"ახალი კოდექსი მეტ ცენტრალიზაციას ახდენს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო"(R)
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხეების მომტანი იყოს. ყველაზე კრიტიკულად კი ისინი კოდექსის პროექტის მე-7 კარს, ანუ მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებას და მის უფლებამოსილებას აფასებენ.
რატომ ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება საქართველოს კონსტიტუციას, საფრთხეების შემთხვევაში ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი გვესაუბრება.
-საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი განხილვისათვის ორ ნაწილად უნდა გავყოთ: მე-7 კარი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა რეგიონულ გაერთიანებას ეხება და მეორე, კოდექსის სხვა დანარჩენი ნაწილი. მე-7 კარი ეს არის უცხო სხეულის იმპლანტაცია ამ კანონში. ის ეხება გაუგონარი შინაარსის გაერთიანებას, აგრეთვე გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც, თავისი შინაარსით, ამ კანონის სფერო არ არის. თუ კანონპროექტის ავტორთა ზრახვები გახორციელდა, ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული დაყოფის ისეთი მასშტაბის ცვლილება, რომელიც ფარნავაზ მეფის შემდეგ არ მომხდარა. შინაარსობრივად კი, საქართველოს ტერიტორიული დაყოფის კანონპროექტში წარმოდგენილი ვარიანტი ეს არის არაკომპეტენტური, დანაშაულებრივი ქმედება. საქმე იმაშია, რომ დარჩენილ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის გარდა შემორჩა ქვეყანას, არის ერთიანი სივრცე, სადაც შიდა ტერიტორიული ორგანიზაცია ადმინისტრირების მიზნითაა დაყოფილი და არა კუთხურ-ეთნოსური ნიშნით. კუთხურ-ეთნოსური იდენტიფიცირება არაა მიბმული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფასთან, აჭარის გარდა. გურია სად იწყება და სად მთავრდება, ეს ისტორიულ საქმედაა ქცეული. სულ სხვაა თუ სად ცხოვრობენ გურულები. მათი განსახლების არეალი არაა მიბმული ამ ტერიტორიის გურიად _ მის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად შექმნასთან. შემოთავაზებული კანონპროექტის გახორციელება კი წამოშობს გურიის "სახელმწიფოს". როგორც კი ასეთი რამ მოხდება, მაშინვე დადგება საკითხი გურულების განსახლების არეალისა და გურიის სახელმწიფოს საზღვრების შესაბამისობის შესახებ. საკითხის გარკვევასა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას მოჰყვება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნისმაგვარი მოვლენები შიდა და გარე მტერ-წამქეზებლების მეშვეობით. ჰიპოთეზურად გადაიტანეთ იგი სხვა კუთხეებშიც. საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება დაატყდა თავს, როდესაც ის ერთეულებად დაიშალა, მაგრამ საქართველო არასდროს ყოფილა დაყოფილი ისეთ ერთეულებად, როგორც დღეს ოფიციოზი ანტიკონსტიტუციურად გვინერგავს ცნობიერებაში. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და ა.შ. ეს ისეთივე ნონსენსია, როგორც "სამხრეთ ოსეთი". ეს დაყოფა არაა არც კანონიერი და არც ისტორიული. თუ აქამდე ვერ ვხვდებოდით, თუ რატომ იყო ამ დაყოფის გამოყენება წახალისებული, აღნიშნული კანონპროექტით კარგად გამოჩნდა წყარო - ხელისუფლება, რომელიც იცვლება, მაგრამ ეს მიმართულება ხელისუფლების საქციელში უცვლელია. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ან ხელისუფლებაში ამ იდეის გამტარებელი ძალები უცვლელად არიან ან უცვლელია ხელისუფლებაზე ამ მიმართულებით ზემოქმედი გარე ძალები.
კანონპროექტის ავტორები გეგმავენ საქართველოს დაყოფას "რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის", "სამცხე-ჯავახეთის", "ქვემო ქართლის" და ა.შ. "მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებებად". გაერთიანების სახელით შენიღბული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიცავს სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს: ტერიტორია, მოსახლეობა, კანონმდებლობა, იურიდიული პირის სტატუსი, ფინანსები და სამართავად მისთვის მიცემული ქონება. ერთი დარჩა ის, რომ არ ჰყავს ჯარი და საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ვიღაცას ხომ შეიძლება მოუნდეს, რომ ჯარიც ჰყავდეს და საგარეო საქმეთა მინისტრიც?! თავიდან, აფხაზეთიც ისეთივე უწყინარი გაერთიანება იყო, სადაც შევიდა ისტორიული კუთხეები: საკუთრივ აფხაზეთი, ჯიქეთის ნაწილი, საბედიო, სამურზაყანო, თავისუფალი სვანეთი. იგივე შეიძლება ვთქვათ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზეც", რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი "ბოლშევიკი წინაპრების" პოლიტიკური თამაშით შექმნილი თავსატეხი, რომელიც შედგება საქართველოს ისტორიული კუთხეების: ქართლის, დვალეთის, რაჭის, იმერეთის ნაწილებისაგან.
სეპარატიზმის საფრთხე ყველა რეგიონში შეიძლება შეიქმნას, რაც ნაციონალური ან რელიგიური მოვლენა კი არა, არამედ ეკონომიკური მოვლენაა. მას მოცემულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ბიუროკრატიულ-ეკონომიკური ელიტა აყალიბებს, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება და სურს, ის დაიკმაყოფილოს. იწყება ამ განზრახვის ისე შეფუთვა, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა. იტყვის, რომ საჭიროა რეგიონს ჰქონდეს რეგიონული ენა. მხარდამჭერი გაჩნდება ევროპის სახით, რომელსაც მიღებული აქვს რეგიონული ენების ქარტია. თუ გაქვს რეგიონი, რატომ არ გაქვს რეგიონული ენა, ევროპისათვის გაუგებარია, მაგრამ რეგიონი თუ არ გაქვს, ის ამ საკითხს ვერ დასვამს. მაშინ, რატომ ქმნი მას?! შესაძლოა, გაჩნდეს რელიგიის კუთხით შეფუთვის ახალი ვარიანტი, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ ან მართლმადიდებლები და გვინდა ცალკე ვიყოთ, რადგან ვიჩაგრებით. ამის მაგალითად ბალკანეთი შეიძლება დასახელდეს, ერთი ჯიშის და სისხლის ხალხს სეპარატიზმის სურვილი გაუჩნდა და შემდეგ შეიფუთა ხან რელიგიური, ხან პოლიტიკური და სხვა ნიშნით. მთელი საფრთხე მხოლოდ ეთნოსზე არ არის მიბმული, შეფუთვის მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ არავინ გვეუბნება ეს რატომ უნდა გაკეთდეს, რას გვაძლევს ეს, შედეგი რა იქნება?! ამბობენ, თითქოს ეს გააუმჯობესებს თვითმმართველობის სერვისის მიტანას ადამიანებამდე. სინამდვილეში ესეც ტყუილია, რადგან თუ დღეს მუნიციპალიტეტებიდან სერვისს სადღაც მესამე ცენტრში ავიტანთ, ეს კი არ დაუახლოვებს მას მოსახლეობას, პირიქით, დააშორებს. მეორეც, მე-7 კარი თვითმართველობის განვითარების იდეას ეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტ ცენტრალიზაციას ახდენს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა.
მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო ჩახლართულია; არსებული მუნიციპალიტეტების დაშლით მათ გამრავლებაზეა საუბარი. სავარაუდოდ, ორჯერ ან სამჯერ მეტი მუნიციპალიტეტი გვექნება, ვიდრე არის. შეთქმულების თეორიის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ როცა ფაქტების ჯაჭვი ემთხვევა ერთმანეთს, დასკვნა თავისით გაკეთდება. მგონია, რომ კანონპროექტი ან უგუნურად ან მტრულადაა შედგენილი. დაყოფისკენ მიმართული ქმედების ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" არის მე-9 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილებზე საქმის წარმოების ენა სახელმწიფო ენაა. მოცემულ კანონპროექტში კი ენის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი. დღესაც ბევრ მუნიციპალიტეტში ადამიანებს საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე უჭირთ, მაგრამ მოტივაცია აქვთ, რომ სახელმწიფო ენა ისწავლონ. ახალი კანონით თუ ჩნდება რეგიონი, მაშინ რეგიონული ენაა საჭირო. უკვე ჯერარმიღებულმა კანონმა გააჩინა ამ მიმართულებით პატარ-პატარა კერები, წარმოიშვა პატარა ჯგუფები, რომელიც ამ მოტივით არიან შეპყრობილები.
ის, რომ დღეს არსებული მუნიციპალიტეტები მასობრივად ხელოვნური პარამეტრებით _ მოსახლეობა, მანძილი და ა.შ. დაიყოს, არასწორი გზაა. ავტორები აცხადებენ, რომ ამას სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით აკეთებენ; მაგრამ ესეც პირობითი ცნებაა. სერვისის მიწოდება რომ სწრაფი და მოსახლეობასთან დაახლოებული იყოს, ამას ქვეყნის ჭრა-კერვა არ სჭირდება და ტექნოლოგიურად შეიძლება გადაწყდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ის ხარჯები, რაც ამ კანონპროექტის ამოქმედებას დაჭირდება, აბსოლუტურად იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველა დიდ თემის ცენტრი ციფრული ტექნოლოგიით იყოს უზრუნველყოფილი და მოსახლეობამ მიიღოს ის მინიმალური მომსახურება, რასაც ის დედაქალაქში იღებს. ეს არის მიმართულება, საითკენაც უნდა წავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. მუნიციპალიტეტების დაყოფა კი, ვფიქრობ, საფრთხეების შემცველია, რადგან მასზე უმიზნოდ დიდი ეროვნული ენერგია უნდა დაიხარჯოს. არის კიდევ მეორე საკითხი: თუ მიზანი არ ჩანს, მაშინ თვითმმართველობა საით უნდა განვითარდეს? რა შესაძლებლობა აქვს მას? პროცესი მოქმედ კანონმდებლობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრითა და არსებული კანონმდებლობის ცუდი გახორციელების პრაქტიკის დაძლევით უნდა დაწყებულიყო. საინიციტივო ჯგუფმა, შევქმენით სამთავრობო კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტი და თვითმმართველობის განვითარების ვექტორი არა სახელმწიფოსკენ, არამედ სოფლისკენ მივმართეთ. მიგვაჩნია, რომ თემში უნდა იყოს არჩევითი ორგანო, რომელიც სოფლის თავს აირჩევს. ამ უკანასკნელს დაენიშნება ხელფასი და სოფლის ტერიტორიაზე გახორციელებული პროექტები დელეგირებული უფლებით გადაეცემა. ამასთან, თუკი არის იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის შეგნით რომელიმე ერთეული ისე განვითარდა, რომ თვითმმართველობის გახორციელება დამოუკიდებლად შეუძლია, მაშინ ის უნდა გამოეყოს ცალკე თვითმმართველობად. სხვათა შორის, ასეთ შესაძლებლობას დღევანდელი კანონმდებლობაც იძლევა.
- რაც შეეხება მუნიციპალიტეტებისთვის მიწის და ქონების გადაცემის საკითხებს; ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას და რა შეიცვლება რეფორმის გატარების შემდეგ?
- როგორ გადაწყდება მიწის საკითხი ესეც არ არის გარკვეული, რადგან კანონპროექტში წერია, რომ საკითხს 2017 წელს განიხილავენ. ანუ ახლა მთავრობისთვის მთავარია დაჭრას და დაკეროს, ხოლო მიწას როგორ მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, ტყეს და სხვა დანარჩენ ქონებას განსაკარგად, ამას 2016-2017 წელს განიხილავს. მიწის გარეშე რა უნდა ჰქნან რეალურად თვითმმართველობებმა, არ ვიცი; ალბათ, ისევ ისე დარჩება ფიქციად, როგორც ახლა მართავს ეკონომიკის სამინისტრო თბილისიდან საძოვრებს, სათიბებს, წყალს და ა.შ. კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება მოხდება. რეალური თვითმმართველობისთვის, ამ რეფორმით, ვერც ქონებას მიიღებენ და ვერც მიწა-წყალს. ერთი წელი 4 წლის 25%-ია, რაც ამ ხელისუფლებამ უკვე დახარჯა და ვერ შეძლო ის დაებრუნებინა ხალხისთვის და თვითმმართველობისთვის, რაც წინა ხელისუფლებამ წაართვა. მოსახლეობისთვის უნდა ეკითხათ არსებულ კანონმდებლობაში რა ხარვეზები იყო და იმის მიხედვით უნდა დაეწყოთ ფიქრი რეალურ რეფორმაზე. ამათ კი კანონპროექტი ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე, ოთახში დაწერეს და ახლა ცდილობენ ფაქტის წინაშე დაგვაყენონ. სადაური დემოკრატიაა, რომ საზოგადოებას უწერ კანონპროექტს და მას ისე აკითხებ, როგორც შენ გინდა?! გვეტყვიან, რომ შეხვედრები გვქონდა და რეგიონებში ვიყავითო, მაგრამ მოსახლეობას აუხსნეს ყველაფერი, თუ ინფორმაცია ისე მიაწოდეს, როგორც თვითონ უნდოდათ? რატომ არ არის საჯარო დისკუსიები ამ თემაზე?
- კანონპროექტს მთავრობაშიც კი ყველა არ ეთანხმება. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ შენიშვნების გათვალისწინება?
-კანონპროექტი, რომელმაც გაიარა მთავრობის სხდომა, მანამდე გაიარა და მიიღო დასკვნა ყველა სამინისტროში - იურიდიული სამსახურების, მინისტრის მოადგილეების და მინისტრების, შემდეგ ყველაზე მთავარი დასკვნა იუსტიციის სამინისტროში, შემოწმდა მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან და მაინც მიიღეს, ასეთი კანონპროექტი მთავრობის კომპეტენციის გამო შეშფოთებას იწვევს. თუ მათ ასეთი რამე გაეპარათ, მაშინ ისიც შეიძლება გაეპაროთ, რომ სახელმწიფო მთლიანად აჩუქონ ვინმეს.
- რაც შეეხება პროექტის ფასს; დათვლილია რა შეიძლება დაუჯდეს რეფორმა სახელმწიფოს?
- ყველა ასეთი გათვლა პროექტის ფასთან დაკავშირებით, ძალიან პირობითია. სახელმწიფომ კონკრეტულად უნდა თქვას მოსახლეობა რა სარგებელს მიიღებს ამ რეფორმით. უნდა ვიცოდეთ ხარჯი და შედეგი. რაც შეეხება პროექტის ფასს, სხვადასხვაგვარი შეფასებაა. ჩვენი გათვლებით, რაც ყველაზე მინიმუმია, 2014-2015 წლებისათვის მისი გახორციელება 500 მილიონი ლარი დაჯდება. უცხოელი სპეციალისტების ზოგიერთი შეფასებით, მისი ფასი 2-2,5 მილიარდი იქნება. ხარჯების გაზრდას არა მარტო დიდი ცვლილებები იწვევს, არამედ უამრავი დეტალიც - როდესაც ამდენ სოფელს, მუნიციპალიტეტს სახელი შეეცვლება, ავტომატურად უნდა შეიცვალოს საფოსტო ინდექსები, ფირნიშები, რომელიც ყველა გზას და მოსახვევს უჩვენებს და ა.შ. ამასთან, თუ ახალ ცენტრებს ვქმნით, მას ახალი ინფრასტრუქტურა - გზა, კანტორა და ა.შ. სჭირდება, რაც ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
- რაც შეეხება თქვენს ალტერნატიულ კანონპროექტს, როდის აპირებთ პარლამენტში შეტანას?
- პარლამენტში უკვე გაკეთებული გვაქვს განაცხადი, ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვეცდებით ძალიან მალე შევიტანოთ ეს 30 ათასი ხელმოწერა. თუ ეს კანონპროექტის განხილვამდე მოესწრება, მაშინ ჩვენს პროექტს ალტერნატიულ კანონპროექტად, თუ არა, ცალკე საკანონმდებლო ინიციატივად განიხილავენ. კანონპროექტისადმი ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება საჯაროდ მას შემდეგ გამოვიტანეთ, რაც ჩვენი მოსაზრებები მისი ავტორების მიერ უგულებელყოფილ იქნა. ამასთან, მინდა კანონპროექტის ავტორებს ვუთხრა, რომ ჩვენი კრიტიკა ეფუძნება პრინციპს "მოყვარეს პირში უძრახე". ვურჩევ მათ, კრიტიკა გამოიყენონ კანონპროექტის გასაუმჯობესებლად, ბევრი გაკეთებულს უქებს იმ იმედით, რომ მასზე მისი ავტორები "პოლიტიკურ კისერს" წაიტეხენ. ჩვენ არც ეს გვსურს და არც ის, რომ მათ კისრისტეხვას მთელი ქვეყნის ცხვირ-პირის წატეხვა მოჰყვეს.
ავტორი: თამთა კაკაურიძემ
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა