|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირიან გამრეკელაშვილი - ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფოებრიობაზე მაღლა საპატრიარქოს სურვილები დგას

2013 წელს პოლიტიკურ სივრცეში მთავარ მოთამაშედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქცა. მართალია,მისი ძალა და როლი სხვა წლებშიც ჩანდა, მაგრამ წელს პირდაპირ გაცხადდა ეკლესიის აღმატებულება ყველა სხვა ინსტიტუციაზე. 
იგი საზღვრავდა პრიორიტეტებს, ორიენტაციას, ფასეულობებს, კანონებს, ადამიანების ბედს და ა.შ .
ამ ფასეულობებზე, ფაქტებზე, მოვლენებზე თვალის გადავლებით როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს აღნიშნული მოთამაშე?  როგორი ამინდი შექმნა მან საქართევლოში 2013 წელს? 
ხსენებულ საკითხებს მიმოიხილავს newpres.ge-ს სტუმარი თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი.
- ამ კუთხით მართლაც გამორჩეული იყო ეს წელი. რა თქმა უნდა, ეკლესიას როგორც ინსტიტუციას, პოლიტიკური მისწრაფებები და გავლენა არც წინა წლებში აკლდა, მაგრამ ამ წელს მან მოახდინა ყველა თავისი აქტივობის ერთ მთლიან ჯაჭვად დალაგება და მულტიფლიცირება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და, აქედან გამომდინარე, მის გარემოცვას, ყოველთვის გააჩნდა მიმდინარე მოვლენების თავისებური აღქმა. ასე იყო წლის მთავარ მოვლენებთან დაკავშირებითაც. საქართველოს საპატრიარქომ მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები არა მოქალაქეთა, არამედ საკუთარი აქტივობის შედეგად ჩათვალა და ასეც წარმოაჩინა. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნა სიკეთისა და “ქართული ჯიგრის“ გამარჯვებად ბოროტ დასავლურობაზე. შედეგად კი გაჩნდა  „ოქროს ხანის“ დადგომის ესქატოლოგიური მოლოდინი, მეფობის რესტავრაციის მცდელობა უფრო თვალსაჩინო და რეალური გახდა.
ამ ყველაფერს ახალი მთავრობის მხრიდან ეკლესიასთან მიმართებაში დანერგილმა ახლებურმა მიდგომამაც შეუწყო ხელი. თუ წინამორბედი საპატრიარქოსთან საქმიანი გარიგებების მეტნაკლებად შეფუთვას ცდილობდა, ახლა ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ მისთვის კანონსა და სახელმწიფოებრიობაზე მაღლა საპატრიარქოს სურვილების ასრულება დგას. ცხადია, ეს ყველაფერი ამომრჩევლების გულის მოსაგებად ხდება. მთავრობა, რომელიც მთელ რიგ წარუმატებლობებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით განიცდის, მზადაა, მოქალაქეთა თვალის ახვევის მიზნით, საპატრიარქო ღია პოლიტიკურ მოთამაშედ აქციოს და იმაზე მეტის განსაზღვრის უფლება მისცეს, ვიდრე ეს წინათ ხდებოდა.
თავის მხრივ, მოხდა ეკლესიის არნახული სიძლიერითა და მასშტაბით სრული პოლიტიზაცია. ასევე თვალშისაცემია, რომ ეს ინსტიტუცია აღარ ფარავს თავის პრორუსულობას. სრულიად საპირისპიროდ, არც კათოლიკოს-პატრიარქი და არც დანარჩენი სამღვდელოება არ ერიდება რუსეთის მიმართ სიმპათიის ღიად გამოხატვას. ხშირად სურვილის შეჩერდეს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი. თავად პოლიტიკოსების მხრიდან დებატები მიმდინარეობს არა საკითხზე, როგორი ქვეყანა გვსურს ავაშენოთ, როგორი საზოგადოება გვსურს ვიყოთ თვისობრივად, არამედ  ამ ყველაფერს ძალიან სტრუქტურულად წარმოაჩენს. თითქოს რომელიმე სივრცისადმი მიკუთვნებულობა თავისთავად მოგვიტანს ელვისებურ ცვლილებას. სწორედ ამ პოლიტიკურ, სამოქალაქო უმწიფრობას, ინფორმაციულ ვაკუუმს იყენებს ეკლესია მრუდედ და უკვე ღიად ახდენს დასავლეთის დემონიზებას. ID ბარათების სატანისტურად გამოცხადება, მუდმივად ძახილი იმისა, რომ დასავლეთი გარყვნილებისა და სულიერი უბედურების ბუდეა, უკვე უფრო სისტემური და ხშირი გახდა წინა წლებთან შედარებით. კათოლიკოს-პატრიარქის საახალწლო მილოცვაში კავკასიის მხრიდან, პოლიტიკური მესამე გზის არჩევის აუციელბლობაზე საუბარი იყო ამ სახის წლის ბოლო გზავნილი.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, მოვლენა, რაც დაგამახსოვრდათ 2013 წელს?
- ამ წელს უამრავი რამ მოხდა მსოფლიოსა და საქართველოში, თუმცა ჩემთვის წყალგამყოფად დღემდე 17 მაისი და მასთან დაკავშირებული მოვლენები რჩება. არა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, სრულებით არა. სიახლეს მხოლოდ ადამიანთა დაკბენა წარმოადგენდა, რადგან მსგავსი რამ არც მსმენოდა. უბრალოდ, ეს ყველაფრი მოხდა ძალიან მძაფრ და მასსტაბურ ფორმებში.
ქართულ კულტურას სიახლის პასუხად, მხოლოდ ძალადობა, აგრესია და მღვდლის ხელში მოყვასისათვის თავის გასაჩეჩქვად შემართული ხის ტაბურეტი აღმოაჩნდა. ეს ყველაფერი იყო ჰუმანიტარული კატასტროფა და მოვლენა, რომელმაც ძირეულად შეცვლა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი გაგებით. ამ არნახული აგრესიით იწამლება გარემო, სადაც ცხოვრება გვიწევს. ამ ყველაფერს კი ხედავენ ახალგაზრდები, ბავშვები. რა მაგალითია მათთვის ქრისტეს სახელით სიძულვილისა და ზიზღის გავრცელება? საშინელია იმის განცდა, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ამ პროცესზე ძალიან უმნიშვნელო ან არანაირი ზემოქმედება არ შეგვიძლია. სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი თავად ქრისტიანობისათვის, ეკლესიისთვის არის ძალიან ცუდი. 
ამ დღეს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად არ გვაქვს. პოლიტიკასა და სახელმწიფო სექტორში მყოფი ადამიანების დიდი უმრავლესობა თავად არის საოცარი კონფორმისტი, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვენე. სასამართლო ვერ უძლებს ხულიგანთა და სამღვდელოების ზეწოლას. მოსახლეობის უმრავლესობას არ ესმის, რომ სახელმწიფო დიდი ხანია ეფუძნება ადამიანთა სამოქალაქო და არა სისხლით ერთობას. მოკლედ, ეს დღე ნამდვილად იყო  “დიდი აფეთქება“ ნეგატიური თვალსაზრისით, რომლის ინერციაც დღემდე საგრძნობია.
- ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობდა, ქრისტე ასჯერაც რომ დაბადებულიყო ბეთლემში რა აზრი აქვს, თუკი ის შენს გულში არ დაიბადაო. საქართველოში რატომ  „ჯერდებიან“ ქრისტეს მხოლოდ ბეთლემში დაბადების ფაქტს?
- გერმანელ პოეტ, იოანე შეფლერის (Angelus Silesius, 1624 -1677) ციტატა, („Und wäre Christus tausendmal in Bethlehem geboren, und nicht in dir: Du bliebest doch in alle Ewigkeit verloren“) ქრისტესშობის არსის ლაკონურად გამომხატველი აზრის ცხოვრებაში გატარება ნიშნავს, შეცვალო შენი ცხოვრება რადიკალურად და იგი მთლიანად ქრისტეს, მის მიერ ნახარები ფასეულობებისკენ მიმართო. სწორედ ამგვარი შემოტრიალება არის ძალიან ძნელი დღეს, რადგან იგი, გარესამყაროსთან მიმართებაში, ყოველთვის კომფორტული როდია. არადა სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ, რადგან უფლის შობაც მსგავს აქტს წარმოადგენდა სხვა მრავალმხრივ მისტერიასთან ერთად, როგორც ამას ფილიპელთა ეპისტოლეში შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ჰიმნი გვაუწყებს: “ არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, კაცთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო.(ფილიპელთა 2,7)“
უფრო ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნებოდა მომენტი, როდესაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები უცებ გააცნობიერებდნენ, რომ შეუძლებელია გწამდეს ქვეყანას ქრისტეს დაბადების და მთელი შენი ცხოვრება ეფუძნებოდეს სიცრუის გავრცელებას. ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ მათ ამ მომენტიდან სრულიად საპირისპირო ცხოვრება დაეწყოთ? ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ძალიან ძნელია, საკუთარ ცხოვრებაში ასეთი გარდატეხის შეტანა. მთელი ირონიაც ის გახლავთ, რომ თვით ბეთლემში დაბადების ფაქტსაც ვერასოდეს ვზეიმობთ სათანადოდ, თუნდაც სრულიად ფორმალურად. საქართველოში შობას წინ ახალი წლის აღნიშვნა უძღვის და მოსახლეობაში არსებული მთელი პოზიტიური განწყობის მარაგი (ასევე მატერიალურიც) მას ხმარდება. შობის აღნიშვნით ჩვენი ყოფითი ცხოვრების ახალი ციკლი კი არ იწყება, როგორც ეს იმ ქვეყნებშია, სადაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ, არამედ ეს თარიღი სადღაც კიდეშია მიკუჭული.  რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თვით კათოლიკოს-პატრიარქი ახალ წელს პერსონალური მიმართვით გვილოცავს, მაშინ როცა შობის საზეიმო წირვისას მხოლოდ მისი ეპისტოლე იკითხება. საბოლოოდ, შობის თარიღი არაა გადამწყვეტი. მთავარია, უფალი განკაცდა და გვაუწყა, რაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრების არსი. ეს უკვე არის  სიხარულის მიზეზი. ყველას გისურვებთ, ჩვენს გულებშიც დაიბადოს ქრისტე. გილოცავთ დამდეგ ქრისტესშობას!

ავტორი: ეკა კუხალაშვილი