|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტერმინოლოგიური შეფუთვით, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი ავტონომიური წარმონაქმნები გაჩნდეს" (R)

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს, აზრთა სხვადასხვაობის საგნად იქცა

კოდექსის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა აუცილებელია, რათა მოხდეს დეცენტრალიზაცია და საზოგადოების დაახლოება თვითმმართველობის ორგანოებთან; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაწილი კი კანონპროექტში არსებულ იურიდიულ თუ სხვა სახის პრობლემებზე საუბრობს 

გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან.

- ბატონო ტარიელ, რა არის თქვენთვის მიუღებელი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტში და რა რეკომენდაციებს აძლევთ მთავრობას?

- პირველ რიგში, არ მომწონს ამ კოდექსის ფორსირებული დამტკიცება (31.10.2013) საქართველოს მთავრობის მიერ; არ მომწონს იმიტომ, რომ ამ კოდექსში შემოტანილია, ერთი მხრივ, ე.წ. რეგიონული თვითმმართველობის ელემენტები, რომლებსაც არ ითხოვს "ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", მეორე მხრივ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში სრულიად ზედმეტია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის - ე.წ. გუბერნატორის - ინსტიტუტზე მსჯელობა, რამდენადაც, რწმუნებული თუ გუბერნატორი მმართველობითი რგოლია და არა - თვითმმართველობითი; და, რაც მთავარია, ამ კოდექსში ტერმინოლოგიურად შეფუთულია საქართველოს სახელმწიფოს ახალი ტიპის მოწყობა - ე.წ. რეგიონული მოწყობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას; კერძოდ, რაც არ უნდა უარყოს ბატონმა თენგიზ შერგელაშვილმა, რომ მისი კანონპროექტით შემოთავაზებული ე.წ. "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება" არ არის ფედერაციული ერთეული, ფაქტია, რომ "მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებას" ჰყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო - მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი - აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი სტრუქტურებით. საქართველოს მხარეებში ამგვარი ე.წ. ჰიბრიდული - ადმინისტრაციული საზღვრების მქონე მმართველობით-თვითმმართველობითი რგოლის შექმნა არის მოკლე გზა საქართველოს ე.წ. რეგიონული მოწყობისაკენ. რეგიონული მოწყობა კი საქართველოს არსებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

არსებითია სხვა წახნაგიც: ე.წ. რეგიონული გაერთიანებების ერთი ნაწილის საზღვრები ემთხვევა ბოლო 200 წელიწადში საქართველოში ჩამოსახლებული ისეთი ეთნიკური უმცირესობის ანკლავს, სადაც, საბჭოეთის ენობრივი პოლიტიკის ინერციით. მოსახლეობა დღემდე ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

- ბატონო ტარიელ, იქნებ მკითხველს განუმარტოთ საერთაშორისო ტერმინის "რეგიონი" მნიშვნელობა...

- სიტყვა-ფორმა "რეგიონი" ბარბარიზმია; სრულიადაც არ არის საჭირო მისი ქართულ ენაში დამკვიდრება; აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ქართული სიტყვა "მხარე"; რიგ შემთხვევაში გამოსადეგია, ასევე: "კუთხე", "ხეობა"; რაც მთავარია, დასავლეთში ფართოდ გამოყენებული ტერმინი "რეგიონი", ძირითადად, გამოიყენება ადმინისტრაციული საზღვრების არმქონე გეოგრაფიულ-ეკონომიკური ტერიტორიის აღსანიშნავად (მაგალითად, კავკასიის რეგიონი, შავი ზღვისპირა რეგიონი) და იშვიათადაა გამოყენებული ადმინისტრაციული საზღვრების მქონე სივრცის აღსანიშნავად; ევროპაში, ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ფაქტობრივი ავტონომიური მმართველობა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი (ოპოზიციაც, ხელისუფლებაც) სწორედ მესამე მნიშვნელობით იყენებს ტერმინს "რეგიონი". ამ ფონზე ვამბობ: არის მიზანმიმართული მცდელობა, საქართველოში შემოღებულ იქნას ე.წ. რეგიონული მმართველობა. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში რეგიონალიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს გარედანაა სტიმულირებული; მაგალითად, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების სათაური ასე ჟღერს: "ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია საქართველოში“. ვფიქრობ, რომ "რეგიონული დემოკრატია" ესაჭიროება ისტორიული ავტოქთონი უმცირესობებით დასახლებულ ქვეყნებს და არა - საქართველოს, სადაც ასეთი მოსახლეობა არ ცხოვრობს; აქტიური გეოპოლიტიკური ვექტორების გზაჯვარედინზე მყოფ საქართველოში ე.წ. რეგიონული გაერთიანებების დაკანონება სახელმწიფოს დეზინტეგრაციის რისკებს გაზრდის; კერძოდ, იმ განაპირა მხარეებში, რომლებშიც სახელმწიფო ენა ვერ ფუნქციონერებს, ე.წ. რეგიონული საბჭოები შეეცდებიან, სახელმწიფო ენად დააკანონონ სხვა ენა; საქართველოს დეოკუპაციამდე ამგვარი ქმედებები ქვეყნის დეზინტეგრაციის საფრთხეებს სერიოზულად გაზრდის. 

- კანონპროექტის განხილვისას ბატონმა თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ "მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების" მსგავსი წარმონაქმნები ევროპაში არსებობს და იქ არავითარ რისკებს არ შეიცავს... 

- ევროპის ქვეყნების - ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის... რისკები და საუკუნოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველში არსებული საქართველოს რისკები ერთი და იგივეა? მით უმეტეს, დღეს საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენი მეზობლები: რუსეთი, თურქეთი, ირანი... ძალიან ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეები არიან; თავიანთი ინტერესები აქვთ სომხებს, აზერბაიჯანელებს... ათასი სხვა პრობლემაცაა საქართველოში, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მცირე ტერიტორიის მქონე საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება რეგიონული თვითმმართველობები თუ ე.წ. ჰიბრიდული მმართველობები. "თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტია" შესანიშნავი დოკუმენტია; ის ითხოვს სოფლისა და რაიონის დონეებზე რეალური თვითმმართველობების ამოქმედებას და არა - ე.წ. რეგიონულ თვითმმართველობისა თუ მმართველობის შემოღებას. თუ ჩვენ გვინდა თვითმმართველობაში დავამკვიდროთ ევროპული პრინციპები, სრულიად საკმარისია, სოფლის ანუ თემისა და რაიონის თვითმმართველობები გავაძლიეროთ. 

2013 წლის 31 ოქტომბერს მთავრობის მიერ დამტკიცებული "თვითმმართველობის კოდექსით" შემოთავაზებული ე.წ. ჰიბრიდული რეგიონული ხელისუფლების დამკვიდრება ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიას; სინამდვილეში ეს არის გზა რეგიონალიზაციისკენ... მავანი შეეცდება, ამ გზის აუცილებლობა აფხაზეთის საკითხის მოგვარების პერსპექტივით ახსნას; მათ ფიგურალურად ვუპასუხებ: არც ერთი ნორმალური ექიმი ერთი მოტეხილი კიდურის მკურნალობას არ იწყებს მეორე კიდურის მოტეხით... აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში საქართველოს გარედან ინსპირირებული კონფლიქტების მოსაგვარებლად არ არის საჭირო საქართველოს სხვა კუთხეების ავტონომიზაცია... ფაქტია ისიც, რომ ბოლო 20 წელში მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად ჩვენს ქვეყანას თავს ახვევენ რეგიონალიზაციას.

- საქართველოში ე.წ. სამხარეო მმართველობები შევარდნაძის დროს შემოიღეს... რით განსხვავდება არსებული მოდელი შევარდნაძის მოდელისგან?

- 1995 წელს შევარდნაძემ თავისი მმართველობის გასაძლიერებლად არაკანონიერად შემოიღო არაკონსტიტუციური სამხარეო მმართველობითი რგოლი - პრეზიდენტის რწმუნებული, რომელიც დააკანონა 1997 წელს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უფრო გააძლიერა სამხარეო მმართველობითი რგოლი, ამჟამინდელი ხელისუფლება კი ამ კოდექსით ცდილობს, მას დაუმატოს თვითმმართველობითი კომპონენტი - მუნიციპალიტეტებში არჩეული დეპუტატების მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო, რომელსაც გარკვეულწილად უქვემდებარებს გუბერნატორს _ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს; ვფქირობ, იქმნება მუდმივი წინააღმდეგობის შემცველი ე.წ. ჰიბრიდული მმართველობა, რომელიც მეტად სახიფათოა საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც სახელმწიფო ენა არ ფუნქციონირებს და იქაც, სადაც ძლიერია მეზობელი ქვეყნების გავლენა თუ ზეწოლა. ხაზგასმით ვამბობ: "მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების" დამკვიდრებით ტერმინოლოგიური შეფუთვით მკვიდრდება ფაქტობრივი რეგიონული მოწყობა თვითმმართველობის ელემენტებით! გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში არსებული და ოკუპირებული საქართველოსთვის ეს ძალიან სახიფათოა! შესაბამისად, აუცილებელია, ეს კანონპროექტი ფართო განხილვის საგნად იქცეს. უნდა აღნიშნოს, რომ კანონში დადებითი მომენტებიც არის, მაგრამ ამის გამო სახიფათო რისკებს თვალი არ უნდა ავარიდოთ.

- "კოდექსის" განხილვისას თქვენ ისაუბრეთ თვითმმართველობისა და რეგიონული ენების შესახებ ქარტიების მიმართებებზე; თუმცა, მათ შორის კავშირი უარყო მთავრობის წარმომადგენელმა... 

- ვიდრე ამ თემას გავშლიდეთ, აღვნიშნავ, რომ კოდექსის ბოლო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც აკანონებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საქმისწარმოების ენა უნდა იყოს სახელმწიფო ენა. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ლოგიკური არ არის... ვფიქრობ, რომ იმ რაიონებში, რომლებშიც მოსახლეობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, არსებული პრობლემები მომავალში უფრო გართულდება; მით უმეტეს, სომხეთისა თუ რუსეთის ხელისუფლებები დღენიადაგ ითხოვენ, ასეთ პირობებში დაკანონდეს ე.წ. რეგიონული ენები "ევროპული ქარტიის" პრინციპების შესაბამისად. არ მოვერიდები კატეგორიულობას და ვიტყვი: საქართველოს დეოკუპაციამდე და საქართველოს ყველა მხარეში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების აღდგენამდე, საქართველომ რატიფიკაცია არ უნდა გაუკეთოს "რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიას"; გარდა ამისა, რეგიონული ენებისა და რეგიონული თვითმმართველობების დამკვიდრების მცდელობა რომ გარკვეულწილად ერთმანეთს მოიცავს, ბრმისთვისაც კი ნათელია, რამდენადაც ნებისმიერი თვითმმართველობითი თუ მმართველობითი ორგანოს სტრუქტურები რომელიღაც ენაზე ფუნქციონირებენ და ეს განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ჩემი აზრით, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია და რეგიონული ენების ქარტია, ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთი ფურცლის ორი გვერდია, ეს თუ ვინმემ არ იცის, მისი პრობლემაა. აქვე აღვნიშნავ, რომ დასახელებული ორივე კანონი დიდებული დოკუმენტია, მაგრამ რატომღაც ჩვენთან მიზანმიმართულად ხდება ამ ქარტიების არსის დამახინჯება და არასწორი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა. ეს არცოდნის გამო ხდება თუ ვიღაცის დავალებით, ამაზე პატივცემულმა მკითხველმა იფიქროს.

სააკაშვილის ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული ორგანოების შექმნით საბაბი მისცა რუსეთს, რომ გაეფართოვებინა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრები. მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება დღეს შეიძლება სახიფათოდ არ ეჩვენება ჩემს ძველ კოლეგას ბატონ ირაკლი მელაშვილს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ე.წ. რეგიონული საბჭოები სახიფათო გახდება ოკუპირებულ და მყიფე სახელმწიფოობრიობის მქონე საქართველოში, რომლის სხვადასხვა კუთხეში ძალიან ძლიერია გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე სხვადასხვა ქვეყნის გავლენები.

ვფიქრობ, ჯავახეთშიც, აჭარაშიც და საქართველოს სხვა განაპირა კუთხეებშიც არის ალბათობა, იმდენად გაძლიერდეს მეზობელი ქვეყნების ზეწოლა, რომ დეზინტეგრაციული პროცესები შეუქცევადი გახდეს; შესაბამისად, საქართველოს დანაწევრების მოსურნე ძალებს ე.წ. რეგიონული საბჭოების სახით ახალი ინსტრუმენტი არ უნდა მივცეთ, მით უმეტეს, ოფიციალურად ამას არ გვთხოვენ ევროპული სახლის არქიტექტორები... კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ევროპისკენ მსწრაფ საქართველოს სახელმწიფოს აუცილებლად ესაჭიროება თემისა/სოფლისა/ და რაიონის რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, მაგრამ მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყნისთვის სრულიად ზედმეტია და, ამავე დროს, გაუმართლებელი რისკების შემცველია, ე.წ. რეგიონულ დემოკრატიაზე ოპერირებით რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოების დამკვიდრება; მეტიც, მიმაჩნია, რომ საერთოდ გასაუქმებელია ე.წ. რეგიონული მმართველობაც და თვითმმართველობაც, სრულიად ზედმეტია გუბერნატორის ინსტიტუტი! კავკასიის რეგიონის რთული გეოპოლიტიკური პროცესების კონტროლის მიზნით, საქართველოს რამდენიმე განაპირა მხარეში თუკი იარსებებს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის აპარატი, მაქსიმუმ, 3-კაციანი შტატით, სრულიად საკმარისი იქნება.

- თუკი მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდება, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება?

- რა თქმა უნდა, ამჟამად არსებულ, ამ კოდექსის მიმღებ ხელისუფლებას. აქვე აღვნიშნავ, რომ "ქორთიარდ მარიოტში" კანონპროექტის განხილვისას ბატონმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხარეო მოწყობა და პრეზიდენტის რწმუნებულების ინსტიტუტი დააკანონა წინა ხელისუფლებამ და ამაზე პასუხისმგებლობას ამჟამინდელი მთავრობა ვერ აიღებს... ბატონ ირაკლის ასე ვუპასუხებ: წინა ხელისუფლებების მიერ თუკი ცუდი რამ გაკეთდა, აუცილებელია ამ ცუდის გამოსწორება და არა - "ცუდად გაჭრილი კალაპოტის" გაღრმავება სამხარეო მმართველობაზე ე.წ. რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოების დამატებით. უმჯობესია, “დე იურე“ სრულიად გავაუქმოთ ე.წ. გუბერნატორის ინსტიტუტიც და სხვა სამხარეო სტრუქტურებიც! მცირემიწიან საქართველოს არ სჭირდება ამდენი მმართველობითი თუ თვითმმართველობითი რგოლი! ვიმეორებ, საკმარისია, რეალური თვითმმართველობა ჰქონდეს სოფელსა და რაიონს, ხოლო პრობლემურ მხარეებში პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს წარმომადგენელი 3-კაციანი აპარატით. დისკუსიისას ბატონმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ არც მას "ეხატება გულზე" გუბერნატორის ინსტიტუტი და მხარს დაუჭერს კონსტიტუციიდან ამ მმართველობითი რგოლის ამოღებას... 

- საქართველოს პარლამენტი რამდენად გაითვალისწინებს ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს მთავრობის მიერ მოწონებული კოდექსის განხილვისას?

- როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე, უმცირესობაში "კოდექსს"მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც; ცოტათი მამშვიდებს ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ჩემი მეგობრებიც თვლიან, რომ "კოდექსის" მე-7 კარი /"მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების" შესახებ/ სახელმწიფოს დეზინტეგრაციის რისკებს შეიცავს. არ გამოვრიცხავ, წარმოდგენილი კოდექსის პროექტის განხილვა გახდეს საფუძველი, პოლიტიკურ სპექტრში ახალი კონფიგურაციით მკაფიოდ გაიმიჯნონ ნეო თუ ფსევდოლიბერალურად და ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები. იმედი მაქვს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მოეწყობა ფართო განხილვა, შედგება კონსენსუსი და "თვითმმართველობის კოდექსიდან" ამოღებულ იქნება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ე.წ. რეგიონული საბჭოების შექმნას.

ავტორი: თამთა კაკაურიძემ

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა