ბასილ კობახიძე - პატრიარქი საზოგადოების ერთ ფენას მტრად აცხადებს, რითაც მათ სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აყენებს
შობის წინა დღეებში დედა პარასკევას გამოცხადების საფუძველზე ათასობით ადამიანი დაიძრა მცხეთაში, წმინდანად მიჩნეული მამა გაბრიელის საფლავზე. გამოცხადების თანახმად წმინდანს მხოლოდ შობამდე შეეძლო 2 სურვილის ასრულება. სასწაულის მოიმედე და სურვილების ახდენის მოსურნეებმაც არ დააყოვნეს და ეწვივნენ მონაზვნის რწმუნებით „ოცნებების ახდენის“ ადგილს.
შობის დღესვე, საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაცხადდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერისა და ზოგადად საპატრიარქოს დამოკიდებულება სუროგატი დედების მიერ თუ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვების, ასევე უმცირესობების, ქალების, სეკულარიზმის, პოსტმოდერნიზმის და ა.შ. მიმართ. აღნიშნულმა „დამოკიდებულებამ“ ხშირ შემთხვევაში საზოგადოების აღშფოთება და ცხარე კამათი გამოიწვია.
რას ერჩიან საპატრიარქოში ბავშვებს, უმცირესობებს, ქალებს? რა იწვევს სასწაულებისა და „სასწაულმოქმედების“ მიმართ ასეთ აღტკინებას? რამ შეუქმნა საფუძველი ამ ადამიანების ამგვარ ქცევას? რამდენად ჩნდება იმის რეალური საშიშროება, რომ ანდედა პარასკევას ან სხვა რელიგიური ავტორიტეტული პირის მისტიკურმა გამოცხადებებმა სხვა ფორმა და შინაარსი შეიძინოს?რამდენად ჩანს იმის პოტენციალი და წინაპირობა მორწმუნე თუ ნაკლებად მორწმუნე მრევლში,რომ რელიგიური ლიდერებიდან მოწოდებულ ყველანაირ აბსურდს დაიჯერებს და განახორციელებს?
აღნიშნულ საკითხებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია თეოლოგი ბასილ კობახიძე.
-მართლაც მხოლოდ ბნელი მონაზონის, დედა პარასკევას მოწოდებით
უამრავი ადამიანი არ მიაწყდებოდა ბერი გაბრიელის საფლავს. ეს კულტი შექმნა კათოლიკოს-
პატრიარქმა ილია მეორემ და მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ. რამდენიმე ხნის წინ საპატრიარქომ
ბერი გაბრიელი ოფიციალურად შერაცხა წმინდანად, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არცერთი სხვა
წმინდანის მიმართ არ არსებობს ამგვარი რელიგიური ისტერია. თვითონ ბერი გაბრიელი ჩემი
აზრით, რბილად რომ ვთქვა, იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი პრობლემებით. მისი
კულტის შექმნა მისივე სიცოცხლეში დაიწყო 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ამ პროცესს
მაშინ მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი და მისი სულიერი შვილები ჩაუდგნენ სათავეში, რომელთაგან
რამდენიმე დღეს ეპისკოპოსია, ხოლო დანარჩენები მონასტრების წინამძღვრები და მღვდლები.
შეითხზა უამრავი ლეგენდა და ზღაპარი ბერი გაბრიელის „სიბრძნისა“ და სასწაულების შესახებ.
სამღვდელოება ამ ზღაპრებს აქტიურად ავრცელებდა და ავრცელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბერი გაბრიელის კულტი არის იმ ფსევდოქრისტიანული ფოლკლორის კლასიკური ნიმუში, რომელმაც
სრულიად ჩაანაცვლა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება.
მცხეთაში მიმდინარე პროცესებში ჩვენ დავინახეთ მართლმადიდებელი
სამღვდელოების მიერ ადამიანების ინდოქტრინების შედეგი. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური
და პოლიტიკური სიტუაციის გამო მრავალ ადამიანს ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული.ამ
სიტუაციას მოხერხებულად იყენებენ ჩვენი მამაოები და ადამიანებით მანიპულირებენ. რამდენიმე
ვითომ პროგრესული მღვდლის მიერ მცხეთაში მისული ხალხის დაცინვის შესახებ უკვე ბევრი
ითქვა. ამ სასულიერო პირებს ერთის მხრივ მოაზროვნეებად მოაქვთ თავი და მეორეს მხრივ
ერთგულად ემსახურებიან იმ ეკლესიას, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო თავისი მრევლი. ჩემდა
სამწუხაროდ, ვნახე ცნობილი ქართველი თეოლოგის სიტყვები იმის შესახებ, რომ ბერი გაბრიელის
საფლავზე მისულ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ ბრბო უნდა ვუწოდოთ. ეს თეოლოგი ძალიან ცდება
თუ ეყრდნობა მაცხოვრის სიტყვებს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს“ (მათე, 16, 4), რადგან ამ სიტყვებით იესო ქრისტემ
მიმართა ფარისევლებს და სადუკევლებს, რომელთაც მისი ხაფანგში გაბმა უნდოდათ. ხოლო
ფარისევლების და სადუკევლების პირდაპირი მემკვიდრეები საქართველოში სწორედ
მართლმადიდებელი სამღვდელოებაა, მათ შორის კი ზემოთ აღნიშნული ვითომ პროგრესული
მამაოები.
სამწუხაროდ იმის
გამო, რომ ჩვენი წარსული თუ ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კლასის, მედიის,
ბიზნესის და ა. შ. ხელშეწყობით საპატრიარქომ მოიპოვა ისეთი უზარმაზარი
ირაციონალური გავლენა საზოგადოებაზე, რომ მას მართლა შეუძლია მრავალი ადამიანი
გადააქციოს ბრბოდ, როგორც ეს მოხდა 17 მაისს და გამოიყენოს თავისი ქრისტიანობით
შეფუთული, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკური თუ
ეკონომიკური მიზნებისათვის.
-საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი უმცირესობებსაც შეეხო და მათი უფლებების დაცვა ცუდ ტენდენციად მიიჩნია. რატომ ხდება საკმაოდ ხშირად საპატრიარქოს სამიზნე უმცირესობები, მოწყვლადი ჯგუფები, სუსტები, ნაკლებად დაცულები? რატომ არ უპირისპირდებიან საპატრიარქოში ძლიერთ?
-პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქი თავის
საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეებში თავს ესხმის უმცირესობებს. საქართველოში ეკლესია
არის არა ქრისტიანული, არამედ უზარმაზარი იდეოლოგიური ინსტიტუცია, რომელიც ცდილობს
თავისი ჰეგემონია დაამყაროს საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე. ამიტომაც უტევს
პატრიარქი წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში უმცირესობებთან ერთად სახელმწიფოს სეკულარულობის,
ანუ საეროობის პრინციპს. საერთოდ ჩვენი ეკლესიის მთელი ქადაგება, რომელიც სინამდვილეში
იდეოლოგიური პროპაგანდაა, მიმართულია რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესოებების
წინააღმდეგ და როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ქალებს და ბავშვებსაც გადაწვდნენ. პატრიარქი
საზოგადოების ერთ ფენას ან ადამიანების ჯგუფს აცხადებს ღმერთისა და სამშობლოს მტრად,
რითაც მისი უზარმაზარი გავლენის გათვალისწინებით, სასიკვდილო საფრთხის ქვეშ აყენებს
მათ. ასეთი აგრესიულობით ეკლესია ცდილობს მთლიანად გაწმინდოს საჯარო სივრცე მისთვის
არასასურველი ადამიანებისაგან და სრული იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოაქციოს საზოგადოება.
საპატრიარქოს იდეოლოგია არის რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობა. ამიტომაც ის სიხარულით
იყენებს კრემლის პროპაგანდისტულ კლიშეებს, მაგალითად გარყვნილ ევროპაზე, რომელსაც სექსუალური
უმცირესობები მართავენ და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შედეგად ჩვენც ეს უმცირესობები
დაგვაჯდებიან თავზე, ხოლო საზიზღარი ამერიკელები ყველა ადამიანს კანქვეშ ჩიპებს ჩაუდგამენ,
რითაც აღასრულებენ ანტიქრისტეს საქმეს. სწორედ ამიტომაც არაფერი ისმის საპატრიარქოსაგან
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. არ ისმის მისგან აგრეთვე ამა ქვეყნის ძლიერთა კრიტიკა,
რადგან სწორედ მათგან იღებს ჩვენი სამღვდელოება იმ ფინანსურ რესურსებს, რომელთა წყალობითაც
ფუფუნებაში ცხოვრობს.
-მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი მოუნათლავ ბავშვებს ჯოჯოხეთში გზავნის. სუროგატი დედების მიერ გაჩენილთ ან ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულთ პატრიარქი თავის წლევვანდელ საშობაო ეპისტოლეში ძალიან რთულ ხვედრს უქადის. მანამდე შიმშილით გარდაცვლილ ჩვილს გოგიტა აბაშიძის მუსულმანობას საგანგებოდ უსვამს ხაზს... მაინც რას ერჩიან ბავშვებს ქართველი სასულიერო იერარქები?
-დიახ, ჩვენს საზოგადოებას დაავიწყდა, რომ 2000 წლის
14 დეკემბერს საქართველოს ეკლესიამ მიიღო დადგენილება, რომ დედის მუცელში გარდაცვლილი
ან დაბადებული, მაგრამ მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები მიდიან პირდაპირ ჯოჯოხეთში
სატანასთან. მაშინ არც მრევლმა გააპროტესტა, თუმცა ჩვენი მრევლის მხრიდან ეს საკვირველიც
იქნებოდა და არც საზოგადოებამ. დღეს კი პატრიარქი უკვე ხელოვნური განაყოფიერების შედეგად
და სუროგატი დედებისაგან შობილი ბავშვების დემონიზირებას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს,
რომ დღევანდელ საქართველოში თუკი პატრიარქი რაიმეს მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა საზოგადოების
მიერ ჩვეულებრივად არ აღიქმება. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქის მხარდაჭერილი საკრალურ,
ღვთაებრივ განზომილებას იძენს, რადგან რასაც პატრიარქი მხარს უჭერს, ჩვენი ხალხის აზრით,
იმას ღმერთიც უჭერს მხარს. სამაგიეროდ, პატრიარქის დაგმობაც ჩვეულებრივი დაგმობა არ
არის, არამედ ღმერთიც გმობს ამას, ხოლო ღმერთის დაგმობილი სატანის ლუკმაა. სწორედ ასეთებად
გამოაცხადა ბავშვები ჩვენი ერის სულიერმა მამამ.
უდიდესი პრობლემაა ხელისუფლების სერვილიზმი პატრიარქის
მიმართ. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ილია მეორის ამ ობსკურანტულ ეპისტოლეს „ღრმა
და შინაარსობრივად დატვირთული“ უწოდა. ეპისტოლემ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგენკოს
ქებაც დაიმსახურა, მაშინ როდესაც სწორედ ამ მინისტრის პირდაპირი მოვალეობა იყო მისი
გაკრიტიკება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის განსაკუთრებით გულისამრევი იყო
სოზარ სუბარის სამარცხვინო განცხადება. მან, როგორც სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულმა
და წარსულში საპატრიარქოს რადიკალურმა კრიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის ჩვენს ეკლესიაში
დასადგურებული სიბნელის შესახებ.
პატრიარქის ეპისტოლეში განხილული საკითხები
მთლიანად აღებულია რუსეთის ეკლესიის დადგენილებებიდან და რუსი პოლიტოლოგების ტექსტებიდან.
მაგალითად 25 დეკემბერს რუსეთის ეკლესიის სინოდმა მიიღო დადგენილება, რომ სუროგატული დედების ბავშვებს არ მონათლავენ,
სანამ მშობლები არ მოინანიებენ რომ ამ მეთოდს მიმართეს,
ხოლო ნათლიები არ დაგმობენ მშობლების ასეთ საქციელს.
საინტერესოა, რომ წლევანდელი საშობაო ეპისტოლე სტილით,
მაგრამ არა შინაარსით, საკმაოდ განსხვავდება პატრიარქის წინა წლების ეპისტოლეებისაგან.
მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელ ტექსტში გამოყენებულია ისეთი
ტერმინები და გამოთქმები, რომლებიც აბსოლუტურად უჩვეულოა ილია მეორისათვის. მაგალითად
„მეგა-გამოწვევები“, „სოფიზმი“, სრულიად ბრიყვული მაგალითი ყვითელ და იასამნისფერ ნაძვებზე
და ა.შ. აგრეთვე პატრიარქი ამდენ ძახილის ნიშანს არასოდეს ხმარობდა. ამიტომ შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა უფრო წინა პლანზე წამოწია ეკლესიის „ინტელექტუალთა“ ჯგუფი
ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც დაუწერეს ეს ტექსტი ჩვენს
სულიერ ლიდერს. სამედიცინო საკითხები ალბათ საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის
თავჯდომარემ, მედიცინის მედნიერებათა დოქტორმა არქიმანდრიტმა
ადამ ახალაძემ მოამზადა საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესურასთან
ერთად. პოსტმოდერნიზმზე სისულელეების ამოწერა რუსული ვიკიპედიიდან თუ კრემლის პოლიტოლოგების
ნაშრომებიდან ალბათ საპატრიარქოსვე ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის
მამულიშვილ პროფესურას დაავალეს გიორგი ანდრიაძის და სერგო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით.
ეპისტოლეს აგრესიულობით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ეკლესიის „ინტელექტუალები“ იდეოლოგიურ
მოიერიშე დივიზიად ჩამოყალიბდნენ.
-თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო წლებში საპატრიარქოს მიერ გადადგმული სწორი და ქრისტიანულად, თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები? საპატრიარქოს კეთილ საქმეებსაც რომ შევეხოთ - რაიმე თუ გახსენდებათ ამ მიმართულებით?
-შემიძლია, როგორ არ შემიძლია. ბოლო წლების საპატარიარქოს
მიერ გადადგმულ სწორ, ქრისტიანულად და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის საოკუპაციო ჯარების მეთაურ
გენერალ ბორისოვისათვის ქართველი ეპისკოპოსების მიერ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატის მირთმევა, რადგან მიმაჩნია, რომ ამით გენერალ ბორისოვს გაეხსნა სულიერი ხედვა
და მკაფიოდ დაინახა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ღვთაებრივი სიდიადე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი