ყველაზე უცნაური საახალწლო რიტუალები მსოფლიოში
არაფერი აახლოებს ისე მსოფლიოს ხალხებს, როგორც საერთო დღესასწაული - ახალი წელი - მას ხომ ყოველი ადამიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს. როგორ ხვდებიან ამ ულამაზეს დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში და რა უცნაურობები ახასიათებს საახალწლო რიტუალებს?
ავსტრია - აქ საახალწლო საჩუქრებისა და ბარათების გაგზავნის ტრადიცია XVIII ს-დან მოდის. ავსტრიელის სუფრა 31 დეკემბერს უხვი უნდა იყოს. ბევრი ფული რომ ჰქონდეს, საახალწლო სუფრაზე ის აუცილებლად მიირთმევს ბარდას, ჯანმრთელობა უნდა? - მაშინ პირშუშხა უნდა დააგემოვნოს. აი, კიბორჩხალა კი სუფრაზე არ უნდა გაჭაჭანდეს - ის ხომ უკან-უკან დადის! რაც შეეხება საახალწლოდ მორთულ დედაქალაქ ვენას - ეს ნამდვილი სასწაულია!
ინგლისი - აქ ახალი წლის მოახლოებას სპეციალურად აღმართული ზარის რეკვით ამცნობენ. თავდაპირველად ზარის ხმა "მოგუდულად" ისმის, რადგან ის სქელი ქსოვილითაა შეფუთული, ნელ-ნელა ქსოვილს აცლიან და მეთორმეტე ჩამორეკვა ყველას ესმის, რადგან ზარი უკვე "შიშველია". ამას გარდა, როცა საათი რეკვას იწყებს, ბრიტანელები სახლის უკანა კარს აღებენ - ძველი წლის "გასაბრძანებლად", ბოლო ჩამორეკვასთან ერთად კი სადარბაზო კარს აღებენ - ახალი წლის შემოსაბრძანებლად.
ბრაზილია - ახალი წლის ღამით რიო-დე ჟანეიროს მკვიდრნი თეთრი ტანსაცმლით იმოსებიან და საჩუქრებს უძღვნიან ზღვის ქალღმერთ იემანჟეს. ზღვის ღვთაების თაყვანისცემა შთამომავლებს იმ აფრიკელებისგან გადაეცა, რომლებიც ოდესღაც ბრაზილიაში მონებად გალერებით ჩამოიყვანეს. ქალღმერთისთვის განკუთვნილ საჩუქრებს - ყვავილებს, თეთრ სანთლებს, პარფიუმერიას, სარკეებს პატარა ნავებით უშვებენ წყალში და მადლობას სწირავენ მიმავალი წლისთვის.
იაპონია - ამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი ბამბუკისგან დამზადებული, მდიდრულად მორთულ-მოხატული ამულეტი კუმადე - ფოჩხია, ბედნიერების "მოსახვეტად". მისი ზომა 10 სმ-დან 1,5 მეტრსაც აღწევს. წლის ღვთაების "მოსათაფლად" კი იაპონელები სახლის წინ კადომაცუს - სამი ბამბუკის ჯოხის პატარა ჭიშკარს აღმართავენ. ასევე შუაღამით 108-ჯერ ჩამოკრავენ ზარს. იაპონელთა რწმენით, თითო ჩამორეკვა თითო ადამიანურ მანკიერებას "კლავს", დანარჩენი კი - მანკიერებების აჩრდილებს.
ახალი წლის პირველ დღეს, გათენებისთანავე, იაპონელები გარეთ გადიან, მზის ამოსვლას ეგებებიან და პირველი სხივების გამოჩენისთანავე ერთმანეთს საჩუქრებით ულოცავენ ახალ წელს.
ავტორი: ნიუპრესი