ნამახვანის ენერგოპროექტი რეგიონს რისკის ქვეშ აქცევს
72 წლის მერი იობიძე დაბადებიდან სოფელ მამაწმინდაში ცხოვრობს. მამაწმინდა ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში მოსახლეობისგან უნდა დაიცალოს, რადგან ჰესის მშენებლობას ტერიტორიის დატბორვა მოჰყვება. ცნობილია, რომ ჰესი სულ 14 სოფელს დააზარალებს, რის გამოც 800 ადამიანს გაასახლებენ.
„ბევრი მაქვს თუ ცოტა, წლების მანძილზე ჩემი ხელით მოწყობილი ეზო და სახლი მაქვს. არ მინდა აქედან წასვლა. რომ გადაგვასახლონ, რაღას მოვესწრები, ნეტა ვერ გააკეთებდნენ" - ამბობს მერი იობიძე.
ააშენე, მართე, მიიღე მფლობელობაში
ტვიში - ნამახვანი - ჟონეთის მონაკვეთში (ლეჩხუმის ტერიტორიაზე) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან მიმდინარეობდა კვლევითი სამუშაოები გაცილებით მცირე მოცულობის ჰესის ასაშენებლად. ამ პროექტის განახლების მცდელობები იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. თუმცა, ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე საბჭოთა საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა მის განხორციელებას. ბოლოს კაშხლის იდეა დღის წესრიგიდან 1990-იანი წლების დასაწყისში მოიხსნა.
20-წლიანი ინტერვალის შემდეგ, ენერგოპროექტზე საუბარი 2008 წლიდან განახლდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ენერგოჰესებით მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გადაწყვიტა. შემუშავდა „გრინფილდ" (ნულოვანი, ანუ სიმბოლური ინვესტიცია) ინვესიტიციების საშუალებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოთხოვნები, შემდეგი პრინციპით - ააშენე, მართე, მიიღე მფლობელობაში "BOO: Build-Operate-Own".
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა „ჰიდროენერგეტიკაში განხორციელებული „გრიფილდ" ინვესტიციების" პროექტის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა იმ 80 მცირე და საშუალო პოტენციური სადგურის ნუსხა, რომელთა აშენებასაც სახელმწიფო ინვესტორებს სთავაზობდა. დაინტერესების შესაბამისად, სამი მასშტაბური ენერგოპორექტი: ხუდონის ჰესი და ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადი კვლავ განხილვის საგანი გახდა. შედგა კონკრეტული შეთანხმებებიც.
ნამახვანის კასკადის (სამი 450 მეგავატიანი ჰესის) მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და Nurol Energy Production and Marketing Inc-ს (თურქული კომპანია), Korea Electric Power Corporation-c (კორეული კომპანია) და SK Engineering and Construction Co, Ltd-c (კორეული კომპანია) შორის მემორანდუმი 2009 წლის ბოლოს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, KEPCO-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჰურ კიონგ-გოომ, SK-ს ვიცე პრეზიდენტმა სეო სეოკ-ჯაემ და Nurol Holding-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჰუსნო დოგანმა. შეთანხმების თანახმად, კონსორციუმი კასკადის მშენებლობას 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და ექვს წელიწადში დაასრულებს. დაგეგმილი ინვესტიციის ოდენობა ერთ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კასკადის წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდ კვ/სთ იქნება.
დღეისათვის არსებული ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი წარმოადგენს 800იან წლებში შემუშავებულის ანალოგს. იგი სამი კასკადის აშენებას ითვალისწინებს: ტვიშის ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 100 მეგავატია, ნამახვანის (250 მეგავატი) და ჟონეთის (100 მეგავატი) და მოიცავს საქართველოს ორ რეგიონს: იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთს.
„ეს იძულებითი გადაადგილება"
„მთლიანად სოფელი აყრის ზონაშია. ასეთივე მდგომარეობაშია სხვა სოფლებში. გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფელ მამაწმინდაში სასაფლაოს აყრასაც<
ავტორი: თეა ზიბზიბაძე