ოთო კობახიძე - წარსულს უნდა ჩავაბაროთ აზრი, რომ ვიღაც მხსნელი მოვა და გადაგვარჩენს
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა
21 წლის ოთო კობახიძის ღია წერილი, რომელიც საქართველოს პატრიარქ ილია მეორესადმი იყო
მიმართული. აღნიშნულმა წერილმა აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული ვნებათაღელვა
გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. რა გახდა ამ წერილის
დაწერის მიზეზი? რამდენად ხშირად უსვამენ ახალგაზრდები „ავტორიტეტებს“ მწვავე
კითხვებს
newpress.ge- ს ამ და სხვა კითხვებს პასუხობს სტუდენტი ოთო კობახიძე.
- თქვენ ცოტა ხნის წინ წერილით მიმართეთ პატრიარქს. რამაც ძალიან გამაოცა, პირველ რიგში იმიტომ, რომ იშვიათად უბედავენ პატრიარქს კითხვების დასმას და მეორე - თქვენი თაობის ახალგაზრდებიდან ნაკლებად მესმის ავტორიტეტების მიმართ კრიტიკული კითხვები. რატომ გადაწყვიტეთ ამ წერილის დაწერა?
- ვფიქრობ, დღევანდელ საქართველოში ავტორიტეტებისადმი კითხვებით თუ
ვინმე გამოირჩევა, ეს პირველ რიგში ჩემი თაობის და ასაკის ადამიანები არიან.
კრიტიკული შეკითხვის თუ კრიტიკის მტრობად აღქმა ალბათ უფრო საბჭოთა პრაქტიკაა და
ასეთი დამოკიდებულება დროსთან ერთად შეიცვლება. ჩვენ პოსტსაბჭოთა ეპოქის
საქართველოში გაზრდილი თაობა ვართ და ამდენად, გასაკვირი არ არის, თუ კითხვების
დასმა გამბედაობასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება წერილს: კითხვები,
რომლებიც დავსვი, დიდი ხანია მაწუხებდა, უბრალოდ, ამჯერად ფიქრებმა ბლოგზე
გადმოინაცვლა. თანაც, მსგავსი საკითხები ბევრ ადამიანს აწუხებდა ჩემ გარშემო,
თუმცა ბევრი არიდებდა თავს დაეწერა იმაზე, რაზეც დიდი ხანია საქართველოს ბევრ
კუთხესა თუ ქალაქში ლაპარაკობენ.
- მე, როგორც თქვენზე უფროს ადამიანს, ძალიან მაკლია ახალგაზრდებიდან კრიტიკული დამოკიდებულება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შვილები საქართველოში მამების (მამაოების) , ბაბუების მორჩილებას და მათ „ჩრდილში ყოფნას“ არჩევენ, თუკი ჩემი შთაბეჭდილება სწორია, მაშინ, თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- გეთანხმებით, თუმცა ნაწილობრივ. განზოგადება, რომ ყველა ახალგაზრდა
ვინმეს ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, არამართებული მეჩვენება. ბევრი ჩემი მეგობარი
თუ უბრალოდ ნაცნობი ბევრად მეტ ძალისხმევას ხარჯავს ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის,
ვიდრე მათი - მშობლები თუ ბებია- ბაბუები. თუმცა, არის დიდი წილი ახალგაზდრობის,
რომელიც თვლის, რომ მათი წინაპრების გზა გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენი
პრობლემაა ისიც, რომ წარსულზე ტირილში ხშირად ახლის შექმნა გვავიწყდება. ახლა
წარმოვიდგინოთ, ილია ჭავჭავაძე მხოლოდ წარსულის დატირებით რომ ყოფილიყო
დაკავებული, როგორი ქვეყანა გვექნებოდა დღეს? ჩემ ამერიკელ ლექტორს უთქვამს
ერთხელ, ამერიკელი აუცილებლად ცდილობს იმაზე მეტი შექმნას, ვიდრე - მისმა მამამ და
იცნობდნენ არა იმის გამო, ვინ არის მამამისი, არამედ - ვინ არის ის თავადო.
ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენც, საქართველოში.
სხვათა შორის, წერილზე არსებულმა
გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ მაჩვენა, რომ ჩვენში დიდი დოზითაა შემოჭრილი
ინფანტილიზმი. რომ 21 წლის მოქალაქე არის ბავშვი და მას, როგორც ბავშვს, კითხვის
დასმის თუ აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. მსგავსი მიდგომა თუ არ შეიცვალა, კიდევ
მრავალი წლით შეფერხდება საზოგადოების განვითარება. მესმის ისიც, რომ ჩვენ უფრო
კოლექტივისტური კულტურა ვართ და ინდივიდუალიზმი ხშირად გვაშინებს, მაგრამ აქედან
გამოსვლაც არ მიმაჩნია შეუძლებლად.
- ესეც სტერეოტიპია, რომ ახალგზარდა ბუნტარი და მეამბოხე უნდა იყოს?
- მე
თუ მკითხავთ, ბუნტარობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეინარჩუნო. თუმცა გეთანხმებით,
განსაკუთრებით ახალგაზრდები უნდა გამოირჩეოდნენ ცვლილებების სურვილით და მეამბოხეობით.
ახალგაზრდებს, სტუდენტებს შედარებით ნაკლები მოვალეობა აქვთ, როგორც წესი, არ ჰყავთ
ოჯახი და შვილები, დასაკარგი ნაკლები აქვთ, ამდენად ისინი უფრო მეტად აპროტესტებენ
ხოლმე ამა თუ იმ მოვლენას, ფაქტს, კანონს და ა.შ.
- რა ასოციაციას გიჩენთ საბჭოთა კავშირის ხსენება?
- საბჭოთა კავშირზე პირველ რიგში მიხეილ ჯავახიშვილი მახსენდება ხოლმე,
რომელიც ჩემი საყვარელი ქართველი მწერალია და რომელიც იმ სისტემამ იმსხვერპლა სხვა
არაერთ ინტელექტუალთან ერთად. ჩემთვის ეს იყო იმპერია, რომელიც სიცრუეზე, ტვინის
გამორეცხვასა და სიყალბეზე იყო აგებული და მიხარია, რომ მის დაშლაში წვლილი ქართველებმაც შევიტანეთ.
- რა ასოციაციას იწვევს „ქართლის დედა“? სტალინი? „თბილისობა“?
- ის
ადგილები, სადაც "ქართლის დედა’" დგას ძალიან მიყვარს, ხშირად ვსეირნობ, არაჩვეულებრივი
ხედი იშლება იქედან, ამიტომ "ქართლის დედაზე" სწორედ ჩემი გასეირნებები მაგონდება. ცხადია,
ელგუჯა ამაშუკელიც გამახსენდა, რომელიც ამ ძეგლის ავტორია. თავად ამ ძეგლს რაც შეეხება,
ჩემთვის მას განსაკუთრებული საკრალური დანიშნულება არ აქვს.
სტალინზე ჩემი ასოციაციები უკრაინის შიმშილობის პერიოდს,
ძალდატანებით კოლექტივიზაციას, დიდ რეპრესიებს
და ფიზიკურად განადგურებულ ქართულ ინტელექტუალურ წრეს უკავშირდება.
თბილისობაც საბჭოთა ეპოქის შვილია. როგორც გახსოვთ,
ორიოდ წლის წინ, ხელისუფლებამ სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე კვირით გადმოწია
ეს დღესასწაული და თბილისობას იუმორით სარკოზობაც კი შევარქვით.
- როცა ამბობენ „ნამდვილი ქართველი კაცი“ (ან ქალი), „ნამდვილი თბილისელი“, „ნამდვილი ქუთაისელი“ და ა.შ.თქვენი აზრით ამაში რას გულისხმობენ? თქვენ რა აზრები (ემოციები) გიჩნდებათ ამის გაგონებისას?
- ნამდვილ
ქალზე, კაცზე, თბილისელსა თუ ქუთაისელზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ნამდვილად
არ ვიცი, ამაში რას გულისხმობენ. თუმცა ბევრს წარმოუდგენია, რომ ვთქვათ, "ნამდვილი
ქართველი ქალი’’ უნდა იყოს აუცილებლად დედა, მორჩილი და დამყოლი არსება და ა.შ. თუმცა
ეს ძალიან შორს დგას იდეალურ ქალზე ჩემი სუბიექტური წარმოდგენებისგან.
მე მაქვს იდეები, ფასეულობები, პრინციპები, რომელთა
მიხედვითაც ვცდილობ ვიცხოვრო და არ მიმაჩნია სამართლიანად განვსაჯო ვინმეს ნამდვილობა-არანამდვილობა
ცალკეული თვისებების თუ სტატუსების გამო.
- პირველ რიგში რას უნდა დავცინოთ? რა უნდა დავივიწყოთ? რა უნდა გვახსოვდეს?
- უნდა
დავცინოთ გაუნათლებლობას, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხრიდან იქნება ეს.
უნდა დავივიწყოთ მესიანიზმი და წარსულს ჩავაბაროთ აზრი,
რომ ვიღაც მხსნელი მოვა და გადაგვარჩენს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობს ათასობით
თანამოქალაქე, ვისაც ცივა, შია, არ აქვს განათლების მიღების საშუალება, ვინც განიცდის
ძალადობას და ა.შ.
- ბოლო ათი წლის მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში?
- რამდენიმე
მოვლენას გამოვყოფდი: აგვისტოს ომს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას
და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას.
- თქვენი თაობის მთავარი პრობლემა? მთავარი გამოწვევა? მთავარი უპირატესობა?
- ჩემს
თაობას ბევრი პრობლემა აქვს. პირველ რიგში კონფორმიზმი და სოლიდარობის გრძნობის ნაკლებობა.
მთავარი გამოწვევაც, ამ კონფორმიზმის დამარცხება და უკეთესი ქვეყნის შენებაში ჩვენი
წილი წვლილის შეტანაა. მთავარ უპირატესობას რაც შეეხება, ჩვენ საბჭოთა კავშირში არ
გვიცხოვრია და ჩვენი მშობლებისაგან განსხვავებით, ტოტალიტარული წარსულით დამძიმებულები
ნაკლებად ვართ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი