანამგრძნობი სიუჟეტი გადის, რომელსაც არც ოჯახის ადვოკატი ესწრება და არც ბავშვის უფლებების დამცველი... ანდა გავიხსენოთ თუნდაც 10 თვის  ბარბარე რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ვიდეო კადრები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ექიმს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მე ვერც ამ ნატურალისტურ „დოკუმენტურ კადრებს“ ვუყურე. მითხრეს. რომ იქ ბავშვის გვამის ჭიდან ამოღების პროცესი პირდაპირ ეთერში აჩვენეს. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა პოლიტიკოსებთან ერთად აპოკალიფსური სანახაობა მოაწყვეს, „პერფორმანსის“ საყურებლად შეკრებილებმა კი ისევე გადაჯეგეს დანაშაულის კვალი, როგორც  ჟურნალისტ გ. სანაიას მოკვლის ადგილას შეჭრილმა „გულშემატკივართა გუნდმა“.

მე არ მახსოვს თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფის პიკეტი პრეზიდენტის სასახლესთან ანდა რომელიმე სამინისტროსთან შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის, გოგიტა აბაშიძის სიკვდილის ანდა აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას დემონსტრატიული თვითმკვლელობის გასახსენებლად. თუნდაც, გასახსენებლად. მაგრამ თუ სანახაობას, მათ შორის, სატელევიზიოს საფრთხე ემუქრება, ამის გასაპროტესტებლად – მობილიზაციისთვის მოტივაცია/მცდელობა არის, რაც თავისთავად, რასაკვირველია, ცუდი ვერ იქნება. ნახევრად ხუმრობით, ქართველებს გვიყვარს „თეატრი“ და „მსახიობები“. ჩვენ ხომ ნიჭიერი ერი ვართ. მე არ ვამბობ, რომ ეს ნეგატიური პოტენციალია. უბრალოდ, როცა სასიცოცხლო პრიორიტეტებსა და სოლიდარობაზეა საუბარი და, ასე ვთქვათ, ზოგადად სამოქალაქო ცნობიერებასა თუ აქტიურობაზე და თუნდაც ამ ყბადაღებულ „ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე“, ურიგო არ იქნებოდა, თუნდაც მომავალ წელს, 23 მარტის დილის 2 : 5  საათზე საპატრიარქოს თუ სახელმწიფო დაწესებულებების წინ 1 წლის გოგიტა აბაშიძე გაგვეხსენებინა. ბავშვი, რომელსაც საპატრიარქომ „მუსლიმ ოჯახში დაბადებული“ უწოდა, სამედიცინო პერსონალმა კი ზემოხსენებულ დროს შიმშილისგან დამდგარი სიკვდილი დააფიქსირა. პროტესტი არაა მხოლოდ „ფეისბუქის“ სტატუსები, კრიტიკული ბლოგები ანდა პეტიციებზე ხელის მოწერა. პროტესტი არის ისიც, რაც, როგორც მინიმუმი, გახსოვს და ისიც, როცა „ამა ქვეყნისა ძლიერთა“ –ს  და „უბრალო მოკვდავებს“ ხისტად ახსენებ, რომ გახსოვს. მეხსიერებაში კი აქ მხოლოდ ტვინის ფუნქციას არ ვგულისხმობ.

– საქართველოში საერთოდ თუ შეინიშნება მცდელობა ბავშვთა უფლებების დაცვისა, როგორც სახელმწიფოს ისე საზოგადოების მხრიდან?

–  სამწუხაროდ,  ამჟამად სათანადოდ ამ სფეროს თვალს ვერ ვადევნებ. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ბავშვთა პრობლემებს კარგად ვიცნობდი, როგორც ბავშვთა ფსიქიატრი. ვმუშაობდი „ქუჩის ბავშვებთან“, დევნილ ბავშვებთან და გონებრივი განვითარების შეზღუდვის მქონე ბავშვებთან. თუმცა, როგორც არა მარტო მედიიდან, არამედ ჩემი მეგობრებისგან ვიცი, სოციალური მოწყვლადობის პრობლემა არა თუ აღმოიფხვრა, არამედ ეკლესიებთან  და სამორინეებთან და იქ დაპარკინგებულ ჯიპებთან კიდევ უფრო იმატა უპოვართა რაოდენობამ, ხოლო რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს შეეხება, სავარაუდოდ, იკითხავენ, თუ  წელიწადში სამასამდე ბავშვი შიმშილის ნიადაგზე განვითარებული დაავადებების გამო იღუპება, ფსიქიკა–ფსიქოლოგიაზე სადარდებლად ვისღა სცალიაო?...

– რამ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ფსიქიკური სიჯანსაღის სტაბილურობას?

– უპირველესად, კრიტიკამ. საჭიროა არსებობდეს კრიტიკული დამოკიდებულება. მაგალითად, უმრავლესობის მიერ უპირობო ავტორიტეტად აღიარებული სუბიექტების თუ ინსტიტუციების მიმართ; მშობლები, პედაგოგები, ლექტორები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები კი სწორედ კრიტიკის კულტურისა და კრიტიკული აზროვნების პროპაგანდისტები უნდა იყვნენ არა თავის სამზარეულოში თუ „კუტოკში“ ჩურჩულის, არამედ ღიად, სკოლებში, ინსტიტუტებში სხვა სოციალურ სივრცეებში დისკუსიის წარმმართველები, რათა ბავშვების, მოზარდების, სრულწლოვანების ტვინის რეცხვა ასეთი ადვილი და მომგებიანი საქმე არ იყოს. რეალობა კი საკრიტიკო მასალას არ იშურებს. აი, ავიღოთ, თუნდაც არქიმანდრიტ ბართლომეს „ქეისი“. ამ ადამიანმა ქვეყნის პრეზიდენტისა და იმ 70 დეპუტატის დაწყევლით გაითქვა სახელი, რომლებმაც რელიგიის შესახებ კანონი მიიღეს. რეალობა ისაა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი წარმომადგენელი წლების განმავლობაში რელიგიურ ბულინგს ეწევა, ადამიანთა წინაშე (ბუნებრივია, მრევლში ბავშვებიც არიან) სიყვარულსა და  სათნოებას კი არა, შიშს, სიძულვილსა და ღმერთის, როგორც სადამსჯელო რაზმის მეთაურის იმიჯს ქადაგებს; სიმართლის მთქმელებს განიკვეთს და კითხვის დასმასა და კრიტიკას მკრეხელობად თვლის, სახელმწოფო კი, ამ შემთხვევაში „მასონი“ და ჩუმად თუ საჯაროდ ისედაც „დაწყევლილი“ მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც, წესით, სეკულარული  სახელმწიფოს კონსტიტუციის გარანტია, ამ რელიგიურ ინსტიტუციას უფრო და უფრო მეტ კონტრიბუციას აძლევს. შედეგად ვიღებთ „ერის მამას“, რომელიც  წყევლაზე უფრო მეტ საეკლესიო ცოდვას სჩადის – სტალინს, რომელიც ჰიტლერს თუ გაეჯიბრებოდა და რეპრესირებულთა რაოდენობით ეს უკანასკნელი მას დესპოტიზმში მაინც ვერ მოუგებდა, „მორწმუნესა და სასულიერო განათლების ფასის მცოდნეს“ უწოდებს. ამგვარი  კაზუსების  გარჩევა  და როლური ანალიზი  აუცილებელია ტვინისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებენ კონფლიქტოლოგიის თუ სამართალმცოდნეობის პრაქტიკუმებზე არსებული რეალობიდან აღებული შემთხვევების დეტალური განხილვისას.

 თუ ისევ დავუბდუნდებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს,       მისასალმებელია,  (ყოველ შემთხვევაში მედიიდან ასე ჩანს), რომ ამავე დროს ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზებიც ამოქმედდა. ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი სათანადო ყურადღების გარეშე წარმოუდგენელია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში კომპლექსური სურათის შექმნა. თუნდაც, დავიწყოთ იმ სტერეოტიპული და მაჩოისტური კულტურისთვის ხელსაყრელი მიდგომით, რომ ბავშვზე პასუხიმგებელი მხოლოდ მდედრობითი სქესის მშობელია. აი, ავიღოთ, თუნდაც ქორწინებაში არმყოფთა შვილის „ქეისები“. შემიძლია ამერიკული მოდელის მცირე მაგალითიც მოგიყვანოთ. თუ ბავშვი, ასე ვთქვათ, ქორწინების გარეშე ჩნდება, დედას სრული უფლება აქვს (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა მშობლების ლეგალურ სტატუსს) სახელმწიფოს, სამართალდამცავებს დახმრებისთვის მიმართოს, მოიძიოს „მიმალვაში მყოფი“ მამა, დნმ–ს ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მტკიცებულება წარუდგინოს და სახელმწიფო „უძღებ მშობელს“ ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდას დაავალდებულებს, სადაც კი არ უნდა იმყოფებოდეს ძებნილი. ამას ისიც ემატება, რომ ქალის სექსუალური უფლებების ლიბერალი

ავტორი: ეკა კუხალაშვილი