|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლია ლიქოკელი - თითო ცალი ჩვენი წილი კერპი ყველამ დავამხოთ

მწერლობა და "ერის წინამძღოლობა", ავტორიტეტები და მათი დამხობის აუცილებლობა, გემოვნება და მასზე დავა, გავლენები და შთაბეჭდილებები. 

ამ და სხვა საკითხებზე newpress.ge-ს ესაუბრება  პოეტი, ლიტერატურული პრემია "წეროს" ჟიურის რჩეული ლია ლიქოკელი. 

–ორიოდ კვირის წინ ქუთაისში გამართულ მწერალთა კავშირის იუბილეზე წვეულმა მწერლებმა ბევრი ისაუბრეს მწერლობის „მისიასა“ და როლზე „ერის სამსახურში“. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რამდენად ევალება მწერლობას „ერის წინამძღოლობა“? 

– ამას ცოტა არასერიოზულად ვუყურებ, ვფიქრობ, სასაცილოა. ერს წინამძღოლი არ ჭირდება - დიდი საძაგლობაა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო, თითქოს ცხვრის ფარა იყოს. მე ერთი ადამიანისთვის ვწერ ყოველთვის, ერთ მთლიან, სრულ, ორიგინალ ადამიანს ვგულისხმობ მკითხველად, ინდივიდს, განსაკუთრებულს, რომელიც ან მიიღებს ჩემს სიტყვას, ან არა. და  ბევრი ასეთი „ერთი ადამიანია“ ჩემთვის ერიც, და არა პირიქით - რაღაც გაურკვეველი ერთიანობა, რომელსაც ვინმე სიტყვამოკაზმული ტრიბუნის მოყვარული გარეკავს და გამორეკავს, საითაც მოისურვებს. თუმცა კარგი იქნება, მწერლები მეტად აქტიურები იყვნენ და საკუთარი ნაჭუჭიდან ხანდახან მაინც გამოიჭყიტონ - ზოგჯერ საჭიროა „დიაგნოზის დასმა“ სინამდვილისთვის. შეიძლება ბევრი ვერაფერი შევცვალოთ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ სიტყვა ტყუილად არ იკარგება.

– თქვენი დამოკიდებულება ავტორიტეტებთან?

– ეს სიტყვა ძალიან არ მიყვარს. კვარცხლბეკზე შემოსკუპებული ფუტურო ბიუსტის ასოციაციას იწვევს ჩემში. ჰოდა ავტორიტეტები არ მყავს. არიან ადამიანები და სახელები, ვინც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ უპირობოდ არავისი და არაფრის არ მჯერა. არ მჭირდება კერპები. და კარგი იქნება, სხვებმაც მომბაძონ და თითო ცალი ჩვენი წილი კერპი ყველამ დავამხოთ და ვიფიქროთ ჩვენ თვითონ, გავანძრიოთ ეს ობმოდებული ტვინები. მესმის, რომ კომფორტულია ვინმეს მიაჩერდე და შენი სათრევი პასუხისმგებლობა იმას აჰკიდო, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაში გვაგდებს ეს ძალიან. მოკლედ, მოდი, ავაფეთქოთ ეს ავტორიტეტები, ან უბრალოდ, ავდგეთ და გავწუწოთ მაინც.

– ვთქვათ, ჟიურის წევრი რომ იყოთ, რაიმე ლიტერატურულ კონკურსში, რა ნიშნით შეაფასებდით ვინმეს შემოქმედებას? თუ ამაზე არ არსებობს მყარი ფორმულები და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული დამოკიდებულებები ჩნდება?

– იმედი მაქვს, ღმერთები დამიფარავენ ამისგან. ჟიურის წევრობას ვგულისხმობ. ისე კი ამ დროს გადაწყვეტილება აუცილებლად სუბიექტურია. ლიტერატურისმცოდნეობითი ბოროტი ხმები ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ფორმულისმაგვარები ზოგადად ტექსტის შეფასებისას, მაგრამ რადგანაც სულითა და გულით მძულს ყოველგვარი ფორმულა ზუსტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების იქით, მირჩევნია, ვიყო სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისას, და ჩემი ტექსტიც გრძნობიერმა არსებებმა - ადამიანებმა შეაფასონ და არა ლიტერატურომობილებმა.

– მიჩნეულია, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. თუმცა რეალურად სწორედ გემოვნებზე მიდის ცხარე დავები. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს გემოვნებას და ღირს თუ არა მისთვის დავა? 

– ეს არის დიდებული რამ - გემოვნება. წარმოიდგინეთ, მე ერთი ფერის თმასაც კი ვერ ვიტან საკუთარ თავზე, ერთდროულად სამი ფერი მაინც უნდა მქონდეს, და რა საშინელება იქნებოდა ეს სამყარო, ერთ ბლანტ მასად რომ მივიზილოთ ერთმანეთში. და არაფერია უკეთესი გასართობი, ვიდრე გემოვნებაზე დავა. ამ დროს ცხადად ხედავ, რომ სასაცილოა, რაღაც ერთი აზრის, ერთი უცდომელი ჭეშმარიტების მიგნების იმედი გქონდეს. აზრი პროცესშია და არა მდგრად ფორმულაში, რომელსაც ერთხელაც მიაგნებს და დაოკდება სრულიად კაცობრიობა. ანუ სულაც არ მინდა, ასე მოხდეს. ინდივიდუალიზმი მირჩევნია ყველა შემთხვევაში, და ცოტა თუ დავფხოჭნით ერთმანეთს ამ პროცესში, დიდი ამბავი, ჭრილობები საჭიროა.

– გავლენებზე რომ ისაუბროთ, ყველაზე შთამბეჭდავი წიგნები, ფილმები, ადამიანები თქვენს ცხოვრებაში ვინ იყვნენ? 

– მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პროფესიად კინო ავირჩიე, სრულიად გულგრილი ვარ ამ ფენომენის მიმართ, ამიტომ გავლენაც არ მქონია. საყვარელი ფილმიც კი არ მაქვს. წიგნები ბევრია. თუმცა არც აქ მყავს ავტორიტეტები. პერიოდულად იცვლებიან ხოლმე ისინი, როგორც შეყვარებულები. წიგნები ცოცხლებივით არიან ჩემთვის და სულ მრცხვენია წაუკითხავი წიგნების, თვალს ვერ ვუსწორებ და სადმე უკან გადავკუნჭავ ხოლმე.  ადამიანები კი სულ არიან. ბევრი უფროსი მეგობარი მყავს და იმათ გამზარდეს. ახლა უკვე უმცროსი მეგობრები მზრდიან. საკმაოდ ძნელადაღსაზრდელი ვარ და დადებით გავლენას ნაკლებად ვექვემდებარები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადამიანი ვარ ჯერჯერობით. ძნელი სათქმელია, როგორი, მაგრამ ვარ.

– რას უფრთხით ყველაზე მეტად და რის შენარჩუნებას ცდილობთ?

– ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ადამიანები მიყვარს. აი ასე, უბრალოდ მიყვარს. და შემეშინდა ადამიანების გარეშე დარჩენის. უფრო ზუსტად კი ადამიანების სიყვარულის გარეშე დარჩენის. ჰოდა ვცდილობ, ამ სიყვარულიანი ჩემი თავი შევინარჩუნო. და სიცოცხლის სურვილი.  ვგრძნობდე, რომ ვარსებობ, ვარ, და აზრი აქვს ამ ყოფნას.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გარემო? რამდენად გიწყობთ ან გიშლით ხელს მუშაობაში?

– მუშაობისთვის მთავარია, ვიყო მარტო. მე ვარ ჭეშმარიტი მარტოხელა. საკმარისია ვინმემ ზედმეტად შემოყოს ცხვირი ჩემს სამფლობელოში, ვიბურძგლები და სრულიად აუტანელი ვხდები. იმისთვის, რომ ვიმუშაო, რამე გავაკეთო საერთოდ, მჭირდება თავისუფლება, რეჟიმი, რომელსაც მე თვითონ ვუწესებ ჩემს თავს და ვერ ვიტან, როცა ჭკუას მარიგებენ, რა და როგორ გავაკეთო. სხვა არაფერი. ვიკვებები გარემოთი, რომელშიც ვცხოვრობ, ისევე, როგორც ყველა, უბრალოდ ხშირად არ მომწონს ისეთი, როგორიც არის თავისთავად და გადავაკეთებ ხოლმე.

– ალბათ არც ისე იოლია საკუთარ თავს პოეტი უწოდო, ამას გარკვეული გაბედულებაც სჭირდება (გაცილებით მარტივია თქვა რომ ხარ ინჟინერი, ან იურისტი). თქვენი დამოკიდებულება საკუთარ შემოქმედებასთან როგორია?

პოეტობა პროფესია არ არის. არ მჯერა, რომ შეიძლება ვინმე პოეტი გახდეს. სამაგიეროდ შეიძლება არაფერიც არ დაწერო და მაინც პოეტი იყო. ეს ფრაზა რასაკვირველია დიდად მაღალფარდოვნად გამოიყურება, მაგრამ მაინც მომწონს, ასეა და იმიტომ. მე სულ შემთხვევით დავიწყე წერა, შემეძლო, არც დამეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს პოეზიის პრიზმაში ვხედავ. ასე ვიყავი ყოველთვის და ასეთი მოვკვდები. აი წარმოიდგინეთ, დიდი მსუქანი ხალით დაიბადოთ, რომელიც მთელ შუბლზე გაქვთ გადადღაბნილი. შეგიძლიათ, საერთოდ არ შეიმჩნიოთ და არ აღიაროთ ამ ხალის არსებობა, მაგრამ ხომ ყველა დაინახავს. ერთხელაც იქნება, სარკეში ჩაიხედავთ და აღიარებთ, რომ ხალიანი ხართ. და მე ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, პოეტად ყოფნა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ხალიანობა. თუმცა ერთია - ხალის მოშორება შეიძლება, პოეზიის კი არა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა