|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალურად დაუცველები 2014 წელსაც დაპირებების იმედად რჩებიან

ქუთაისში, 2100 სოციალურად დაუცველ ოჯახს წინასაახალწლო ნობათები გადასცეს. 

როგორც ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ნობათები სოციალურად დაუცველებს გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებული რაოდენობით დაურიგდათ. 
"შარშან საახალწლო ნობათები სოციალურად დაუცველებს 16 ლარის ღი-რებულების პროდუქტებით დაურიგეს. თუმცა, ნობათები ისეთი იყო, ვიცით, რომ ბევრმა არც კი წაიღო. ამიტომ, წელს ჩვენ პროდუქტების რაოდენობა გავაორმაგეთ და სოციალურად დაუცველებს 31 ლარის ღირებულების პროდუქტები დავურიგეთ,"- ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მარგველაშვილი.
სოციალურად დაუცველებს ნობათის სახით და საახალწლო კალათით, ქათამი, შაქარი, კარაქი, ფქვილი, ზეთი, კვერცხი, შედედებული რძე, მაიონეზი და კანფეტები დაურიგდათ. რისთვისაც, ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა სულ, 60 000 ლარი დახარჯა. 
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის წრმომადგენლების მტკიცებით, 2014 წლიდან, ახალი პროგრამებით, სოციალურად დაუცველებს უფრო ეფექტურად გაუწევენ დახმარებას.
სოციალური დახმარების პროგრამების ერთ-ერთ სიახლედ და წარმატებულ ცვლილებად, ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში ერთჯერადი „მატერიალური დახმარების პროგრამის" გაუქმებას ასახელებენ.
როგორც ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, "მატერიალური დახმარების პროგრამა" არაეფექტურობის მიზეზით გააუქმეს. 
"ერთჯერადი მატერიალური დახმარებით ყველა სოციალურად დაუცველი ვერ სარგებლობდა, ასევე ეს იყო მხოლოდ ერთჯერადი დახმარება, რომელიც სოციალურად დაუცველს შვებას მხოლოდ ერთი კვირით გვრიდა. ასე, რომ ამ პროგრამაში გათვალისწინებული ბიუჯეტი ავიღეთ და ჩავანაცვლეთ სხვა-დასხვა პროგრამებში, რაც მორგებული იქნება სოციალურად დაუცველთა პრობლემების უფრო ეფექტურ მოგვარებაზე,"- ამბობს მარგველაშვილი. 
"ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამით" შეცვალეს.
"პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ეკონომიკური საშუალება და შვილები მინდობით აღზრდის ოჯახებს მიაბარეს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ თუ ასეთი ოჯახები მზად იქნებიან შვილები დაიბრუნონ და თავად აღზარდონ, ყოველთვიურად, სახელმწიფოსგან 90 ლარს, ხოლო ადგილობრივი თვითთმმართველობისგან ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ,"- განმარტავს მარგველაშვილი. 
მერიაში განმარტავენ, რომ მომავალი წლიდან დღის ცენტრებით მოსარგებლე ბენეფიციარებს სრულად დააფინანსებენ, ხოლო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველებს ორჯერ ექნებათ. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, სარგებლობის საშუალება 2013 წელს ბენეფიციარებს მხოლოდ ერთხელ ეძლეოდათ.
"სოციალური ფონი რომ მძიმეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს სიახლები და პროგრამები მართალია არ იქნება საბოლოო საშველი და იარაღი, რომელიც ამოწურავს სოციალური სიდუხჭირის თემას, მაგრამ ამ გზით სოციალურად დაუცველთა პრობლემების მოგვარება უფრო ეფექტურად დაიწყება,"- განმარტავენ ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში. ქუთაისში, ამ დროისთვის სულ 15 000 ოჯახი სოცილურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის 2014 წელს ქუთაისის სოციალური სამსახურის ბიუჯეტი 1 მილიონ 790 000 ლარით განისაზღვრა.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა