|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი წლის ღამეს კონცერტს რობი კუხიანიძე და ჯგუფი "აუტსაიდერი" გამართავს

ქუთაისში, ქალაქის მერიის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები 27 დეკემბრიდან  4 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

საახალწლო პროგრამის მიხედვით, რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს თბილისიდან ჩამოსული თოვლის ბაბუები გადასცემენ საახალწლო საჩუქრებს.

პროგრამის თანახმად, საჩუქრების მთავარი ადრესატები ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, "ბავშვთა სოფლის" ბინადარი და ლტოლვილი ბავშვები იქნებიან.

თოვლის ბაბუასთან ერთად ბავშვები კონცერტსაც იხილავენ - მესხიშვილის თეატრთან გაიმართება კონცერტი ანსამბლ "ნაი ნაის" მონაწილეობით.  

თუმცა საახალწლო ღონისძიებათა ძირითადი რაოდენობა 31 დეკემბერზე მოდის.

როგორც საახალწლო პროგრამა იუწყება,  ქალაქში დილიდან იმოძრავებს ღია ავტობუსი, რომელშიც თოვლის ბაბუსთან ერთად სხვადასხვა ზღაპრულ პერსონაჟებად გადაცმული ნიღბებისა და ბერიკების თეატრის მსახიობები იქნებიან. ქალაქის ცენტრის გარდა ავტობუსი გარეუბნებსაც ეწვევა. თუმცა პროგრამის მიხედვით საახალწლო საჩუქრების ძირითადი ადრესატები აქაც მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები იქნებიან. 

31 დეკემბერსვე დილის 10 საათიდან გაიმართება საახალწლო ბაზრობა კინოთეტრ "მონ პლაზირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ბაზრობაზე მომხმარებელს შეეძლება საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ქართული ხალხური  რეწვის ტრადიციების შესაბამისად დამზადებული ხელნაკეთი ნივთების (თექა, გობელენი  ტიხრულმინანქარი, თიხა.) შეძენა, ასევე  წარმოდგენილი იქნება საახალწლო მისალოცი ბარათები და საახალწლო აქსესუარები.

როგორც პროგრამა იუწყება, საახალწლო ბაზრობაში ჩაერთვნენ კერძო სექტორის და კერძოდ, ქუთაისში მოქმედი  კაფეების წარმომადგენლები. „ჩაის სახლი“ და „პალატი“ საკუთარი პროდუქციით შეუერთდებიან საახალწლო ზეიმს.

რეგიონებისა და გარეუბნების შემდეგ, თოვლის ბაბუაც ეწვევა „მონ პლაზირს“ და მისთვის საგანგებოდ გამზადებულ ქოხში დაიდებს ბინას.

„მონ პლაზირის“ ტერიტორიაზე გაიმართება თოჯინების თეატრის, ბერიკებისა და ნიღბების თეატრების საგანგებო საახალწლო წარმოდგენები.

31 დეკემბრის ღამით, მოქმედება ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც ქუთაისელი შემსრულებლები  - ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, მარიტა როხვაძე, მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, ინდირა ჯგერენაია, შოთიკო ბანძელაძე და ბენდი „მუზეუმი“, ჯგუფები Cross Road, „განგაში“კონცერტს გამართავენ. კონცერტს დაასრულებს მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუტსაიდერი“.

1-2 იანვარს, ღონისძიებების მასპინძელი ოპერის თეატრი გახდება, რომლის სცენაზეც „ნიღბების თეატრი“ გამართავს სპექტაკლს „ზღაპრული შოუ“. შოუს შემდეგ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდებათ.

ამ დღეებში საახალწლო კონცერტების ადგილად გადაიქცევა  ე.წ.კიკვიძის ბაღი, სადაც კულტურული,  სახელოვნებო  და საგანმანათლებლო გაერთიანებაში შემავალი ჯგუფები  კონცერტებს გამართავენ.

3-4 იანვარს ყინულის მოედანი უმასპინძლებს საახალწლო ზეიმებს. რომელიც საგანგებოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაიმართება. კონცერტს საჩუქრებს დარიგების ცერემონიალი დაასრულებს.

ოპერასა და ყინულის მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტებზე მოხვედრა მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. მოსაწვევების მიღების მსურველთა ჩაწერა მერიაში მიმდინარეობს. თუმცა მერიის წარმომადგენელთა თქმით მოსაწვევების მისაღებად მსურველებმა ერთი თვით ადრე დაიწყეს ჩაწერა. 


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა