|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნივერსიტეტის პროფესორი - მაჰმადიანი ქართველები შეირაცხნენ თურქებად

"მაჰმადიანი მესხების დეპორტაცია და დღევანდელობა“- აღნიშნულ საკითხზე ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის ინიციატორი და ორგანიზატორი სტუდენტური გაერთიანება „ინფორმაციის ძალა“ გახლდათ. ლექცია წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა, სულხან კუპრაშვილმა წაიკითხა.

მან მიმოიხილა 1944 წელს სტალინის ხელისუფლების მიერ ე.წ. თურქი მესხების საქართველოდან გადასახლების ისტორია და აღნიშნა, რომ ტერმინი თურქი -მესხი ხელოვნურია, „თურქი“ მაჰმადიან ქართველებს შეარქვეს, რომლებიც სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდნენ.

"ეთნიკურად მათ თურქებთან არაფერი აკავშირებდათ. მაჰმადიანი ქართველები შეირაცხნენ თურქებად“, - აღნიშნა სულხან კუპრაშვილმა.

როგორც ლექციაზე ითქვა, სხვადასხვა წყაროებით მიჩნეულია, რომ მაშინ სამხრეთ საქართველოდან  80 ათასი ადამიანი გაასახლეს და ისინი 9 ქვეყანაში "გადაანაწილეს".

1999 წელს ევროსაბჭოს ასაბლეაზე საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ მაჰმადიან მესხებს მათ ისტორიულ მიწაზე დააბრუნებდა. თუმცა ეს პროცესი დღემდე არ განხორციელებულა.

„მათი დაბრუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა დააბრუნონ ისინი, რომელბიც თავს ქართველებად თვლიან და გააჩნიათ ქართული ცნობიერება. ამიტომ ამ საკითხს შესწავლა უნდა“, -აღნიშნა სულხან კუპრაშვილმა.

თუმცა პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ რელიგიური დაპირისპირება საქართველოში არასდროს ყოფილა და კონფლიქტი თუ იყო მხოლოდ ყოფით ეკონომიკურ ან სოციალურ ნიადაგზე. მისი თქმით მუსულმანი ქართველები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებენ დღეს და უკეთებიათ წარსულში.

„მაგალითად კრწანისის ბრძოლაში 300 არაგველთან ერთად 500 ბორჩალოელი მუსულმანი იბრძოდა და მათ არანაკლები გმირობა გამოიჩინეს“,- განაცხადა სულხან კუპრაშვილმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი