|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პიკასოს, მატისის და სხვათა ნამუშევრები ნაგავში აღმოაჩინეს

მიუნხენის ერთ–ერთი საცხოვრებელი ბინიდან დაახლოებით 1,5 ათასი ნახატი და გრავიურა ამოიღეს. მათი საერთო ღირებულება, წინასწარი მონაცემებით, მილიარდ ევროს აღწევს.

პოლიციის მიერ ჩატარებული მრავალდღიანი ოპერაციის შესახებ,  რომელიც საიდუმლოდ მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ამ დღეებში გახდა ცნობილი.

ნახატებში აღმოჩენილია პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, მარკ შაგალის, მაქს ლიბერმანის, ალბერჰტ დიურერის და სხვათა ნამუშევრები.

ცნობილი მხატვრების ნამუშევრები დიდი ხნის მანძილზე, ვადაგასული პროდუქტებსა და ათეულობით წლის წინანდელი კონსერვების გროვაში ინახებოდა. ბინა კი სადაც ნახატები იყო დამალული, მიუნხენში მცხოვრებ კორნელიუს გურლიტს ეკუთვნოდა. მან  ნამუშევრები მემკვიდრეობით მიიღო მისი მამის გილდებრანტ გურლიტიდან.

80 წლის კორნელიუს გურლიტი 2010 წელს, პოლიციის ეჭვქვეშ მოექცა, რის შემდეგაც გურლიტის სახლში განახორციელეს ჩხრეკა.

ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნახატები ამჟამად ბავარიის საბაჟოს საცავში ინახება. ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ გურლიტის  მიმართ საქმე აღძრა და მას გადასახადებისგან თავის არიდებაში ედავება. რადგან გურლიტი აღნიშნულ ნახატებს ჩუმად ყიდდა და თავს ამ გზით მიღებული შემოსავლით ირჩენდა.

გურლიტის ბინიდან ამოღებული ნახატების უმეტესობა მესამე რაიხის დროს „დეგენერატულ ხელოვნებად“ შეფასდა და ამის საფუძველზე ნამუშევრების მათი კანონიერი მეპატრონეებიდან კონფისკაცია მოხდა. ამ დრომდე ისინი დაკარგულად ითვლებოდა და მათგან სულ ცოტა 200 ნამუშევრის ძებნა აქტიურად მიმდინარეობდა.

სტატია მომზადებულია Focus–ის მიხედვით

ავტორი: ნიუპრესი